გაისად, თებერვალში მინსკი ამ სტილის მოჭიდავეთა მსოფლიოს თასს უმასპინძლებს, სადაც ჩვენები ვერ მოხვდნენ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ექვსეულში ვერ შევიდნენ. ვინაიდან ის გუნდური შეჯიბრებაა, მასპინძლები ახლანდელ შეჯიბრებას სარეპეტეციოდ იყენებენ და ამასაც გუნდური პრინციპით ატარებენ. ცხადია, ამან გავლენა ჩვენი გუნდის შემადგენლობაზეც მოახდინა - აქ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. თავისი კვალი ტრავმებმა თუ რიგმა ტაქტიკურმა მიზეზებმაც დაატყო და გუნდის თავკაც ბეგი დარჩიას
ჩვენი ნაკრებისთვის ეს პირველი მოსამზადებელი შეჯიბრებაა საგაისო სეზონისთვის, მაგრამ არა მთავარი. ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი მაინც საქართველოს ჩემპიონატია, რომელიც 22-24 დეკემბერს გაიმართება თბილისში. ამიტომ ახლა ყველას ყურადღებაზე მასზეა გადატანილი და დარჩიას რამდენიმე ლიდერი ამ მიზეზით დააკლდა - იმ ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად ეს შეჯიბრება გამოტოვეს. მაგალითად, შარშანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, ქუთაისელ გიორგი ცირეკიძეს (74) წონა აქვს დასაკლები და ამიტომ არ მიდის - ზედა წონაში ჭიდაობას აზრი არ აქვს, ახლა რომ დაიკლოს, ერთ თვეში იგივეს გაკეთება საქართველოს პირველობაზეც მოუწევს, ეს კი ორგანიზმისთვის გაუმართლებელი დატვირთვა იქნება. მწვრთნელს ტრავმების გამო დააკლდნენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (60) და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74), ხოლო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რამაზ ნოზაძე (96) გაციებული იყო და ვარჯიშს ახლახან შეუდგა.
მთლიანობაში, დარჩია მაინც ძველებს დაეყრდნო. მართალია, ამათში რამდენიმემ პირველად მხოლოდ შარშან იჭიდავა ეროვნულ ნაკრებში (გეგეშიძემ, ჯაბიძემ), მაგრამ გამოცდილება მაინც გააჩნიათ, დებიუტანტი კი არავინაა. არადა, ბოლო წლების წარუმატებლობის შემდეგ ახალი სახეების გამოჩენას ველოდით... მით უფრო, შარშან ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ფალავანმა კარგად იჭიდავა - ვალერი იმერლიშვილი (96) ევროპის ჩემპიონი გახდა, თორნიკე მახარაძემ (50) და საჩინო დავიათაიამ (66) ვერცხლი მოიპოვეს, არსენ კახაბრიშვილი (84) კი მსოფლიოზე გავიდა მესამეზე. თუმცა მედლები ერთია, და რამდენიმე მათგანის ჭიდაობა ნამდვილად დამაიმედებელი იყო. ეტყობა, ისინი ჯერ მაინც ვერ არიან იმ დონეზე, მწვრთნელმა ამხელა ტვირთი აჰკიდოს, მაგრამ წლეულს იმერლიშვილმა და კახაბრიშვილმა უფროსთა ტურნირებშიც კარგად იჭიდავეს - იმერლიშვილი გივი კარტოზიას სახელობის `ოქროს დიდი პრიზის~ ვიცე-ჩემპიონი გახდა (ფინალი უზბეკეთის სახელით მოჭიდავე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ დავით სალდაძესთან წააგო), კახაბრიშვილმა კი სულაც უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავა. იმედია, ახალი თაობა თავის სიტყვას ქვეყნის პირველობაზე იტყვის, თორემ ნაკრებში ახალი სისხლის აუცილებლობა აშკარაა. არ ვამბობთ, რომ ძველებმა თავი ამოწურეს და მეტი აღარ შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია - ბოლო ორი წელიწადია, არც ევროპაზე და არც მსოფლიოზე ჩემპიონი არ გვყავს. თუმცა, საუბედუროდ, ეს არა მხოლოდ ამ ნაკრების, არამედ `თავისუფალთა~ და ძიუდოისტთა გუნდების სენადაც იქცა. ამიტომ მხოლოდ ბერძენ-რომაელებს ვერ დავადანაშაულებთ.
საქართველოს ჩემპიონატი იქნება მთავარი შესარჩევი შეჯიბრება საგაისო სეზონისთვის, უფრო კონკრეტულად კი - ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 29 მარტს გერმანულ დორტმუნდში დაიწყება და 3 აპრილს დამთავრდება. საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, წლეულს შედარებით ადრე ტარდება და ამიტომაც გადმოიწია საქართველოს ჩემპიონატმა, რომელიც წინა წლებში იანვარში იმართებოდა.
რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვითაც ვარჯიშობენ. ერთადერთი, ფეხის მცირე ტრავმა მხოლოდ ჯაბიძეს აწუხებს, მაგრამ საშიში მდგომარეობა არაა - იქ წასვლამდე ყველაფერი გამოსწორდება. ნაკრები მინსკში 24 ნოემბერს გაფრინდება. ესაა კომერციული ტურნირი, სადაც გამარჯვებულის ჯილდო 60 ათასი დოლარია. სავარაუდოდ, ამან მონაწილეთა შემადგენლობაზეც უნდა იქონიოს გავლენა და ძლიერი შეჯიბრება უნდა გაიმართოს, რაც მონაწილეებს სასიკეთოდ წაადგებათ. ოფიციალურ საიტზე დასახელებულია - ბელარუსი, საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ყაზახეთი, საფრანგეთი, პოლონეთი და აშშ, თუმცა ჩვენს ფედერაციაში ცოტა განსხვავებული სია იციან: ბელარუსი, საქართველო, რუსეთი, აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და, სავარაუდოდ, საფრანგეთიც. ოფიციალური საიტის სია წინასწარ განაცხადებს ემყარება, რაც ხშირად იცვლება, ფედერაციის მონაცემები კი ბელარუს კოლეგებთან პირდაპირ კონტაქტებს ემყარება. ამიტომ ეს მეორე ვარიანტი უფრო სარწმუნო გვგონია, თუმცა კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ნებისმიერ ვარიანტში რომ ძლიერი შეჯიბრება იქნება, ცხადია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"