- ალბათ, კითხვაც არ უნდა - თქვენი გუნდის გამოსვლით კმაყოფილი იქნებით...
- ცხადია, კმაყოფილი ვარ და შეფასებაც მხოლოდ დადებითია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელებს - ზაზა სილაგაძესა და ვილიამ ხარაზოვს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ წარმატებაში. ისინი ექვსი-შვიდი თვე თავდაუზოგავად მედგნენ გვერდში და მაქსიმუმს აკეთებდნენ ამ ბიჭების მოსამზადებლად.
ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ძალზე შეკრული გუნდი იყო და ბულგარეთში გამარჯვებაც ამან განაპირობა. ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მესამე გუნდური პირველობაა - 2000 და 2004 წლებშიც გავხდით კონტინენტის ჩემპიონები. ახლა რომ ვუკვირდები, ყოველთვის ასე შეკრული, მეგობრული გუნდი იყო და აკი წარმატებებიც მოიპოვეს. ერთ მაგალითს გეტყვით - საჩინო დავითაია ცოტა თავისებური ბიჭია - მშრომელი, თავდაუზოგავად მოვარჯიშე, მაგრამ ცოტა მორიდებულია, თითქოს უჭირდა სხვებთან კონტაქტი, თუმცა ცალკე მასთან, ცალკე გუნდის წევრებთან საუბარმა შედეგი გამოიღო, ბიჭებმა მოახერხეს მისი დაახლოება, ისიც დაუმეგობრდა სხვებს და შედეგიც მოვიდა. არადა, ალალად ვიტყვი - არც ველოდებოდით მისგან ამას. მას წონის პრობლემა არ აწუხებს, თან ძალზე მონდომებულია და სულ ვფიქრობდი, რომ შედეგი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ახლა არ ველოდი. თუმცა ის ფინალიც წაართვეს აზერბაიჯანელ რასულ ჩუნაევთან. ისიც ძლიერი მეტოქეა და საჩინომ პირველი პერიოდი ნამდვილად წააგო. შესვენებაზე რომ გამოვიდა, შემომხედა და მტკიცე ხმით მითხრა, მაინც მოვუგებო. აქ პირველ შეხვედრასაც გავიხსენებ ლატვიელ ეივიდას სეკუსთან, რომელიც სათანადოდ არ შევაფასეთ და გაუჭირდა. საკმაოდ მკაცრად დაველაპარაკე და ვუთხარი, ლატვიელთან წაგება არ გვეკადრება-მეთქი... იმის შემდეგ წაგების საფრთხის წინაშე არც დამდგარა აზერბაიჯანელთან იმ პირველ პერიოდამდე და მაშინაც აქეთ დამამშვიდა. მართლაც, შევიდა ლეიბზე და მეორე სეტი 2:0 მოუგო. დაიწყო მესამე და იგებდა 1:0-ს. ამ დროს მეტოქე ზემოდან შეახტა და თან ფეხი ჩაუხვია, რომ არ გადაეგდო. სამაგიეროდ, ამან წინ ჩაჩეხა და თან გადაატრიალა, რის გამოც სამი ქულა მიიღო, მაგრამ შვეიცარიელ მსაჯ მარიანა ნობსის ინიციატივით, შეხვედრა შეაჩერეს და ის სამი ქულა გაუუქმეს, რადგან ფეხის ჩახვევა ამას დააბრალეს. შეხვედრაში ძველი ანგარიში კი დარჩა - 1:0 დავითაიას სასარგებლოდ, მაგრამ ამ მომენტმა ფსიქოლიგიურად იმოქმედა, დაიბნა და როგორც კი შეხვედრა განახლდა, მაშინვე დაკარგა დასანანი ქულები...
- ყველაზე მეტად ვისი გეიმედებოდათ, ვინ იყო მწვრთნელთა ფავორიტი?
- იმერლიშვილისგან წარმატებას ნამდვილად ველოდებოდით, რადგან უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. მან შარშანწინ ჩვენს ნაკრებში მსოფლიოც იჭიდავა და ევროპაც. ამიტომ ველოდებოდი შედეგს და გაამართლა კიდეც.
წარმატებას ასევე ველოდებოდი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქემალ ხარაბაძისგანაც, მაგრამ მისით უკმაყოფილო დავრჩი და მსოფლიოს პირველობაზე ვცვლი კიდეც - გოგა გოგიბერაშვილს ვაყენებ. ხარაბაძე ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ რატომღაც ჩქარობს კარიერის აწყობას. შარშან საწვრთნელი პროცესი მიატოვა და გერმანიაში, კლუბში წავიდა საჭიდაოდ, რაც ახალგაზრდა და ჭაბუკი მოჭიდავეებისთვის გამართლებულად არ მიმაჩნია. ასე უკვე ზრდასრული მოჭიდავე შეიძლება მოიქცეს და არა დამწყები. ის ჯერ პატარაა და ადრეა ეს მისთვის. ამის შესახებ ვაფრთხილებდი კიდეც, მაგრამ არ დაიჯერა, თუმცა აუხდა ჩემი სიტყვები.
- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სხვა ცვლილებებიც ხომ არ მოხდება გუნდში?
- ცვლილებები იქნება. მაგალითად, მძიმე წონაში შოთა გოგისვანიძეს მისივე ძმა, ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონი სერგო გოგისვანიძე შეცვლის. 50 კილოგრამში საერთოდ არ გვეყოლება მონაწილე - მახარაძე წონას არ იკლებს და არც ვაძალებ, რომ არ გადავწვა. ის, ალბათ, წონასაც შეიცვლის, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, რადგან პერსპექტიული ბიჭია. ამ წონაში სხვა არავინ გვყავს - აქ საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკთა ნაკრების წევრმა მოიგო, მაგრამ მაშინ მახარაძეში პერსპექტივა დავინახეთ და აქცენტი მაინც მასზე გავაკეთეთ. ამ შვიდთვიანმა შრომამ გაამართლა კიდეც, თუმცა ახლა წონის დაკლებას არ ვაძალებ. სხვა წონებში ისევ იგივენი იჭიდავებენ - მინდია წულუკიძე (55), დავითაია (66), უშანგი ჩიტიაშვილი (74), არსენ კახაბრიშვილი (84) და იმერლიშვილი (96). ამათგან წულუკიძემ და კახაბრიშვილმა ახლაც მესამესთვის იჭიდავეს, მაგრამ წააგეს, თუმცა მსოფლიოზე მათი მაინც მეიმედება.
ისე, ახლა ამათი წაგებაც მსაჯების ბრალია - წულუკიძე პოლონელთან დამარცხდა, კახაბრიშვილი - შვეიცარიელთან, მათ კი მედლები არ ჰქონდათ და ეს იყო ბოლო შანსი. ტურნირის დასრულების შემდეგ ის ქალბატონი, მარიანა ნობსი მობრძანდა და მოგვიბოდიშა, თუმცა რაღა დროს!
მოგეხსენებათ, გაისად მსოფლიოს ჩემპიონატს ჩვენ ვუმასპინძლებთ და ეს ცვლილებებიც იმ ტურნირისთვის მზადებას ისახავს მიზნად. ბევრ წონაში თაობათა ცვლა მოხდება და მინდა, ბიჭებმა გამოცდილება მიიღონ, რათა იმ ტურნირს რაც მეტი გამოცდილებით შეხვდნენ.