იქნებ დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გასამართ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლას ახალზელანდიელი... უსინათლო ფალავანი - კლინტონ დევისიც აპირებს.
პარალიმპური სპორტული თამაშები, რაც უნარშეზღუდულთათვისაა განკუთვნილი, არ გვიკვირს და მათთვის ოლიმპიადაც კი ტარდება საგანგებოდ, მაგრამ დევისი პაექრობას და გაჯიბრებას სრულიად ჯანმრთელ ფალავნებთან აპირებს და ამ ამბის განსაკუთრებულობაც ამაშია.
კიდევ უფრო გასაოცარია, რომ მას საამისო გამოცდილება უკვე გააჩნია -
მართალია, იქ არც ბევრი მეტოქე ჰყავდა და არც ძლიერი კონკურენტები, მაგრამ მის მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის თუნდაც 45 მოწინააღმდეგესთან გამარჯვება დიდი ამბავია. თან გავითვალისწინოთ, რომ დევისი საერთოდ ვერ ხედავს - ვერ რეაგირებს სინათლეზე და ვერც სახესთან მიტანილ საკუთარ ხელს არჩევს.
დევისი 2 წლისა იყო, როცა ერთი შეხედვით ბანალურ ვითარებაში უბედურება დაატყდა თავს - მის ორგანიზმში საბედისწერო ალერგია გამოიწვია ჩვენში ადრე ასე ფართოდ გავრცელებულმა წამალმა პენიცილინმა. ბავშვმა მხედველობა სრულად დაკარგა, ექიმების ყველა მცდელობა კი ამაო გამოდგა...
დევისების ოჯახი ბედს შეურიგდა, თუმცა პატარა კლინტონი ყველანაირად ცდილობდა საზოგადოებაში ადაპტაციას და აღწევდა კიდეც მიზანს. ამაში განსაკუთრებით ის ნაბიჯი დაეხმარა, რომელიც უფროსი ძმის დახმარებით გადადგა - 14 წლისა იყო, როცა მოჭიდავე ძმამ დარბაზში წაიყვანა სავარჯიშოდ, რომელიც იმ დღიდან მისი მეორე სახლი გახდა...
კლინტონ დევისი ზელანდიის პატარა ქალაქ ფეზერსტონში ცხოვრობს, სადაც დღეს ბავშვებსაც ავარჯიშებს. ის ორივე საჭიდაო სტილში გამოდის, თუმცა უფრო ბერძნულ-რომაულისკენ იხრება და ზემოაღნიშნული წარმატებებიც ამ სტილის ჭიდაობაში მოიპოვა, 74 კილოგრამში. მსოფლიოს პირველობაზეც ამ სახეობაში აპირებს გამოსვლას.
სიმართლე გითხრათ, თავიდან მეც გამიჭირდა მისი სპორტსმენობის დაჯერება და ოკეანიის წლევანდელი პირველობის მონაცემები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე გადავამოწმე - ყველაფერი მართალი აღმოჩნდა. მეტიც - ინტერნეტში ვიდეოც გავრცელდა, როგორ ვარჯიშობს დევისი.
შეუძლებელია, არ მოგხიბლოთ მისმა შეუპოვრობამ და სიცოცხლის უნარმა, იმდენად დახვეწილ ილეთებს აკეთებს.
შეიძლება ითქვას, დევისი ფაზერსტონის სიამაყე და სიმბოლოა. როგორც კი მისი მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლის სურვილის შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მთელი ფაზერსტონი ფეხზე დადგა - მოსახლეობამ ფულის შეგროვების კამპანია დაიწყო, რათა დაეფინანსებინათ მოჭიდავის უნგრეთში გამგზავრება, იქ ცხოვრება და ტურნირში მონაწილეობა, რასაც 8600 დოლარი სჭირდება.
ფაზერსტონელებმა გადაწყვიტეს, მას გაისად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებაშიც დაეხმარონ და იქ გასამართ კეთილი ნების თამაშებში მისი მონაწილეობაც დააფინანსონ.
სამწუხაროდ, კლინტონ დევისის მდგომარეობაში საქართველოშიც ბევრი ადამიანი იმყოფება. იმედია, შეუპოვარი ახალზელანდიელის ისტორია მათ საზოგადოებაში ადაპტაციის, აქტიურობის სურვილს გაუძლიერებს, ანუ ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევაში დაეხმარება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"