ახლა კი ახალი სკანდალის წინაშე იქაური ჭიდაობის ფედერაცია დადგა - შესაძლოა, მოლდოვური გუნდები 16 სექტემბერს ბუდაპეშტში დასაწყები მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთონ, თუ მანამდე საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესებულ 16 ათას დოლარს არ გადაიხდიან.
თურმე ნუ იტყვით და ამ თანხით მოლდოვური ფედერაცია ფილას იმისთვის დაუჯარიმებია, რომ მსაჯი არ მიავლინა ახალგაზრდების
პრობლემის მოგვარებას მოლდოვური ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ პეიკოვი ცოტა არ იყოს და დამამცირებელი გზით შეეცადა - ფილას მესვეურთ რამდენჯერმე სთხოვა ჯარიმის მოხსნა, მოლდოვა ღარიბი ქვეყანაა და ამხელა თანხას ვერ გადავიხდითო!
ქვეყანა იქნება მართლაც არაა მდიდარი, მაგრამ ეს თანხაც ერთი მანქანის ფასია, ამას ხომ არ უნდა შეეწიროს მთელი ფედერაცია?
ისე, ეს მოლდოველებიც კაი ხვითოები ყოფილან. უთავბოლობით ჩვენ თუ ვინმე გაგვაკვირვებდა, არ მეგონა, მაგრამ ამათთან რა შედარებაა. ახლა არც მიკვირს, რატომ გადავიდნენ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ანატოლი გუიდეა (60) და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლაი პასლარი (66) ბულგარეთში (თუმცა მათ ეს ტიტულები ახალ სამშობლოში მოიპოვეს), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გენადი ტულბეა (55) - ჩერნოგორიაში.
ან კი რა გასაკვირია, ასეთი ქვეყნიდან ხალხი გარბოდეს?
გასაკვირი არც ისაა, ასეთი სპორტსმენების დაკარგვის შემდეგ მოლდოველებს დღეს ვარსკვლავები რომ არ ჰყავთ - მათგან ვერავის მივიჩნევთ ჩვენი მოჭიდავეების ძირითად კონკურენტად, თუმცა ორიოდე საყურადღებო ფალავანი კი მოეპოვებათ.
მაგალითად, ნიკოლაი ცებანი (96) თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის პრიზიორია, მარტში კი თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ამავე ნაკრების ორმა ახალგაზრდა წევრმა - ალექსანდრუ ჩირტოაკამ (55) და მიჰაილ სავამ (66) ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგეს და მეხუთეზე გავიდნენ.
ბევრად უფრო სუსტია მათი ბერძენ-რომაელთა ნაკრები. ერთი სიტყვით, მათი გამოკლებით ჩემპიონატს ბევრი არაფერი დააკლდება, მაგრამ თავად ჭიდაობისთვის კი მსგავსი პრეცედენტი ცუდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"