ამას წინათ ბატონმა რომანმა დემონსტრაციულად დატოვა ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
- ბატონო რომან, რა გეკისრებოდათ ჭიდაობის ფედერაციაში და რამ გაიძულათ, იქიდან წამოსულიყავით?
- მართალი გითხრათ, ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებდი, მაგრამ ხათრს ვერ გიტეხავთ, რაკი მთხოვეთ, გულახდილად ვისაუბროთო, დაე, ასე იყოს. შემომთავაზეს ფედერაციაში მისვლა და მონაწილეობა იმ
მე ფედერაციის პრეზიდენტიც ვიყავი, მაგრამ ძალიან ცუდ დროს, როცა ქვეყანა დაქცეული იყო, კუპონიზაციის პერიოდზე მოგახსენებთ, მაშინ არავინ იცოდა, ქვეყანა საით მიექანებოდა. სახელმწიფოს ჭიდაობის დარდი კი არა, მოსახლეობის გამოკვების საშუალება არ ჰქონდა. აი, ასეთ დროს ვიკისრე პრეზიდენტობა. მართალია, დიდი წარმატებები არ მქონია, ვერაფერს დავიბრალებ, მაგრამ, დამეთანხმებით, იმ დროს ეს შეუძლებელიც იყო. თუ რამ შედეგი მქონდა, ეს ადრინდელი, ჩემამდელი მუშაობის წყალობით იყო. ამიტომ, როცა არჩევნების მეორე პერიოდმა მოაღწია, ვინმესთვის უნდა გადამეცა პოსტი. მეორე არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა აღარ დამიყენებია და დავით გობეჯიშვილი გახდა პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, მასაც რთულ სიტუაციაში მოუხდა მუშაობა და ვერც მან დაატყო ხელი ჭიდაობას.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, კახა გეწაძემ მიმიწვია. მე იმიტომ მივედი ვიცე-პრეზიდენტად, რომ ვიფიქრე, სახელმწიფო გვერდში უდგას ამ კაცს, მასაც რაღაც რეფორმები აქვს ჩაფიქრებული და თუ რაიმე შემიძლია, ყველნაირად ხელს შევუწყობ და დავეხმარები-მეთქი. მაგრამ, მივედი თუ არა, დავინახე უსაქმურობა, არავინ არაფერს აკეთებდა.
პირველ რიგში, მოვითხოვე, საიდან დავიწყო, თქვენი აზრი მაინტერესებს-მეთქი. ვერ შეიკრიბა ფედერაცია ერთხელ, მეორედ, მესამედ. ვეღარ გავიგეთ, რა უნდათ ფედერაციის წევრებს, შეუძლიათ კი მუშაობა, იქნებ არ შეუძლიათ. არადა, პირველივე დღეს უნდა გარკვეულიყო, ფედერაციაში ვის რა ფუნქცია ევალა. არანაირი ამგვარი საუბარი არ შემდგარა და დავრჩი უფუნქციოდ.
მით უმეტეს, კაცი, რომელიც ძველ ფედერაციაში მუშაობდა, ხოლო ახალში არავის აურჩევია, ისევ მუშაობს და იგივე ფუნქცია დარჩა, რაც მანამდე ჰქონდა. მე კიდევ, ახალმოსული უფუნქციოდა ვარ.
- ვისზეა ლაპარაკი, არ იტყვით?
- არა, რატომ უნდა ვთქვა, იმ კაცს არაფერს ვერჩი, არ მინდა გული ვატკინო. თუ უნდა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს იქაურობა, მაგრამ მე თუ მიწვევ, გამითავისუფლე რა, ადგილი. ყველაფერმა ამან, ბუნებრივია, ჩემში უკმაყოფილება გამოიწვია. მე და სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარემ მერაბ ღუდუშაურმა გადავწყვიტეთ, ცალკე გველაპარაკა ფედერაციის პრეზიდენტთან. ვსხედვართ და ვსაუბრობთ. ამ დროს დაუკითხავად შემოდის პიროვნება და ისე, რომ არავინ არაფერს ეკითხება, იწყებს მტკიცებას, მე ხომ კარგი ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, ეს გავაკეთე, ის გავაკეთეო.
პრეზიდენტმა იმ კაცს არ უნდა უთხრა, ახლა ამის დრო არ არის, ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, საქმე მაქვს, ხალხი მოვიდა და სხვა საკითხს ვარკვევთო?
ეს კიდევ არაფერი. ამ დროს შემოდის მეორე პიროვნება, გალეწილი მთვრალი, და პრეზიდენტს ეუბნება, შენ გარდა არავის ვცნობ ჭიდაობაშიო. ესე იგი, რა გამოდის, დანარჩენი ყველა ფეხებზე მკიდიაო?! და ამას ვისმენთ პრეზიდენტი და მე, ვიცე-პრეზიდენტი. ამის მერე ჩემი დარჩენა იქნებოდა?! პრეზიდენტს ამას უბედავს და ვიცე-პრეზიდენტს უარესი მოუვა, არა?! ისე, მე რა უნდა გამიბედონ მაგ ლაწირაკებმა, იმ ღლაპებმა!
დავანებოთ ამას თავი. პრეზიდენტს ვეკითხები, ბატონო კახა, რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ ჭიდაობაში, რისთვის დაგვიძახე-მეთქი. იდექი ჩვენ გვერდზეო. კაცო, შემძულდა ეს სიტყვა! მნიშვნელობით შესანიშნავი სიტყვაა, მაგრამ შემჯავრდა! კარგი, ბატონო, გიდგავარ გვერდში, მაგრამ სადამდე უნდა ვიდგე, ეს ოხერი, დარჭობილი ხომ არა ვარ პალოსავით, მითხარი, რა გავაკეთო და გავაკეთებ, თუ არა და, მერე პასუხი მომთხოვე. არა, უბრალოდ, ჩვენ გვერზე იყავიო. ესე იგი, შირმა ხარო, რა!
ახლა გეკითხებით, ჭიდაობა რომ ჩავარდეს, ვის მოსთხოვენ პასუხს, გეწაძემ თვითონაც აღიარა პრესაში, ჭიდაობისა არაფერი ვიციო. რურუა იმიტომ მოვიყვანე, საქმე რომ ეკეთებინა, მე რომ ვიცოდე, რურუა რად მინდოდაო. გეთანხმებით, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ რომ მომიყვანე, ფუნქცია მომეცი, დამასაქმე, გაათავისუფლე ის კაცი, ვინც იყო ჩემამდე და დამავალე საქმე. საჩხუბრად ხომ არ მომიყვანე!
ერთი სიტყვით, ის გალეშილი კაცი შევატოვეთ ხელში და ვუთხარით, კარგად ბრძანდებოდეთო. ავდექით მე და ღუდუშაური და წამოვედით.
ამის შემდეგ ხმა არ ამომიღია, არც პრესაში მითქვამს რამედა არსად. ერთი კი ვიფიქრე, განცხადებას გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ იტყოდნენ, აი, ჩაგვიშვაო და ამიტომაც ვიყავი ჩემთვის.
არადა, ჭიდაობა გვეცლება ხელიდან. ეს დღეს კი არ დაწყებულა, მოდის ასე, ნელ-ნელა. ჩემი მოთხოვნა სულ სხვა არის. თქვენ ითხოვთ ჩემპიონს, მე ვითხოვ ჩემპიონებს! აი, ეს სხვაობაა ჩვენს შორის. ვინ მოგცა უფლება, პირველ ჩემპიონობაზე გაჩერდე! მეორედაც უნდა მოიგო და მესამედაც! მაგრამ ამას მომზადების მეთოდიკა სჭირდება, მცოდნე კაცი უნდა.
ეს არასოდეს არსად მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით, მეც არ ვიცი, ახლა რა დამემართა. ეტყობა, გაჩერება აღარ შეიძლება. კაცო, იმ სპორტსმენზე, მის აღზრდაზე უზარმაზარი ფული, შრომა ჩავდე, აურაცხელი ოფლი ვღვარე და შენ აჩერებ! რატომ მაქსიმუმს არ იღებ მისგან!
- ეს რომ უნდოდეთ, ხახალეიშვილსა და ცირეკიძეს ხელს არ შეუშლიდნენ.
- მწვრთნელმა თუ პასუხისმგებელმა მუშაკმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. განა მე არ შემემთხვა ასეთი რამ? 1967 წელს ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატზე. მწვრთნელებმა მითხრეს, წადი სასტუმროში, დაისვენე, დრო გაქვს, საღამოსთვის მოემზადეო. გავედი გარეთ, უნდა წავიდე და ჩემი გვარი არ მესმის?! რატომ ახსენეს ჩემი გვარი-მეთქი, ეჭვი შემეპარა, შემოვტრიალდი, ახლა სხვა ენაზე გავიგონე ჩემი გვარი (ინგლისურად და ფრანგულად აცხადებდნენ). გამოვიქეცი, ტრიბუნაზე ავვარდი, ვხედავ, ჩემი მოწინააღმდეგე ხალიჩაზე დგას, წამმზომი ჩართულია უკვე ხუთი წუთია. კისრისტეხით გამოვიქეცი, გადავიცვი და ასე მოუმზადებელი შევვარდი საჭიდაოდ, ფეხშიშველი, რომ წამმზომი გამეჩერებინა. ასე რომ, ასეთი ამბები ხდება და უნდა აიცილო თავიდან. ეს სპორტსმენების კი არა, მწვრთნელების შეცდომებია.
მაგრამ მეორეცაა. ზოგადად, შესაძლოა სპორტის რომელიმე სახეობაში იყოს ჩავარდნა, წარუმატებლობა, ჩვენ კი ამ წარუმატებლობას გადავტეხავთ ხოლმე ერთ პიროვნებაზე. არა, ხალხო, ეს არ არის ერთი წლის, თუნდაც კონკრეტული შემთხვევის შედეგი, ეს წლების შედეგია და ამაში ბრალი მიუძღვის ყველას, ვინც ამ საქმესთან უშუალოდ არის დაკავშირებული. ვინ მოგვცა იმის ფუფუნება, რომ თითზე ჩამოსათვლელ კადრებს ასე ჰაიჰარად მოვექცეთ, გვინდა, მოვხსნით, გვინდა, გავაგდებთ... ხელმძღვანელის როლი უმაღლესია, ხელმძღვანელმა უნდა ამუშაოს და სწორად ამუშავოს სპეციალისტი, მაგრამ სწორად რომ ამუშავო, საქმე უნდა გესმოდეს. შეიძლება კაცი სულ არ იყო სპორტსმენი, მაგრამ იყო ძალიან კარგი ხელმძღვანელი.
- ისეთი, როგორიც თავის დროზე გიორგი სიხარულიძე იყო...
- კი ბატონო, სიხარულიძე, რა, სპორტსმენი იყო? ესე იგი, მოთხოვნის უნარი უნდა გქონდეს, ალღო უნდა გქონდეს. წარუმატებელი მწვრთნელი ისე უნდა ამუშავო, რომ წარმატებას მიაღწიოს. არ გვყავს ასე დასაკარგი სპეციალისტები, დიდი ხელფასი მათ არა აქვთ და ყველა გარბის, ყველას უნდა ფულის შოვნა. ყველა მწვრთნელი ცოდოა, დაჩაგრულები არიან. არადა, თვალის ჩინივით უნდა მოუფრთხილდე. ვინ უნდა გააკეთოს საქმე, შემცვლელი გყავს თუ რა?! ხელმძღვანელი კარგი მეურნე უნდა იყო, სამართლიანი და კაცთმოყვარე, მტკიცე ადამიანი.
ერთი სიტყვით, მე მეტი და მეტი მინდა, სხვებს კი ეს არ აინტერესებთ. მე რა ვქნა, ბოდიში თქვენთან და, მაღადავებ თუ რა, იყავი ჩვენთან რა ლაპარაკია. ნაწყენი დავრჩი და არ დავდიოდი ფედერაციაში, არც მევალებოდა ყოველდღე და ყოველ კვირა იქ ყოფნა, ხელფასი კი არ მქონდა, თუ საქმე იყო, გამომიძახებდნენ. იმის შემდეგ არავის დავუძახივარ. ვიჯექი ჩემთვის და ველოდებოდი, იქნება ფედერაციის სხდომა და დამიძახებენ, მივალ და ჩემს სათქმელს ვეტყვი-მეთქი. ზუსტად დაემთხვა, მოსკოვის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაატარეს ფედერაციის სხდომა და დამიძახეს. თუ ამ შემთხვევაში გავიგონე ტელეფონის ზარი, ვითომ სხვა დროს ვერ გავიგონებდი?! ხომ დამაბრალეს, არ გვპასუხობდაო.
- მოსკოვში მიგიწვიეს მსოფლიო ჭიდაობის ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფილას-ორდენის გადმოსაცემად. თქვენ კი ფედერაციის გენერალურ მდივანს აბრალებთ, მან დამიმალა ეს მიწვევაო. როგორ გგონიათ, რატომ დაგიმალეს?
- საუბედუროდ, ყველაფერს ვერ ვიტყვი, რომ ვთქვა, მაშინვე ყველაფერს ნათელი მოეფინება, ასე რომ, მე კი ვიცი, მაგრამ...
- თქვენ ამბობთ, რომ ჭიდაობა დაქცეულია. რაში ხედავთ გამოსავალს?
- სპორტში რაც სახეობებია, ყველაფერს რომ მიხედოს საქართველომ, რესურსი არ ეყოფა. ფულიც რომ გქონდეს, სპორტის სახეობების კონცენტრირება უნდა მოხდეს. 80-მდე სახეობაა, მოსახლეობაც არ გეყოფა ამისთვის.
მასობრიობას რომ ვამბობთ, ეს სწორია. ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი, ენერგიული მოსახლეობა. ახლა დიდ სპორტზე არ ვლაპარაკობ. ფიზიკური აღზრდის საკითხი უპირველესია ქვეყანაში, რადგან ყოველგვარი განვითარება და პერსპექტივა დამყარებულია ფუძეზე. უამისოდ წარმოუდგენელია რამის გაკეთება. ფუძე კი საღი უნდა იყოს. ამას ბუნებაც გასწავლის. მაკარენკომ რომ თქვა, ბავშვის აღზრდა დაბადებიდან იწყებაო, მე უფრო დაბლა ჩამოვალ, მშობლების ქორწინებიდან იწყება. ქორწინებას აქვს თავისი შერჩევის კანონი. ტყუილი კი არ არის, დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. რატომ კითხულობდნენ გარიგების დროს, ბაბუა-ბებია ვინ ჰყავს, მშობლები ვინ არიანო. მომავალ თაობაზე ზრუნვა უპირველესად განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და თავდაცვის სამინისტროების საქმეა.
- ბატონო რომან, მივადექით მეტად საჭირბოროტო საკითხს. სკოლებში პირველივე კლასიდან ფიზკულტურის გაკვეთილის ნაცვლად შემოიღეს სპორტული გაკვეთილები. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- როცა მე პარლამენტში განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი ვიყავი, თავმჯდომარე ამაღლობელი იყო, განათლების მინისტრი კარტოზია. იმ პერიოდში დაისვა საკითხი, რომ განათლების პროგრამიდან ამოეღოთ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი. მართალია, ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ეს ერთი კაცის გადასაწყვეტი ხომ არ იყო. კარტოზიას რომ ვკითხე, რატომ იღებთ-მეთქი, მიპასუხა, ამერიკელები გვთავაზობენ ამასო. სიტყვა-სიტყვით მახსოვს. კი მაგრამ, თუ ამერიკელები გთავაზობენ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის ამოღებას, თქვენ ვერ დაუსაბუთეთ, რომ ეს არასწორია-მეთქი. როგორ უნდა დავუსაბუთოო. კაცო, ფიზაღზრდის გაკვეთილი სპორტსმენს კი არ ზრდის, ეს განტვირთვის საათია-მეთქი. ბავშვი სამი-ოთხი საათი რომ არის მერხთან მიჯაჭვული და თავდახრილი, ერთი საათი არ უნდა მივცეთ-მეთქი ხელის გაქნევის საშუალება?! ფიზკულტურას ნუ დაარქმევთ ამას, ეს არის მოწაფის განტვირთვისა და განმუხტვის საათი. ბავშვი წელში არ უნდა გაიმართოს?!
ნურავის ჰგონია, რომ ამ სპორტის გაკვეთილების შემოღებით დიდ სპორტსმენს მივიღებთ, ეს ჯანმრთელობისთვის, ძალის მოსაკრებად არის საჭირო. ასე რომ, ფიზიკური აღზრდის საკითხი უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის! ამაზე ფიქრი დასაწყებია და თუ ამას ეს მთავრობა ვერ მოახერხებს (ათასი პრობლემაა), ქაღალდზე მაინც დარჩეს, რომ დღეს თუ არა, ხვალ სერიოზულად მიეხედოს!
ბოლოს ერთსაც გეტყვით, არა ვარ ცალ კარში თამაშის მომხრე, ამიტომ მინდა, რომ მეორე მხარეც გამომეხმაუროს და გაგვაგებინონ, მათ რა არგუმენტები აქვთ ჩემ საწინააღმდეგოდ თუ თავის დასაცავად.
დავით ჭელიძე