გამარჯვების მადა მისნკში წარმატებით მოვიდა

AutoSharing Option
როგორც იცით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა გამოსვლა მინსკში, ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის ხსოვნის მემორიალზე. იქ ჩვენები წინა წლებშიც გამოდიოდნენ, მაგრამ ამჯერად თვით შეჯიბრება ჩატარდა შეცვლილი ფორმატით - გუნდური პრინციპით. ტურნირში ათი ნაკრები გამოდიოდა, ჩვენები კი უფრო ძლიერ ქვეჯგუფში მოხვდნენ რუსეთის, უკრაინის, აშშ-ს და მასპინძელთა მეორე გუნდებთან ერთად. როგორც გუშინ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გვითხრეს, კონკურენტები მინსკში ძირითადად უძლიერესი შემადგენლობებით ჩასულან.

მართალია, ზოგან იყო გადახალისებული და საექსპერიმენტო კადრები, მაგრამ ეს ის ხალხია, ვისაც გაისად ნაკრების ლიდერებად
მოიაზრებენ. მაგალითად, რუსთა ქართველ დამრიგებელ გოგი კოღუაშვილს არც ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ამბაკო ვაჩაძე წაუყვანია და არც სხვა ტიტულოვანი ფალავნები, მაგრამ ისიც განუცხადებია, რომ საგაისოდ გუნდის წევრებად იმათ მოიაზრებს, ვინც მინსკში აჭიდავა. სავარაუდოდ, ეს მუქარა ვაჩაძეს არ ეხება და კოღუაშვილი უფრო სხვებზეა ნაწყენი - ეტყობა, მასაც მობეზრდა გაზულუქებულ ვარსკვლავთა ფერება.

ჩვენებმა წინასწარ შეხვედრებში რუსეთი 4:3 დაამარცხეს, უკრაინა - 5:2, აშშ - 6:1, ნახევარფინალში კი ბელარუსთა მეორე გუნდს მშრალად მოუგეს - 7:0. ფინალში ბეგი დარჩიას შეგირდები ლაშა გოგიტაძისა (55) და რევაზ ლაშხის (60) გამარჯვებებით 2:0 დაწინაურდნენ მასპინძელთა მთავარ გუნდთან, მაგრამ მერე ყველა შეხვედრა წააგეს და 2:5 დამარცხდნენ. როგორც პრესკონფერენციაზე გვითხრეს, ფინალში ჩვენები კაცნაკლულნი ჭიდაობდნენ - ნახევარფინალში გენადი გოგიშვილს (74) ხელი უტკენია და არ გარისკეს. ტრავმა არაა იმდენად საშიში, გამაყუჩებლებით ვერ ეასპარეზა, მაგრამ რაკიღა საქართველოს ჩემპიონატი ახლოვდება (22-23 დეკემბერი), ამიტომ მოსალოდნელ გართულებებს მოერიდნენ და დაასვენეს.

პრესკონფერენციას ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი უძღვებოდა, რომელიც ნაკრებს მინსკშიც ახლდა. იქ მან თავისი თვალით ნახა ბიჭების ასპარეზობა და კმაყოფილია გუნდის გამოსვლით - შედეგითაც და ჭიდაობის ხარისხითაც. მისი თქმით, მოჭიდავეებს პროგრესი ეტყობოდათ. "გუნდი კარგად გამოვიდა და ბიჭებმაც დამაჯერებლად იჭიდავეს. კარგა ხანი არ მინახავს, როცა მთელი ნაკრები ასე კარგად ჭიდაობდა. მწვრთნელებიც კმაყოფილები დარჩნენ ამ ტურნირით" - განაცხადა ყაზარაშვილმა.

დამაიმედებელია ცალკეულ ფალავანთა გამოსვლის სტატისტიკაც. მაგალითად, ლაშხმა ხუთივე შეხვედრა მოიგო. ასევე ყველა ორთაბრძოლაში იმარჯვა გოგიშვილმაც, ოღონდ მან ერთით ნაკლები ჩაატარა - ოთხი. ხუთიდან მხოლოდ თითო შეხვედრა წააგეს ანტონ მამაგეიშვილმა (66) და გოგიტაძემ, ვლადიმერ გეგეშიძემ (84) და მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ სამ-სამი ბრძოლა მოიგეს, ახალგაზრდა მიხეილ ქაჯაიამ (96) - ორი. აღსანიშნავია, რომ ამათგან ოთხი ოთარ ტატიშვილის შეგირდია.

როგორც ხედავთ, ჩვენი გუნდიც გვარიანად იყო გადახალისებული. მაგალითად, ამ შვიდეულიდან მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე გოგიშვილს, მამაგეიშვილსა და ქაჯაიას არ უჭიდავიათ, თუმცა მოასპარეზეთაგან გეგეშიძეც პირველად გამოდიოდა. ყაზარაშვილი კმაყოფილი იმითაცაა, რომ რაკიღა გუნდური შეჯიბრება იყო, თითოეულ მოჭიდავეს ხუთ-ხუთი შეხვედრის გამართვა მოუწია ანუ საკმაოდ დიდი საშეჯიბრო პრაქტიკა მიიღეს. არადა, კაცი იქნებ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე წავიდეს, მაგრამ ერთი ორთაბრძოლის მეტი არ მოუწიოს. მინსკში ნაჩვენები ჭიდაობის ხარისხი განსაკუთრებით დამაიმედებელი ზედიზედ ჩაგდებული ორი სეზონის ფონზეა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩვენებს არსად უჭიდავიათ.

პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაურიც ესწრებოდა, რომელმაც მიულოცა სპორტსმენებს წარმატება და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ გუნდებს მორიგ წარუმატებლობას არავინ აპატიებს. "სამწვრთნელო შტაბს მივეცით კიდევ ერთი შანსი საიმისოდ, რომ 2011 წელი განსხვავებული და წარმატებული იყოს. მომავალი სეზონი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან სხვა დიდ შეჯიბრებებთან ერთად ლიცენზიების განაწილებაც იწყება. გვინდა, მოჭიდავეები სათანადოდ მოემზადონ და ისევ გავიხსენოთ უკვე დავიწყებული დიდი გამარჯვებების გემო. ყურადღების მოდუნებას და ვარჯიშებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას არავის ვაპატიებთ" - განაცხადა ნამგალაურმა.

მოგეხსენებათ, სპორტსმენებს ანაზღაურება სახელმწიფოს ხარჯზე ენიშნებათ, კრიტერიუმები კი მათ მიერ მოპოვებული წარმატებებიდან გამომდინარეობს - განსაზღვრულია, რამდენი დაენიშნოს საქართველოს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორებს. ნამგალაურის აზრით, ამან ქვეყნის ჩემპიონატს ლიდერები დაუბრუნა - თუ ისინი ადრინდელივით აარიდებენ თავს ეროვნულ ჩემპიონატში გამოსვლას, ვერც საჩემპიონო 500 ლარს მიიღებენ. ამით მწვრთნელებსაც გაუიოლდათ საქმე - ადრე სწორედ მათ მიერ წარდგენილი სიის საფუძველზე ენიშნებოდათ ხელფასები, რაც ყოველთვის იწვევდა უკმაყოფილებას, ახლა კი ამასთან არც მწვრთნელებს აქვთ შეხება და არც მათ მიმართაა შეგირდთა პრეტენზიები.

თუმცა ზოგჯერ იქმნება ექსტრემალური ვითარებაც - ვიღაც რეალურად იღებს ტრავმას და ამის გამო ეთიშება ქვეყნის პირველობას, ხელფასიც ავტომატურად ეხსნება. გუშინდელ შეხვედრაზე მოჭიდავეებმა ნამგალაურს ამ ლაფსუსის მოგვარებაც სთხოვეს - ეგებ გამოიძებნოს სარეზერვო ფონდი, რომელიც ასეთ ვითარებას გაითვალისწინებს და ტრავმით ისედაც დაზარალებულ ათლეტებს ფინანსურადაც არ აზარალებსო. ამას მხოლოდ ჩვენთვის არ ვითხოვთ, რადგან იგივე სპორტის ყველა სახეობაში შეიძლება მოხდესო, ესეც დაამატეს მოჭიდავეებმა თავიანთ ნათქვამს. ნამგალაურმა არათუ გაიზიარა მათი თხოვნა, განაცხადა, რომ ამ პრობლემას სამინისტროც ხედავს და უკვე ზრუნავენ სარეზერვო ფონდის შექმნაზე, ოღონდ დეტალები ჯერ მინისტრთანაა შესათანხმებელი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული