ბოლო წლებში რამაზ ნოზაძის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე
ცხადია, უარყოფითი ამბები მის ჯანმრთელობას უკავშირდება - წლიდან წლამდე ტრავმა ტრავმას ემატებოდა. ჯერ ერთი ხელი იტკინა, მერე - მეორე, ცოტა ხანში - მუხლი, მერე - წელის ტრავმა დაერთო და ასე თანდათან ეს ათლეტი ტრავმების მოარულ კრებულად იქცა. მ ოკლედ, დაითარსა და დაინავსა ამ წლებში. დაზიანებების უმეტესობა პირველხარისხოვან შეჯიბრებებში მიიღო, თუმცა ვარჯიშებზეც გვარიანად დაზარალებულა.
ბუნებრივია, სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა ნაკრებში და რამდენიმე პირველხარისხოვანი ტურნირებიც გამოტოვა. ბოლოს შარშან იჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა - წარუმატებლად, წლეულს კი არც ევროპაზე გამოსულა და არც - მსოფლიოზე.
საბედნიეროდ, უკვე ესეც წარსულში დარჩა - ნოზაძემ ორივე ხელზე ოპერაცია კიევში, ლინკოს ცნობილ კლინიკაში გაიკეთა და სრულად მოირჩინა. სარეაბილიტაციო პერიოდმაც კარგად ჩაიარა, კიდურების მოძრაობა თანდათან აღდგა და პრობლემა მოიხსნა. ვარჯიშებში აღარც მუხლის ტრავმა უშლის ხელს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე აწუხებს, წელის ტკივილია. თუმცა როგორც ტატიშვილმა გვითხრა, ეს არაა იმდენად საშიში, ვარჯიშში ხელი შეუშალოს. ესე ტრავმა რამდენიმე წლის წინათ მომხდარი ავარიის შემდეგ დამღად დარჩა.
თუმცა ნოზაძე სრული დატვირთვით ჯერ მაინც არ ემზადება. მას მწვრთნელებმა და ექიმებმა ვარჯიშის საგანგებო გეგმა შეუდგინეს. ცდილობენ, ამდენი ტრავმებით და მკურნალობით გადაღლილი ორგანიზმი ერთბაშად არ დატვირთონ, რადგან ეს ახალი გართულების მიზეზი არ გახდეს. თანდათან უზრდიან დატვირთვებს, რომ გეგმაზომიერად მიიყვანონ ფორმის პიკში. კიდევ ერთხელ განვმარტავ, სიფრთხილის მიზეზი აჩქარებით მოსალოდნელი პრობლემებია და არა ტრავმები. რაც მთავარია, მოგვარდა ტატიშვილსა და მას შორის არსებული უთანხმოებები, ახლა შეგირდი ბოლომდე უჯერებს მწვრთნელს. იგივე ითქმის ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიასთან დამოკიდებულებაზეც - მასთანაც ჰქონდა გარკვეული უთანხმოება. ტატიშვილი სავსებით კმაყოფილია ვარჯიშებისადმი ნოზაძის დამოკიდებულებით და საქმისადმი მიდგომით.
მსოფლიოს ჩემპიონს საგანგებოდ შეხვდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ფედერაციის პრეზიდენტი. მათ წინაშე სპორტსმენმა დადო პირობა, რომ მაქსიმალურად კარგად ივარჯიშებდა და ყველაფერს გააკეთებდა ძველი დიდების დასაბრუნებლად, უპირველესი ნაბიჯი კი საქართველოს ჩემპიონატის მოგება იქნება. ვნახოთ, არც საქართველოს პირველობამდეა შორი.
ნოზაძეს სპორტის მმართველებთან მსგავსი შეხვედრები ადრეც ჰქონია. შარშან, სეზონის დასაწყისში ის, მსოფლიოს ჩემპიონი დავით ბედინაძე (60) და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) ოლიმპიურ კომიტეტში მიიწვიეს და მკაცრად მოსთხოვეს რეჟიმის სრულყოფილი დაცვა. შედეგებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ამან არ გაამართლა - ბედინაძე საერთოდ წავიდა სპორტიდან, ნოზაძემ და კვირკველიამ კი წარუმატებლად იჭიდავეს. მაშინ ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, რომელსაც უკვე ფედერაციაშიც მიხვდნენ და მორიგი ჩაგდებული სეზონის შემდეგ ხელმძღვანელობამ ტონი მკვეთრად გაამკაცრა. ცხადია, ესეც ვითარების გამოსწორების წინაპირობაა, მაგრამ კონკრეტულად ნოზაძის შემთხვევაში მთავარი მაინც თავად მისი პროგრესი და საქმისადმი სწორი მიდგომაა. უეჭველია, მასზე სასიკეთო გავლენას წონაში კონკურენციის ზრდაც მოახდენდა - ამ წონაში სოსო ჯაბიძე გამოჩნდა, რომელმაც წლეულს ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის ჩვენი გუნდის ერთადერთი მედალოსანი გამოდგა, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა გარემოებებია - ამით დამტკიცდა, რომ წონაში ნოზაძე შეუცვლელი არაა და საერთაშორისო არენაზე შედეგების მიღწევა სხვებსაც შეუძლიათ. მისასალმებელია, რომ ეს თავად ნოზაძემაც კარგად გაიგო და საქმისადმი ძველებური დამოკიდებულება დაიბრუნა. იმედია, ის საქართველოს ჩემპიონატზეც წარმატებით იჭიდავებს - ნაკრებსაც საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერად დაუბრუნდება. მას შესწევს ამის ძალა, დანარჩენი კი მის მონდომებაზეა დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"