ნოზაძე და კვირკველია საქართველოს და ევროპის მიღმა

AutoSharing Option
მონდომებას რომ ძალიან ბევრი რამე შეუძლია, გუშინ დაწყებულმა ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატმაც დაადასტურა. ჭიდაობის ფედერაციამაც გაითვალისწინა ერთი თვის წინ ჩატარებულ "თავისუფალთა" ანალოგიურ შეჯიბრებაზე დაშვებული შეცდომები და ახლანდელი ტურნირი რადიკალურად განსხვავდება მაშინდელისგან - ამჯერად დარბაზში პოლიციელებიც მორიგეობენ, საჭიდაო არენის გასწვრივაც საკმაოდ მაღალი სარეკლამო აბრებია განთავსებული, მაყურებელი შედარებით იზოლირებულია ლეიბებისგან, მკაცრადაა გამიჯნული მსაჯთა ადგილი და იქ გარეშე პირები ვერ შედიან. აშკარად გაამართლა მთავარ მსაჯებად სომხების მოწვევამაც, თუმცა მათ გუშინ ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონიათ. ეტყობა, ფედერაციამ მწვრთნელებთან და ცალკეულ გუნდებთანაც იმუშავა. ყოველ შემთხვევაში,
გუშინ გაპროტესტებული შეხვედრები ძალზე ცოტა იყო. ალბათ, იმიტომ, რომ მწვრთნელები ბევრად თავშეკავებულნი იყვნენ და იშვიათად კამათობდნენ. შეჯიბრება ბევრად უფრო მშვიდი და ორგანიზებულია. რაც მთავარია, ამჯერად გახსნის საზეიმო ცერემონიალი შედგა, რაც არანაკლები მიღწევა გვგონია.

ამ ყველაფერმა ჩემპიონატის საკმაოდ მაღალი დონე განაპირობა, რასაც ჭიდაობების ასევე ნორმალური ხარისხი დაემატა. ცხადია, ამ ეტაპზე ფალავნები საუკეთესო ფორმაში ვერ იქნებიან, მაგრამ, მთლიანობაში, მაღალი დონის შეხვედრები ვიხილეთ. გული მხოლოდ იმაზე თუ დაგვწყდება, რომ ახალი სახეები ნაკლებად ჩანდნენ. გამონაკლისია - წყალტუბოელი გენადი ქუთათელაძე (55), თბილისელი ილია გულბათაშვილი (74), ბათუმელი მარად აბულაძე (66). იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც კარგად ვიცნობთ ასაკობრივი ნაკრებებიდან და ქვეყნის წინა პირველობებზეც უჩვენებიათ შედეგები - ოზურგეთელი ზურაბ მაჭარაშვილი, ბათუმელი ამირან შავაძე (55), მისი თანაქალაქელი ფირუზ წულუკიძე (60), თბილისელი ზურაბ დათუნაშვილი (74), თუმცა ამ მხრივ მთავარ სიურპრიზად მაინც 66-ში გაჩემპიონებული ბათუმელი არჩილ თურმანიძე იქცა. ზაზა სილაგაძის აღზრდილი ბოლო წლებში თანდათან ყალიბდება ლიდერად - შარშან თბილისში გამართულ ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ფინალში გავიდა, მაგრამ ფენომენალურ აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან დამარცხდა. თურმანიძემ წლეულს წონითი კატეგორია შეიცვალა, რაც მალამოსავით მოუხდა - ადაპტაციის გარეშე მოიპოვა პირველივე წარმატება, თანაც ისეთ ძლიერ შეჯიბრებაში, როგორიც საქართველოს ჩემპიონატია. მან მთელი ტურნირი დამაჯერებლად განვლო, ფინალში კი ძველი ლიდერი - მუხრან მაჭუტაძე ძირითად დროში დაამარცხა. ესეც ერთი ნიშანი თაობათა ცვლისა, რაც ამ წონაში კანონზომიერად ხდება.

55-ში კვლავაც ქუთაისელმა ლაშა გოგიტაძემ გაიმარჯვა, რომელსაც ფინალში მაჭარაშვილმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. გოგიტაძე რამდენიმე წელიწადია, ამ წონის ლიდერია, თუმცა ჯერ ისიც ახალგაზრდაა. აქ ლამის ყოველწლიურად ჩნდებიან ხოლმე ახალგაზრდები, მაგრამ გოგიტაძის ლიდერობა დღემდე ვერავინ შეარყია.

60-ში ძველი სახეების კონკურენცია ვიხილეთ - ფინალში რევაზ ლაშხმა ქვედა წონიდან ამონაცვლებული ევროპის ვიცე-ჩემპიონი ირაკლი ჭოჭუა დაამარცხა. აქ ორი ახალგაზრდის - სამტრედიელი გოგიტა გოგიბერაშვილისა და ჭაბუკებში ევროპის ორგზის ჩემპიონის, ბათუმელი ფირუზ წულუკიძის მიღწევებსაც გამოვარჩევთ. ახალი თაობა აქაც მოდის და თუ მათ სათანადო ხელშეწყობა ექნებათ, თუ მათ განვითარებას სწორი გზით წარმართავენ, ლიდერობასაც აუცილებლად გადაიბარებენ.

ძველი თაობიდან ვისაც ყველაზე მეტად ეკუთვნის ქება, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ბერძენ-რომაელი მანუჩარ ცხადაიაა. ხობელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ქვეყნის პირველობაზე ამჯერადაც ზედა წონით კატეგორიაში - 74-ში გამოვიდა და კიდეც გაიმარჯვა. როგორც გაირკვა, ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად ის ამ წონაში დარჩენას აპირებს. ბოლო წლებში ცხადაიას წონის დაკლება ყოველთვის უჭირდა, თუმცა დიდი წვალებით მაინც აკეთებდა ამას, ახლა კი გადაუწყვეტია, თავი აღარ დაიტანჯოს. გუშინ ნანახით თუ ვიმსჯელებთ, ფრიად დამაჯერებლად იჭიდავა. რაც მთავარია, არც ახლა უღალატა საკმაოდ ტექნიკურ სტილს, რაც მას ყოველთვის გამოარჩევდა. ოღონდ ცოტა ნერვები უნდა მოთოკოს და როგორმე მეტი მტკიცე ხასიათი გამოიმუშაოს. მან ფინალში პირველი პერიოდი დათმო და მაშინაც ქულა უფრო თავისი გაცხარებით დაკარგა, როცა ჯერ მსაჯებს შეეკამათა და შეხვედრა გააპროტესტებინა, მერე კი, მისი პროტესტი რომ არ დააკმაყოფილეს, თავის მოთოკვა გაუჭირდა და გულბათაშვილმა იოლად აუღო ქულა. თუმცა ცხადაიამ თავისი სიძლიერე მეორე პერიოდშივე დაამტკიცა, როცა ჯერ საკმაოდ დაკვირვებით, ჭკვიანურად მოამზადა ილეთი, მერე კი უზადო "ვერტუშკით" სამქულიანი გდება მიითვალა. ის ცოტა უცნაურად მოიქცა დამატებით დროში, როცა შეხვედრის გაგრძელება მისი ასარჩევი იყო, მაგრამ... ჩოქბჯენში ჩადგომა არჩია! ალბათ, მოჭიდავეთა უმეტესობა საპირისპიროდ მოიქცეოდა, თუმცა, ეტყობა, გრძნობდა, გუშინ ჩოქბჯენში თვითონ არ იყო მეტოქის დამტრიალებელი. ყოველ შემთხვევაში, პირველ პერიოდში ის სადავო ეპიზოდი იმ შემთხვევას მოჰყვა, როცა თავად ჩოქბჯენიდან ვერ დაატრიალა მეტოქე. ასეა თუ ისე, ამჯერად მისი უცნაური გადაწყვეტილება გამართლებული აღმოჩნდა - თავი კარგად დაიცვა და მომგებიანი ქულაც მოიპოვა.

რაც შეეხება გულბათაშვილს, ისიც ქებას იმსახურებს. სხვას რომ თავი დავანებოთ, ნახევარფინალში გივი კარტოზიას სახელობის "დიდი პრიზის" ტურნირის ჩემპიონი, ქუთაისელი გიორგი ცირეკიძე დაამარცხა, მაგრამ ჯერ ოსტატობა აკლია - ეს კარგად გამოჩნდა ცხადიასთან ორთაბრძოლაში, რომელიც იოლად აკონტროლებდა შეხვედრას, თავის სტილს ახვევდა თავზე. წაგების მიუხედავად, გულბათაშვილს გული დიდად არ უნდა დასწყდეს, რადგან საკმაოდ კარგად იჭიდავა, დახვეწა კი დროის და გამოცდილების ამბავია.

ჩემპიონატი დღეს დამთავრდება დარჩენილი სამი წონითი კატეგორიების წარმომადგენელთა შეხვედრებით და სწორედ დღეს იქნება ყველაზე დიდი დანაკლისი! აქამდე ისე ვიცოდით, რომ სამი ლიდერის გარდა, ყველა იჭიდავებდა, მაგრამ გუშინ საღამოს, აწონვის შემდეგ გაირკვა, რომ არც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) იასპარეზებს და არც ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ნოზაძე (96). ორივეს ზედა წონაში უნდა ეჭიდავა, მაგრამ არც ერთი არ აიწონა - კვირკველიამ მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა, ნოზაძემ კი აწონვაზე დააგვიანა! მათ ავტომატურად დაკარგეს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. 

კვარცხლბეკი
55 კგ. 1. ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი), 2. ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი), 3. ამირან შავაძე (აჭარა), გენადი ქუთათელაძე (წყალტუბო).
60 კგ. 1. რევაზ ლაშხი (ბორჯომი), 2. ირაკლი ჭოჭუა (თბილისი), 3. ფირუზ წულუკიძე (აჭარა), გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია).
66 კგ. 1. არჩილ თურმანიძე 2. მუხრან მაჭუტაძე, 3. მარადი აბულაძე (აჭარა), ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი).
74 კგ. 1. მანუჩარ ცხადაია (ხობი), ილია გულბათაშვილი, 3. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი), რამინ ფევაძე (აჭარა).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა ავტორს, საინტერესო სტატიაა და მადლობა ინტერელს საინტერესო კომენტარებისთვის.....................
tamar barateli
16:37 24-12-2010
0
ავტორ კარგი სტატია და მადლობა ამისთვის!!! ერთს დავამატებ თქვენის ნებართვით, მანუჩარ ცხდაიამ ფინალი იჭიდავა ტვინის შერყევით და მიზეზიც ეს იყო ჩოგბჯენში ჩადგომის, მთელი "სხვატკა" გულის რევის შეგრძნებით იწიდავა თან ტავის გაუსაძლისი ტკივილი აწუხენდა ამყველაფრიდან გამომდინარე... ახლა მოირჩინა ტრავმა და მეტის გაკეთება ამ მომენტში ფიზიკურად არ შეეძლო. თუ გაინტერესებთ როდის მიიღო ტვინის შერყევა გეტყვით, ჯავახიასთან ორთაბრძოლის დროს, დიახ ორთაბრძოლის დროა , აბა ჯავახიას საქციელს ჭიდაობას ვერ დავარქმევ პირადად მე. უკაცრავად
intereli
18:01 23-12-2010
0

სიახლეები პოპულარული