იქ ფინალური შეხვედრები თბილისის დროით გამთენიისას დაიწყო, მათში კი ზაზა სილაგაძის 4 შეგირდიდან სამი მონაწილეობდა. საბოლოოდ ჩვენებმა 2 ოქრო და 1 ვერცხლი ირგუნეს. მსოფლიოს ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (74) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96) გახდნენ, ვერცხლს კი ნუგზარ წურწუმია (50) დასჯერდა.
ბოლქვაძემ ფინალში თურქი აკბუდალ ბურჰანი 4:3 დაჯაბნა, კახელაშვილმა კი ირანელ
ამ გამარჯვებით ბოლქვაძემ თავისი "ახალგაზრდული" კომპლექტი შეკრა - შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა კი - მსოფლიოს ჩემპიონიც. მის აქტივში ამავე ტურნირების კიდევ ორი ბრინჯაოა - შარშან მსოფლიოზე გავიდა მესამეზე, წლეულს - ევროპაზე... ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოსმედალოსნები არიან წურწუმია და კახელაშვილიც.
გუშინ უმედლოდ მხოლოდ ერთი ფალავანი დაგვრჩა - იმავე ჯილდოს კიდევ ერთი მფლობელი ლევან ქავჟარაძე (60).
დღეს, 12 აგვისტოს სალვადორში მორიგი ოთხი წონის ფალავნები იჭიდავებენ და, სავარაუდოდ, ჩვენი მონაგარი კიდევ უფრო გაიზრდება. მათ შორის - ოქროსიც, რადგან ჭიდაობს "ახალგაზრდა ლომად" შერაცხული ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ამ ასაკში ზვიად პატარიძე (120).
მის გარდა, ტურნირში გამოვლენ ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ირაკლი შავაძე (55), ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე (66) და გიორგი მელია (84).
დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ამ გუნდმა ევროპის წლვანდელ პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო და 4 ბრინჯაო, 8 წონიდან კი მხოლოდ ორში დარჩა უმედლოდ, თუმცა იმათგანაც ერთში მელიამ ბრინჯაოსთვის პაექრობა წააგო.
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში შარშან სილაგაძის შეგირდებმა 1 ოქრო და 3 ბრინჯაო დაისაკუთრეს. იმ მედალოსანთაგან დღეს გუნდში მხოლოდ ბოლქვაძეა, რომელიც, როგორც გითხარით, მაშინ მესამეზე გავიდა.