ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: მორიგი დუბლი და გუნდური პირველობა!

AutoSharing Option
ფოტოზე: რამაზ ზოიძე

"საქართველომ მორიგი ოქროს დუბლით ხელთ იგდო უძლიერესის სახელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდებში" - ასე გამოეხმაურა ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის საიტი ქართველთა მორიგ წარმატებას ბრაზილიურ სალვადორში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ჩვენმა "ბერძენ-რომაელებმა" დასკვნით დღეს ისევ ორი ოქრო მოიპოვეს.

გელა ბოლქვაძისა (74) და ნიკოლოზ კახელაშვილის (96) შემდეგ ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონები რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ფინალში ორივემ რუს მეტოქეს მოუგო.

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა ბრაზილიაში გამოსვლა 5 მედლით დაასრულა - 4 ოქრო და 1
ვერცხლი.

ჩემპიონთა კვარტეტზე გითხარით და შეჯიბრების პირველ დღეს ფინალური პაექრობა ნუგზარ წურწუმიამ (50) დათმო.

ზაზა სილაგაძის გუნდი პირველი დღის შემდეგაც ხომ დამაჯერებლად ლიდერობდა საერთო გუნდურ ჩათვლას, წუხანდელი წარმატების შემდეგ მდევართათვის კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდა.

შარშანდელის არ იყოს, სილაგაძის გუნდი წლეულსაც ჩინებულად გამოდის - ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ორი კაცი დარჩა უმედლოდ, ახლა - სამი. სამაგიეროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 8-დან 5 წონის ფინალში იჭიდავა!

ზოიძემ მთელი ტურნირი განსაკუთრებით ძლიერად ჩაატარა, თითქოს ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხისთვის შურს იძიებდა. მის ტრიუმფალურ გამოსვლას ერთი გარემოებაც ადასტურებს - ევროპის წლევანდელი პირველობის სამ მედალოსანს მოუგო: თურქი ჩემპიონი არსლან ცენგრიზი 11:2 დაამარცხა, უნგრელი ვერცხლისმედალოსანი ოტო ლოსონჟი - 8:0, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მესამეპრიზიორ რუჰინ მიხაილოვს 3:2 აჯობა. არადა, სწორედ მიხაილოვთან წააგო ევროპის წლევანდელ პირველობაზე (საინტერესოა, რომ აზერბაიჯანელს შარშან მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ფინალში შმაგი ბოლქვაძემ მოუგო).

თუმცა ზოიძემ პირველ წრეშიც ძლიერი მეტოქე დაამარცხა - ჭაბუკებში ფინელთა მსოფლიოს ჩემპიონი მატიას ლიპასტი 8:4 დაამარცხა, ფინალში კი რუს ახმედ კაიცუკოვს 11:2 "გადაურბინა".

ბათუმელი ზოიძე ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, ახალგაზრდებში კი შარშან გადმოვიდა, თუმცა ადაპტაციაზე ბევრი დრო არ დაუკარგავს.

ქუთაისელ პატარიძეს ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ საჭიდაო სამყარომ ბრწყინვალე გამოსვლისთვის "ახალგაზრდა ლომი" უწოდა, რაც სრულად დაადასტურა ბრაზილიაში - ფინალში ამ ასაკში რუსთა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სერგეი სემენოვი 3:1 "დატორა". მანამდე ქართველმა წმინდად დაამარცხა ევროპის წლევანდელი პირველობის მესამეპრიზიორები, თურქი ოსმან ილდირიმი (12:4) და ბელორუსი პაველ რუდაკოვი (8:0). მეოთხედფინალში ყაზახი ტალგატ ჟიენტაევი ბეჭებზე დააწვინა, ნახევარფინალში კი ამერიკელი სამუელ სტოლიც ასევე წმინდად დაამარცხა - 8:0.

ამ გამარჯვებით პატარიძემ დუბლი შეასრულა. ის წლეულს გადმოვიდა ჭაბუკებიდან, სადაც შარშან ასევე დუბლი შეასრულა. 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც მესამეზე გავიდა, მას არ წაუგია არც ერთი პირველხარისხოვანი შეჯიბრება!

წუხელ ბრინჯაოს მედლისთვის გიორგი მელიამაც (84) იჭიდავა, მაგრამ ევროპის წლევანდელი პირველობის მსგავსად, დამარცხდა (შვედ ზაკარიას ბერგთან 4:13 წააგო) და მეხუთეზე დარჩა. უმედლოდ დარჩა ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ირაკლი შავაძე (55).

13 და 14 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატში გოგონები იჭიდავებენ, 15-16 აგვისტო კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ეთმობათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული