მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ქართველთა მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
ფოტოზე: ზურაბ დათუნაშვილი
დღეს საღამოს, თბილისის დროით 21 საათზე, ამერიკულ ლას ვეგასში, "ორლეან არენაში" მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება საჭიდაო სახეობებში, რომელსაც "ბერძენ-რომაელები" გახსნიან სამი წონითი კატეგორიით: 66, 75 და 98 კილოგრამებით.

ჩვენი ნაკრებიდან დღეს ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66), ნაკრების მთავარი ფავორიტი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) და მიხეილ ქაჯაია (98) იჭიდავებენ.

დღეს დილით ლას ვეგასში ამ წონების წილისყრა გაიმართა და, საბედნიეროდ, გაუმართლა ჩვენი გუნდის ლიდერ დათუნაშვილს. ის პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი უტიტულო ლატვიელ ალექსანდრს ვისნაკოვსს ხვდება, მომდევნო
ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი კიდევ უფრო უცნობები ელოდებიან - გუამელ იოსეპ მიხალ რიკარდ ლოპესსა და ჩინელ ბინ იანგს შორის უმჯობესი.

ამ ეტაპის დაძლევით დათუნაშვილი მეოთხედფინალში გავა, სადაც შედარებით ძლიერი სავარაუდო კონკურენტები ჰყავს, რომელთაგანაც, უპირველესად, გერმანელი პასკალ ეისელი და ირანელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სეიედ მორად აბდვალი უნდა დავასახელოთ. 23 წლის გერმანელის ყველაზე დიდი მიღწევა წლეულს ბაქოში, ევროპულ თამაშებში დამამშვიდებლის ფინალში გასვლაა, თუმცა იქაც წააგო და მეხუთეზე დარჩა. დათუნაშვილმა მას 2013 წელს თბილისში მოუგო, ევროპის ჩემპიონატზე.

26 წლის ირანელი ფრიად ტიტულოვანია, მაგრამ ის ჯილდოები ქვედა წონაში - 66 კილოგრამში მოიპოვა, რომელიც ოლიმპიადის შემდეგ დატოვა და 75-ს მოაშურა, აქ კი თავი მხოლოდ აზიის მასშტაბით გამოიჩინა - შარშან აზიის თამაშებზეც და აზიის ჩემპიონატშიც ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა მსოფლიოს პირველობაზე მაინც არ წაიყვანეს. ერთი სიტყვით, ის ახალ წონაში ვერაა ძველებურად მრისხანე, 66-ში კი, შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მანუჩარ ცხადაია დაგვიმარცხა. აბდვალის დღევანდელ ფორმაზე ბევრ რამეს გვაჩვენებს მისი პირველივე შეხვედრა უზბეკ ნურბეკ ხაშიმბეკოვთან.

ნახევარფინალში დათუნაშვილის სავარაუდო მეტოქეთა შორის მოხვდნენ ამერიკელი მსოფლიოს პრიზიორი ანდრეი ტომას ბისეკი, ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპისა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორი იავორ იანაკიევი და დანიელი მსოფლიოს სამგზის ფინალისტი მარკ ოვერგაარდ მადსენი. ცხადია, ეს სამეული გაცილებით ძლიერია დანარჩენებზე, განსაკუთრებით კი, ამერიკელი გვაფიქრებს.

ბისეკი 29 წლისაა, თუმცა მოიგო წლევანდელი პანამერიკული თამაშები. იქნებ ეს არაა ძლიერი ტურნირი და იქ ამერიკელებს სერიოზული მეტოქეობა მხოლოდ კუბელებმა გაუწიონ (თუმცა ამ წონაში თავისუფლების კი არა და, ფიდელ კასტროს კუნძულს წარმომადგენელი საერთოდ არ ჰყავდა), მაგრამ იანკი შარშან მსოფლიოზე მესამეზე გავიდა და, საერთოდ, "ბებრის ყვავილობას" განიცდის - წლეულს ხუთ ტურნირში გამოვიდა და აქედან მხოლოდ ერთში დარჩა უმედლოდ, დანარჩენებიდან კი სამში გაიმარჯვა, ხოლო ერთში ბრინჯაო მოიპოვა. თან მასპინძელია და აუცილებლად ექნება მსაჯთა დახმარება.

ვნახოთ, იქნებ დასახელებული დუეტიდან რომელიმემ გააჩეროს, თუმცა იანაკიევი და მადსენი პირველ შეხვედრას ერთმანეთში გამართავენ. შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილმა 30 წლის იანაკიევს ივნისში ბაქოში საკმაოდ ადვილად მოუგო, ევროპულ თამაშებზე. არადა, ჩვენებური ჯერ ახალგაზრდაა - 24 წლისაა.

აქაც საკმაოდ ძლიერი ფალავნები ჩამოვთვალეთ, თუმცა ეს არაფერია ბადის ქვედა მხარესთან შედარებით, სადაც წონის ყველა გამოკვეთილი ფავორიტი მოხვდა: რუსი ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რომან ვლასოვი, სომეხთა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი არსენ ჯულფალაკიანი, აზერბაიჯანელი ევროპული თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოსპრიზიორი ელვინ მურსალიევი, ხორვატი ევროპის პრიზიორი ბოზო სტარჩევიჩი, სამხრეთკორეელი ოლიმპიური ჩემპიონი (ოღონდ ქვედა წონაში) ჰიენვოონ კიმი, ევროპული თამაშების სერბი ვიცე-ჩემპიონი ვიქტორ ნემესი, უნგრელი მსოფლიოსა და ევროპის შარშანდელი ჩემპიონი პეტერ ბასცი, თურქული სკოლის აღზრდილი ემრე კუსი და სხვები, ამ ხორცსაკეპში ჩავარდნას კი ბევრად ჯობია დათუნაშვილის ბადე...

აქ დაწყებისთანავე მეორდება ლონდონის ოლიმპიადის ფინალი - პირველივე წრეში ვლასოვი და ჯულფალაკიანი ხვდებიან ერთმანეთს. ვნახოთ, აუღებს თუ ვერა სომეხი რევანშს გვარიანად მორყეულ რუსს, ვინც რუსეთის ჩემპიონატში არც გამოსულა და გოგი კოღუაშვილმა ნაკრებში ადგილი დიდწილად ძველი დამსახურებებისთვის ანდო. მით უფრო, რომ რუსებს ამერიკაში მფარველი არ ეყოლებათ - ვიზა არ მისცეს რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ მამიაშვილს, ვინც შავბნელი საქმეების მოკვარახჭინებითაა ცნობილი. ჩვენებური შარშან მსოფლიოზე ნახევარფინალში ჯულფალაკიანთან დამარცხდა, მურსალიევთან კი იმავე მსოფლიოზე ბრინჯაოსთვის პაექრობა წააგო და წლეულს ევროთამაშებზეც დათმო ნახევარფინალში.

ბოლქვაძე პირველივე წრიდან ერთვება შეჯიბრებაში კოლუმბიელ ხაირ ალექსის მუნოს გუეროსთან შეხვედრით. ამათში გამარჯვებულს შემდეგ ეტაპზე თურქ აბდულსამეტ გუნალსა და უზბეკ ალექსანდრ ლოხოვის წყვილში უძლიერესი შეხვდება.

პირველ წრეში ისვენებს მიხეილ ქაჯაიაც, მერე კი ავსტრიელ დანიელ გასტლს შეხვდება. ბადის ამავე მხარესაა სომეხთა ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი არტურ ალექსანიანი და ამით ყველაფერია ნათქვამი.

მსოფლიოს ჩემპიონატში ხვალ, 8 სექტემბერს, 59, 71, 80 და 130 კილოგრამების ფალავნები გამოვლენ, ზეგ კი "ბერძენ-რომაელებიდან" მხოლოდ ერთი წონა - 85 იქნება. ჩვენს ნაკრებში მურად მიქელაძე (59), გოგა აფრიამაშვილი (71), ლაშა გობაძე (80), მათე სოფაძე (85) და იაკობ ქაჯაია (130) შედიან. ამასთან, ეს სალიცენზიო ტურნირია, სადაც წონის პირველი ექვსეული რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურებსაც მიიღებს, თუმცა "ბერძენ-რომაელთაგან" ორი წონა - 71 და 80 კილოგრამი არაა ოლიმპიური კატეგორიის და იქ მხოლოდ მსოფლიოს მედლები თამაშდება.

"ბერძენ-რომაელები" შეჯიბრებას 9 სექტემბერს დაასრულებენ, "თავისუფლები" კი 10-12 სექტემბერს იჭიდავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული