"კლასიკოსების" ცუდი დასაწყისი, რომელიც მარცხზე მეტია

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართველმა ბერძენ-რომაელებმა ერთბაშად ორ ტურნირში იჭიდავეს - ფრანგულ კრეტეიში და სტამბოლში, თუმცა ძალზე წარუმატებლად. განსაკუთრებით - სტამბოლში, სადაც პრიზიორთა შორის ვერც ერთი ჩვენებური ვერ მოხვდა, კრეტეიდან კი ერთი ბრინჯაო მაინც მოგვაქვს, რომელსაც მძიმეწონოსანი დიმიტრი ჯავახიშვილი დაეუფლა.

კრეტეის შეჯიბრება ტრადიციულად ძლიერი და სოლიდურია, თუმცა წლევანდელი შედარებით სუსტი გამოდგა. მასში 20 ნაკრები კი გამოდიოდა, მაგრამ ძალიან ბევრ წონას აკლდნენ ლიდერები - უმეტესობას არ უჭიდავია. თუმცა ლიდერები კი არა, ბევრ წონაში იმდენად ცოტა მონაწილე გამოდიოდა, სანუგეშო წრეც არ ჩატარებულა.

ჯავახიშვილის გარდა,
საფრანგეთში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) და ევროპის ორგზის და მსოფლიოს გამარჯვებული, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რამაზ ნოზაძე (96) გამოდიოდნენ. ორივე პირველივე წრეში დამარცხდა - კვირკველიამ ფინელ ჰენრი ვალიმაკისთან წააგო ორ პერიოდში (0:3; 0:2), ნოზაძემ - რუმინეთიდან ჩერნოგორიაში გადაბარგებულ ანდრიკან მოკანუსთან ასევე ორ პერიოდში ერთნაირი ანგარიშით, 0:3. 74-ში 19 მონაწილე კი გამოდიოდა, მაგრამ ვალიმაკი მომდევნო წრეშივე დამარცხდა და სანუგეშოში ჩართვის საშუალება არც კვირკველიას მისცემია.

96-ში სულ 7 მონაწილე იყო და აქ სანუგეშო წრე არც გამართულა, მეოთხედფინალში დამარცხებულ ნოზაძეს კი ამავე ეტაპზე გავარდნილთა შორისაც უარესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა - კონკურენტებმა თითო პერიოდში მაინც მოიპოვეს ქულა, ამან კი ორივე უქულოდ დაამთავრა და ბოლო, მეშვიდე ადგილზე დარჩა.

7 მონაწილე გამოდიოდა მძიმე წონაშიც და ტურნირი აქაც მეოთხედფინალიდან დაიწყო. ჯავახიშვილმა პირველ შეხვედრაში ლიტველი მარიუს გრიგელისი ძირითად დროში დაჯაბნა - 3:0; 2:0. ნახევარფინალში ჩვენებური უკვე თვითონ დამარცხდა ფრანგ იანიკ სზცეპანიაკთან - 1:3; 1:2, რომელიც იმ ეტაპამდე უბრძოლველად მივიდა, მერე კი ფინალში უკრაინელ იგორ დიდუკსაც მოუგო და ჩემპიონი გახდა. ჯავახიშვილს უბრძოლველად გადაეცა ბრინჯაოს მედალი, რადგან ბადის ამ ნახევარში სამი მონაწილე იყო და დამამშვიდებლის ფინალში მეტოქე არ ჰყავდა.

სამწუხაროდ, თურქეთის ტურნირზე ასე დაწვრილებით ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ჭიდაობის არც საერთაშორისო და არც თურქული ფედერაციების საიტზე ოქმები არაა მოცემული. არადა, ეს ვები ემრე სახელობის საერთაშორისო ტურნირია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. წლეულს ის 29-ედ გაიმართა და ძლიერიც გამოდგა - 15 ქვეყნის 230 ათლეტი ჭიდაობდა. სახელობითი სიებითაც ეს უფრო სოლიდური იყო, ვიდრე - ფრანგული ტურნირი.

როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გვითხრეს, ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ ახალგაზრდებში ევროპის მეორე და მსოფლიოს მესამე პრიზიორი არჩილ თურმანიძე (66) გამოვიდა, რომელმაც ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა. სხვა ჩვენებურთაგან ორ-ორი შეხვედრა მოუგიათ ირაკლი ჭოჭუას (60), ილია გულბათაშვილს (74) და სოსო ჯაბიძეს (96).

საფრანგეთშიც და თურქეთშიც ნაკრების მთავარი კანდიდატები გამოდიოდნენ და ასეთი წარუმატებლობა მით უფრო გულდასაწყვეტია. ასე თუ გაგრძელდა, ჩავარდნა მესამე სეზონშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ და სავალალოდ, ამ ორმაგ შეჯიბრებებში ნანახი არც დამშვიდების საშუალებას გვაძლევს და არც მდგომარეობის გამოსწორების იმედს გვიტოვებს. ერთადერთი, თურმანიძისა და გულბათაშვილის გამოსვლით თუ დავიმშვიდებთ თავს, როგორც - ახალგაზრდებისას. ისინი წლეულს გადმოვიდნენ ეროვნულ ნაკრებში, უფროსებში არათუ უცხოეთში, შინაურ ასპარეზზეც არ უჭიდავიათ ხშირად, მაგრამ ჩვენებურ ჭიდაობაში ჩავარდნა თუ კვლავაც გაგრძელდა, ეს მათზეც აუცილებლად გავრცელდება.

ალბათ, ჯავახიშვილიც არაა გასაკილი იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო - ჯერ ისიც ახალგაზრდაა და გამოცდილება აკლია, თუმცა შარშან ეროვნულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე კი იჭიდავა. ცოტა განსხვავებულია ჯაბიძის შემთხვევა - მას ტრავმა აწუხებდა და ამ ეტაპზე შედეგად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღდგენითი პროცესი, ხალიჩასთან შეჩვევა და სატურნირო დატვირთვის მიღება იყო, მაგრამ ყველა ხომ ასეთ დღეში არ იყო? გვესმის, რომ სეზონის დასაწყისია და ნაკრები მზადებას ახლა იწყებს, ჯერ შეკრებაც არ გაუვლია, მაგრამ იმავე მდგომარეობაშია ყველა ნაკრები და რაღა მაინცდამაინც საჩვენო მედალი დაილია მთელს ევროპაში? გვესმის ისიც, რომ ზოგიერთი ლიდერი ზედა წონაში აჭიდავეს და შედეგზე ესეც მოახდენდა გავლენას, მაგრამ ნუთუ მხოლოდ ესაა მათი წარუმატებლობის მიზეზი? იქნებ აჯობებს, მათ მუდმივად აკონტროლონ საკუთარი წონა და საერთაშორისო ტურნირებშიც თავიანთ წონებში იასპარეზონ - ეგებ, ასე უფრო მობილიზებულნი იყვნენ... ყოველ შემთხვევაში, უცხოელები ასე ხშირად არ ჭიდაობენ ზედა წონაში, ძირითადად საკუთარ კატეგორიაში გამოდიან.

ცალკე თემაა კვირკველია და ნოზაძე. მსოფლიოს შარშანდელი პირველობის შემდეგ მათზე ბევრი ითქვა და ნამდვილად გვეგონა, ვარჯიშს მოუმატებდნენ, თუმცა ფრანგული შედეგი საწინააღდეგოს აჩვენებს. იყო თუ არა მათი წაგების მიზეზი ტრავმა ან მსაჯთა არაობიექტურობა, ჯერჯერობით ვერ გეტყვით - ნათურქეთალთა მსგავსად, ისინიც ხვალ ჩამოდიან თბილისში, მაგრამ კვირკველიამ მსოფლიოზე ხორვატ ნევენ ზუგაისთან წაგებაზე ატეხეს ერთი ამბავი და ახლა ფინელთან მარცხი კიდევ უფრო გამაოგნებელია.

ბოლო წლებში ნოზაძეც ისეთებთან აგებს, ადრე რომ ცალი ხელით ამარცხებდა... ვფიქრობ, აჯობებს, ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს, უნდათ თუ არა მათ ჭიდაობა. თუ არ სურთ, მათი ტიტულებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, თავს ზევით ძალა არაა და ის საქმე აკეთონ, რაც გულით სწადიათ - ამ შემთხვევაში საკუთარ თავთანაც მართლები იქნებიან და მაყურებელთანაც, რომელიც ნამდვილად შეურაცხყოფილია მათი ასეთი გამოსვლებით - არც ისე დიდი ხნის წინ ისინი ხომ ქომაგთა კერპები იყვნენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ნათქვამი ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, თუ მათ მოუმზადებლობით წააგეს და არა სუბიექტური მიზეზებით. სხვა თუ არაფერი, სირცხვილია - აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე შალვა გადაბაძე (96) მოხვდა პრიზიორებში, ჩვენ კი ამდენი ხანია, მედალს ამაოდ ველოდებით. ევროპის ჩემპიონატამდე არაფერი აღარ დარჩა - მარტის ბოლოს იწყება დორტმუნდში და თუ სასწრაფოდ არ გამოსწორდა მდგომარეობა, შედეგი არც იქ გვექნება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული