დოპინგ-სკანდალი: პროტესტი და უნდობლობა ავსტრიელ ექიმებს

AutoSharing Option
გუშინდელმა დღემ დოპინგ-სკანდალში საბოლოო სიცხადე ვერა, მაგრამ გარკვეული სიახლეები კი შეიტანა: ჭიდაობის ფედერაცია ბრალდებულ სპორტსმენებს შეხვდა და მოისმინა მათი პოზიცია, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ქართული მხარე ვენის ლიცენზირებული ლაბორატორიის დასკვნას გაასაჩივრებს.

ოღონდ ამის გაკეთებას 6 ბრალდებულისგან მხოლოდ 4 აპირებს. თან, ისინი უნდობლობას უცხადებენ ავსტრიელ ექიმებს და ამჯერად სინჯების გაგზავნა სხვა ლიცენზირებულ ლაბორატორიაში სურთ. ოღონდ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - თითო სინჯი 900 ევრო ჯდება, რასაც სხვაგან გაგზავნის ხარჯებიც ემატება.

16 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს - გადა-ს ხელმძღვანელმა პავლე
კასრაძემ
მათ გააცნო ვენიდან მოსული დასკვნა და განუმარტა თავიანთი უფლებები. მათ შორის, ისიც, რომ შეუძლიათ ამ პირველი შემოწმების გასაჩივრება და განმეორებით სინჯებზე პირადად დასწრება.

მედიისთვის დახურული ამ შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ მოჭიდავეები უარყოფენ მელდრონიუმის მიღებას. გასაჩივრებაც მათი განცხადებების საფუძველზე გადაწყდა.

აქ კიდევ ერთი საინტერესო გარემოება იკვეთება: პავლე კასრაძემ საბოლოოდ დაადასტურა ის ინფორმაცია, რაც წინა დღით ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმაც გვითხრა, ოღონდ მთლად ბოლომდე ვერ ადასტურებდა - მელდრონიუმი თითო ყაზახი და ყირგიზი "ბერძენ-რომაელების" ანალიზებშიც აღმოჩნდა, რომლებმაც ჩვენებთან ერთად გაიარეს შეკრება დუშეთში.

აკი იმ შეკრების მონაწილე ერთი ჩვენებურიცაა ბრალდებული.

როგორც ირკვევა, მათი შემოწმება კასრაძის უწყებისთვის თვით საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს - გადა-ს უთხოვია, რომელსაც შეკრებაზე მყოფი მოჭიდავეების გვარები გამოუგზავნია და დაუვალებია გადა-სთვის მათი შემოწმება, რასაც გადა-ს წესდება ითვალისწინებს. ამ სიაში უცხოელებთან ერთად ქართველი ფალავნებიც ყოფილან, მათ შორის - ამ ექვსეულში შემავალი ის ერთადერთი ქართველი "ბერძენ-რომაელიც".

ეს ანალიზები 20 იანვარსაა აღებული, თუმცა იმ ქართველ "ბერძენ-რომაელს" სინჯი ერთი კვირის წინ საქართველოს ჩემპიონატზე გადა-მაც აუღო და მელდრონიუმის კვალი იმ სინჯშიც აღმოჩენილა.

როგორც გვითხრეს, ამ ექვსეულიდან განაჩენს სწორედ ის და დავით მოძმანაშვილი არ ასაჩივრებენ. ყოველ შემთხვევაში, 16 თებერვალს გამართულ შეხვედრას არ დასწრებიან და არც ამის სურვილი გამოუთქვამთ, თუმცა დრო ჯერ კიდევ აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული