დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო

AutoSharing Option
ქართველი ფალავანი, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მედალოსანი მძიმე წონაში დავით მოძმანაშვილი აზიური თამაშების გამარჯვებული გახდა. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მან მოქალაქეობა შეიცვალა და უზბეკეთში გადავიდა საჭიდაოდ, ეს კი მისი პირველი დიდი წარმატებაა ახალი ქვეყნის სახელით.

აზიის V თამაშები გუშინ, 26 სექტემბერს დამთავრდა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, მისი დასკვნითი ნაწილი კი მოჭიდავეებს დაეთმოთ. ექსჩვენებურმაც ორიოდ დღის წინ იზეიმა ეს წარმატება.

თამაშებში აზიის კონტინენტის 60 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 10 დღის განმავლობაში გაითამაშეს მედლები სპორტის 20 სახეობაში.

მოძმანაშვილმა მერვედფინალში პირველივე
პერიოდში ქულათა აშკარა უპირატესობით, 10:0 წმინდად დაამარცხა ტაჯიკი ფარხოდ ანაკულოვი, მეოთხედფინალში კი საკმაოდ მძიმე ბრძოლაში 2:1 სძლია ირანელთა მომავალ მესამეპრიზიორ იადოლა მოჰების. ირანელმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ჩვენებურს, თუმცა მოძმანაშვილმა პირველ პერიოდში მაინც მოახერხა ქულის აღება, მეორეში კი მეტოქეებმა თითო ქულა გაცვალეს.

ჩვენებურს ყველაზე ძლიერი კონკურენტი ნახევარფინალში ჰყავდა - ისლამიადის ყაზახი ვიცე-ჩემპიონი დაულეტ შაბანბაი, ვისაც 3:1 აჯობა. მოძმანაშვილმა აქაც მოიგო პირველი პერიოდი და ისევ - 1:0, რასაც მეორეში კიდევ 2 ქულა დაუმატა.

ფინალში ქართველი ათლეტის მეტოქე ჩინელი ვურენბილიგე აღმოჩნდა, ვისაც ბევრად უფრო იოლად, 8:0 მოუგო. თან, მასაც პირველ პერიოდში მოუთავა ხელი, როცა ზედიზედ ოთხჯერ გაუკეთა 2-ქულიანი გდება.

ამავე თამაშებზე აღსანიშნავია ბრუნეის სასულთნოს სახელით მოჭიდავე 32 წლის დაღესტნელი ადამ ბატიროვის (70) გამარჯვება, ვისაც წლები ბევრს ვერაფერს აკლებს.

* * *
ამასობაში საჭიდაო სამყაროში რუს ფალავანთა ორი დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი: დიდ სპორტში დაბრუნებას აპირებს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, ლონდონის თამაშებზე სწორედ მოძმანაშვილისგან ძლეული დაღესტნელთა ყაბარდოელი ფალავანი ბილიალ მახოვი (125), ხოლო ბურიატი ევროპის ჩემპიონი ალექსანდრ ბოგომაევი (61) უკვე დაბრუნდა და კემეროვოში ტურნირიც მოიგო.

30 წლის მახოვს რიოს თამაშების შემდეგ არ უჭიდავია და ტრავმებს მკურნალობდა, რუსულ მედიასთან საუბარში კი განაცხადა, რომ მძიმე წონას მსოფლიოს მასშტაბით არ ჰყავს კაშკაშა ვარსკვლავები, ლიდერებად კი თურქი ტაჰა აკგული და გენო პეტრიაშვილი დაასახელა.

ბოგომაევს რამდენიმე თვე არ უჭიდავია, მიზეზი კი ჩხუბში მიღებული ჭრილობაა, რომლის უნებლიე მონაწილეც ზაფხულის დასაწყისში იაკუტსკში შეჯიბრებაზე საქომაგოდ ჩასული გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ ერთი აზიური თამაშები სხვა რაღაცაა და ეს სხვა რამე იყო, მეორეც ბრუნეი კი არა ბაჰრეინის სახელით გამოდის ხოლმე საიტიევი
კაკო
13:55 27-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული