ჩვენი ნაკრების თავკაცი ბეგი დარჩია ბურგასში უმთავრესად დორტმუნდში წამსვლელი კანდიდატების წაყვანას აპირებდა, მაგრამ ვარჯიშზე ფეხი იტკინა და გუნდს გამოაკლდა რევაზ ლაშხი (60), საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ტვინის შერყევის გამო ვერც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (66, თუმცა
დარჩიას საბოლოო განაცხადი ასეთია: ლაშა გოგიტაძე (55), არჩილ თურმანიძე, ანტონ მამაგეიშვილი (66), მანუჩარ კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე, სანდრო დიხამინჯია (96), დიმიტრი ჯავახიშვილი (120). ამათგან ყველაზე ბოლოს ჯავახიშვილის საკითხი გაირკვა - მასაც ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მოირჩინა. დაშავებული იყო გოგიტაძეც, თუმცა ექიმები ამ ეტაპისთვის მის მწყობრში ჩადგომას გვპირდებოდნენ და მწვრთნელებმა ის თამამად შეიყვანეს წინასწარ განაცხადში.
სამაგიეროდ, ფრიად მოულოდნელია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ კვირკველიას წასვლა, რადგან ის თავდაპირველ სიაში არ მოიაზრებოდა. ტურნირის პირველ დღეს - 25-ში ბერძენ-რომაელთაგან (ეს შეჯიბრება ქალთა და თავისუფალ სტილში მოჭიდავე ვაჟთა შორისაც ტარდება, მაგრამ იქ არ ვმონაწილეობთ) 74 და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ, მეორე დღეს 60, 84 და 120-ის წარმომადგენლები, 27-ში - 55 და 66-ის ფალავნები.
ცხადია, დორტმუნდში წასვლის კანდიდატები ბურგასულ გუნდშია საძიებელი. არსებითად, სპეციალისტებისთვის მათი ვინაობა ისედაც ცნობილია, მაგრამ რამდენიმე წონაში კონკურენცია ჯერ კიდევ გაურკვეველია. სავარაუდოდ, მწვრთნელი ბურგასის შემდეგ ოფიციალურად დაასახელებს ევროპის პირველობაზე წასაყვან ნაკრებს.
ბულგარეთიდან დაბრუნებული ჩვენი გუნდი 2 მარტს მინსკში გაფრინდება, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივ შეკრებას გაივლის. იქ წასვლა თავიდანვე დაიგეგმა, მაგრამ ერთი პერიოდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ბელარუსებს ერთობლივი წვრთნების გავლა თურქებმა შესთავაზეს და თავისთანაც მიიწვიეს, საბოლოოდ თავად გადაწყვიტეს მინსკში წასვლა. დასკვნით შეკრებას ჩვენი ნაკრები დუშეთში გაივლის.