ვაჩაძე - კოღუაშვილის პრობლემა

AutoSharing Option
20 იანვარს მინსკში დამთავრებულ მსოფლიოს თასზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ირანის ნაკრებმა - ფინალში გოგი კოღუაშვილის გაწვრთნილ რუსებს 4:3 მოუგეს. როგორც სხვა ევროპული გუნდები, რუსებიც მარტის ბოლოს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

მინსკში ჩვენი ნაკრები არ გამოდიოდა - ბოლოდროინდელი ჩავარდნის ფონზე, საამისო რეიტინგი არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, შეიძლება, ის შეჯიბრება ჩვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს, დიდწილად განსაზღვროს რუსეთის ნაკრების ქართველი წევრის ამბაკო ვაჩაძის (66) ბედი და ამ წონაში ევროპის პირველობაზე ჩვენი ფალავანის მომავალი მეტოქე. შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არც ჩვენებს დაუსახელებიათ და არც - რუსებს,
მაგრამ იმათთვის ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის ზედიზედ მომგები და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვაჩაძე აქამდე მთავარი კანდიდატი იყო. იმდენად მთავარი, რომ კოღუაშვილმა საევროპოდ უმთავრესი შეჯიბრება - ივან პოდუბნის სახელობის მემორიალიც კი გამოატოვებინა.

აი, ასეთი ფალავანი გამოვიდა მინსკში და სამი შეხვედრიდან ორი წააგო! ეტყობა, კოღუაშვილს მინსკშიც ძალიან ეიმედებოდა თანამემამულე-თანაქალაქელის (ორივე ქუთაისშია დაბადებულ-გაზრდილი) და ალბათ, ამიტომ დააყენა პირველ ორ შეხვედრაში. შეგირდმაც კარგად დაიწყო და თითქოს ისე ჩანდა, იმედებს ბოლომდე გაუმართლებდა - ვაჩაძემ ჯულფალაკიანთა ოჯახის უმცროს წარმომადგენელს სომეხ არამ ჯულფალაკიანს ორ პერიოდში აჯობა - 3:0; 3:0. სამაგიეროდ, მეორე ორთაბრძოლაში მწვრთნელს ცივი წყალი გადაასხა - აზერბაიჯანელ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალი რაჰიმოვთან 1:3; 1:2 წააგო. ამან კოღუაშვილი შეაფიქრიანა და სასწრაფოდ მიმართა საკადრო ცვლილებას - ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრებში პოდუბნის მემორიალის გამარჯვებული იური დენისოვი დააყენა.

საბოლოოდ რუსებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ფინალში გავიდნენ. აქ კოღუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა ვაჩაძეს - ალბათ, იმიტომ, რომ გადამწყვეტი ორთაბრძოლა იყო, თუმცა კვლავ დამარცხდა ვინმე აბდვალი საედთან - 1:3; 1:4. რა გასაკვირია, რომ მისი ასეთი გამოსვლით კოღუაშვილი უკმაყოფილო დარჩა.

სხვათა შორის, მას იმედები ინგუშმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაზირ მანკიევმაც გაუცრუა - პირველი შეხვედრა კი მოუგო დედით ქართველ აზერბაიჯანელ როვშან ბაირამოვს, მაგრამ ფინალი წააგო. მინსკიდან მოსკოვში დაბრუნებულმა კოღუაშვილმა ყველაზე მეტად ეს ორი წონა გააკრიტიკა - 55 და 66. მან პირდაპირ განაცხადა, რომ აქ ლიდერის პრობლემა აქვს. ვერ გეტყვით, ამათ შემცვლელებზე ის რა აზრისაა და რატომ არ მიიჩნევს მათ დასაყრდენებად, მაგრამ მინსკში ვაჩაძის შემცვლელმა დენისოვმა ორივე შეხვედრა მოიგო, მანკიევის დუბლიორმა ვალერი ბორგოვიაკოვმა კი სამივე ბრძოლაში იმარჯვა. ბარემ აქვე გეტყვით, რომ კოღუაშვილმა ძალიან აქო ნაკრების სხვა წევრები - იმილ შარაფეტდინოვზე (74), ალან ხუგაევსა (84) და რუსტამ ტოტროვზე (96) განაცხადა, რომ ისინი 0:3 ჩამორჩენასაც არ შეუშინდნენ, ხელები არ ჩამოყარეს და მებრძოლი ხასიათის გამოვლენით საქმე მაინც მიიყვანეს გამარჯვებამდე. ხუგაევსა და ტოტროვზე დამატებით ისიც აღნიშნა, მათ დაამტკიცეს, რომ პოდუბნის სახელობის ტურნირზე ოლიმპიურ ჩემპიონებს - ალექსეი მიშინსა და ასლანბეკ ხუშტოვს შემთხვევით არ მოუგესო. მძიმეწონოსან ოლიმპიურ ჩემპიონ ხასან ბაროევზე თქვა, რომ მის გარდა ამ წონაში სერიოზული ამოცანების გადამჭრელი სხვა ფალავანი არ ჰყავს.

მწვრთნელმა ყველაზე მეტად მაინც რომან ვლასოვი (74) შეაქო - მან პოდუბნის ტურნირიც მოიგო და ახლაც ჩინებულად იჭიდავა. საინტერესოა, რომ ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვლასოვს თვით ლეგენდარული ალექსანდრ კარელინის მწვრთნელი ვიქტორ კუზნეცოვი ავარჯიშებს! პოდუბნის ტურნირზე მან ნახევარფინალში მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი შარაფეტდინოვი დაამარცხა, ფინალში კი დამაჯერებლად აჯობა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ვარტარეს სამურგაშევს. "ხუთი წლის წინ ჩემი საყვარელი წიგნი იყო "სხვა სიმაღლე კიდევ წინაა", რომელიც ვარტარეს სამურგაშევს ეძღვნებოდა, ახლა კი მისი დამარცხება შევძელი" - განაცხადა ფინალის შემდეგ კერპთან მოგებით ეიფორიაში მყოფმა ვლასოვმა.

დავუბრუნდეთ ისევ ვაჩაძეს, მის წონას და ქართველებთან შეხვედრის პერსპექტივას. ცხადია, ვიდრე ჩვენი ნაკრების თავკაცი ბეგი დარჩია ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას არ დაასახელებს, ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ იჭიდავებს 66-ში, თუმცა ჯერჯერობით ყველაზე მეტი შანსი ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ არჩილ თურმანიძეს აქვს. ამ წონაში ლიდერის საკითხი საბოლოოდ ორიოდ დღეში ბულგარულ ბურგასში, ნიკოლა პეტროვის მემორიალზე გაირკვევა, სადაც თურმანიძეცაა წასული და მეორე კანდიდატი - ანტონ მამაგეიშვილიც. სავარაუდოდ, საევროპო საგზურსაც ის მოიპოვებს, იქ ვინც უკეთ იჭიდავებს.

სამწუხაროდ, დორტმუნდში, კონტინენტის პირველობაზე მანუჩარ ცხადაიას წასვლა საბოლოოდ გამოირიცხა - ევროპის მესამე პრიზიორმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა საქართველოს პირველობაზე ტვინის შერყევა მიიღო, რისგანაც დღემდე ვერ განიკურნა და საქართველოს შემდეგ არც უჭიდავია სადმე. თუმცა ისიც საკითხავია, ევროპაზე ცხადაია რომელ წონაში იჭიდავებდა - აქამდე 66-ში გამოდიოდა, მაგრამ დეკემბერში საქართველოს ჩემპიონატზე 74-ში გაიმარჯვა. ამის მიუხედავად, ახალ წონაში მისი გადასვლა ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ გადაწყვეტილი - ეს საკითხი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა გადაჭრილიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა. ასეა თუ ისე, თურმანიძე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ნათელი წერტილია და სადღეისოდ წონის მთავარი ფავორიტიც. ეს იმიჯი მან საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებით დაიმსახურა, რასაც მერე იანვარში, სტამბოლში დამთავრებულ ვები ემრეს სახელობის საერთაშორისო ტურნირში კარგი გამოსვლაც დაუმატა. იქ ჩვენებურმა ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა, მაგრამ ამას მის ფავორიტობაზე დიდად არ უმოქმედია, რადგან ჭიდაობის ხარისხით მწვრთნელთა მოწონება დაიმსახურა. ბულგარეთში მას მამაგეიშვილმა რომც აჯობოს, ესე იგი, მოცემულ მომენტში ის უფრო ძლიერი იქნება ანუ ამით ჩვენთვის ბევრი არაფერი იცვლება - ორივე შემთხვევაში ანგარიშგასაწევი ფალავანი გვეყოლება. ამდენადაა საინტერესო, ვინ იქნებიან გერმანიაში ჩვენებურის მეტოქეეები - ეს წონა იმ მცირერიცხოვანთა შორისაა, სადაც წარმატების რაღაც შანსი გაგვაჩნია. ცხადია, კონკურენტთა შორის რუსეთის ნაკრები უმთავრესია.

თუმცა ჯერ ვაჩაძეს შანსი გადაწურული არ აქვს - რუსები ამ თვეში სლოვენიასა და სერბეთში იჭიდავებენ, მარტში უნგრეთში "ოქროს დიდ პრიზსა" და ირანის ტურნირში გამოვლენ (შეადარეთ - ესენი მხოლოდ დარჩენილ დროში ოთხ ტურნირში გამოვლენ, ჩვენები - საევროპო მზადების ციკლში მხოლოდ ორი საერთაშორისო შეჯიბრებით დაკმაყოფილდნენ!) და ნაკრების საბოლოო შემადგენლობაც ამის შემდეგ გაირკვევა.

ვნახოთ, მოხვდება თუ ვაჩაძე გუნდში, რომელიც პირველხარისხოვან ტურნირებზე აქამდეც შეხვედრია თანამემამულეებს - 2009 წელს ვილნიუსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ცხადაიას მოუგო (მაშინ ის პირველად გახდა კონტინენტის ჩემპიონი, ცხადაია კი მესამეზე გავიდა). საბედნიეროდ, იმავე წელს ცხადაიამ დანიურ ჰერნინგში მსოფლიოს ჩემპიონატზე აუღო რევანში. იმედია, ჩვენებურები არც მომავალში დაუთმობენ რამეს, მათი გზები ისევ თუ გადაიკვეთება.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული