მანუჩარ კვირკველიას ბულგარული მედალი

AutoSharing Option
ბულგარულ ბურგასში გუშინ დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელიც პარალელურად ტარდება სამივე საჭიდაო სახეობაში - ქალებში, თავისუფალსა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვაჟებში, თუმცა ბულგარეთში ჩვენგან მხოლოდ ბერძენ-რომაელები გამოდიან.

შეჯიბრება გუშინ დაიწყო და მასში სამი ქართველი ჩაება - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74), ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი სოსო ჯაბიძე და ალექსანდრე დიხამინჯია (ორივე - 96). ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ გუნდის ლიდერი კვირკველია გამოვიდა - ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სამწუხაროდ, ტურნირის მიმდინარეობაზე მთლად ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება -
თვით ბულგარული ფედერაციის საიტზეც კი მწირი ინფორმაციაა, თუმცა ის კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ წრეში ჩვენებურმა სერბი მარკო დევჩიჩი დაამარცხა. მომდევნო წრეში ვინ ჩამოიცილა გზიდან - მასპინძელი სტილიან ნაიდენოვი თუ თურქი ალი არიქოღლუ, გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ დაზუსტებით ვიცით, რომ ნახევარფინალში კორეელი კანგ ნაე-კოო დაჯაბნა. ფინალში მას არც ისე ძლიერი მეტოქე ჰყავდა - რუმინელი იონელ პუშკაშუ. კვირკველიას ტიტულების კაცს მისი დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა იმედები გაგვიცრუვდა. შევხედრის მიმდინარეობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენებური დამატებით დროში დამარცხდა.

სამწუხაროდ, ტურნირს მალევე გამოეთიშნენ დიხამინჯია და ჯაბიძე. დიხამინჯია პირველივე წრეში დამარცხდა ევროპის პრიზიორ ელის გურთან, რომელიც ეროვნებით ალბანელია და აქამდე ისტორიული სამშობლოს ღირსებას იცავდა, ახლა კი ბულგარეთის სახელით გამოდის. ჩვენდა საბედნიეროდ, გური ფინალში გავიდა და დიხამინჯიას სანუგეშოში გადასვლის შანსი მისცა, მაგრამ ჩვენებურმა ის ვერ გამოიყენა - ამერიკელ ჯასტინ რუისთან დამარცხდა და საბოლოოდ გამოეთიშა ტურნირს. თავს იმით თუ ვინუგეშებთ, რომ საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი დიხამინჯია ჯერ ძალზე ახალგაზრდაა და ამ რანგის ტურნირში უცხოეთში პირველად ჭიდაობდა.

დიდად ვერც ჯაბიძემ გაგვახარა, რომელიც, როგორც იქნა, გაჭიანურებული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა აქტიურ სპორტს. ეს შეჯიბრება მისთვის უფრო სარეაბილიტაციო პროცესის თვალსაზრისით იყო საინტერესო და შედეგი არც იგეგმებოდა. ვერ გეტყვით, რა შთაბეჭდილება დატოვა მან მწვრთნელებზე, ტურნირს კი ისიც პირველივე წრიდან გამოეთიშა ამერიკელ რობ შმიტთან წაგების შემდეგ.

დღეს ტურნირში ჩვენი გუნდიდან ვლადიმერ გეგეშიძე (84) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120) გამოვლენ, ლაშა გოგიტაძე (55), არჩილ თურმანიძე და ანტონ მამაგეიშვილი (66) კი ხვალ იჭიდავებენ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული