ბულგარულ ბურგასში გუშინ დამთავრდა ნიკოლა პეტროვის სახელობის მემორიალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის გამოსვლაზე სრულად ვერ მოგახსენებთ - გუშინდელი შედეგები არ ვიცით, პარასკევსა და შაბათს კი ბეგი დარჩიას შეგირდებმა ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს. ვიცე-ჩემპიონი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) გახდა, მესამე საპრიზო ადგილებზე კი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი სოსო ჯაბიძე (96) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120) გავიდნენ,
სამწუხაროდ, სოსო ჯაბიძესთან დაკავშირებით შეცდომაში შეგვიყვანა ტურნირის ოფიციალურმა საიტმა, რომელმაც პარასკევს მესამე პრიზიორთა შესახებ არაფერი გვაცნობა - მხოლოდ ფინალურ წყვილებზე
დაწერა, სრული შედეგები კი შაბათს გვაახლეს. ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია თქმა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ამერიკელ რობ შმიტს მოუგო, ძირითად ბადეში კი პირველივე შეხვედრა წააგო ბერძენ გიორგიოს კოუცუბასთან. საბედნიეროდ, ბერძენი ფინალში გავიდა და ჯაბიძეც სანუგეშო წრეში გადავიდა, სადაც პირდაპირ ბრინჯაოსთვის იჭიდავა - საკმაოდ ძლიერ რუმინელ ალინ ალექსუსთან და ორ პერიოდში აჯობა ერთნაირი ანგარიშით - 3:0.
ჯავახიშვილი პირველივე წრეში დამარცხდა მომავალ ფინალისტთან, თურქ ნიგარ ბაირამთან. სამაგიეროდ, სანუგეშო წრეში მოიგო ორი შეხვედრა - მოლდოველ ანატოლი მოლდოვანს ძირითად დროში სძლია (4;0; 1:0), ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბულგარელ მიროსლავ მეთოდიევთან კი დამატებითი დრო დასჭირდა. პირველი პერიოდი ჩვენებურმა 0:1 დათმო, მაგრამ მერე იმავე ანგარიშით თვითონ იმარჯვა და ბრინჯაოსაც დაეუფლა.
გუშინ ბურგასულ ლეიბზე კიდევ სამი ჩვენებური ჭიდაობდა - ლაშა გოგიტაძე (55), არჩილ თურმანიძე და ანტონ მამაგეიშვილი (66). სამწუხაროდ, ბულგარული საიტები მათ შესახებ არაფერს იუწყებიან - კვლავაც მხოლოდ თავიანთ ფალავნებზე წერენ, თუმცა ეს ჩვენებურთა მარცხს რომ არ ნიშნავს, ჯაბიძის მაგალითმაც დაგვარწმუნა.
.