მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ნაკრებთა (თითოეულში 6-6 მოჭიდავე) ორთაბრძოლა მასპინძლებმა (თორნიკე თათარაშვილი, დავით ოსიშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, გიორგი ბაინდურაშვილი, გიორგი ცოციაშვილი, მირიან პავლიაშვილი) იოლად მოიგეს, მაგრამ ნახევარფინალში თავადაც დამარცხდნენ სამაჩაბლოელთა მძლეველ შიდაქართლელებთან
ცეზარ ჩოჩელი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული: "დუშეთობის" დღესასწაული ნამდვილად დაამშვენა ეროვნულმ სიამაყემ _ ქართულმა ჭიდაობამ. ფალავნებმა ლამაზი ფანდებით მოხიბლეს სტადიონზე მრავლად მოსული გულშემატკივარი.
ქართული ჭიდაობა ეროვნული საუნჯეა და ძირითადი ბაზა თუნდაც სპორტის ისეთი პოპულარული სახეობისთვის, როგორიც ძიუდოა. ამიტომაც ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ ქართული ჭიდაობის ფედერაციას. წლეულს რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გვქონდა სხვადასხვა სოფელში. 1 ოქტომბერი ეროვნული გმირების _ ქსნის ერისთავების წმინდანად ხსენების დღეა. 2003 წლიდან ახალგორში, სწორედ, ქსნის ხეობაში ტრადიციულად ქართული ჭიდაობითაც აღვნიშნავდით ამ დღეს. დროებითი გადაადგილების პირობებში ღონისძიებას წეროვანში ჩავატარებთ, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილას, სადაც შარშან ნახერხმოყრილი სარბიელი მოვაწყვეთ.
უშანგი ყურაშვილი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი:
"ტოკიოში თვალს ვადევნებდით ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ფალავნები იოლად ძლევენ მეტოქეებს, ქართულ ჭიდაობას თუ მეტად გაუშინაურდებიან. რაც დრო გადის, ძიუდო სულ უფრო ემსგავსება ჩვენ ეროვნულ საუნჯეს, ამიტომ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ მისი ახალ საფეხურზე ასაყვანად.
დღევანდელი საინტერესო ღონისძიებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ცეზარ ჩოჩელს, ამ შეჯიბრების ორგანიზატორებს _ დუშეთის გამგებელ ზურაბ ოტიაშვილსა და სპორტის სამსახურის უფროს ივერი ჯიქურაულს.
სეზონის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება გველის: პირველ ოქტომბერს _ წეროვანში; 9 ოქტომბერს ახმეტა სახელოვანი ფალავნის ანზორ ქიბროწაშვილის მემორიალს უმასპინძლებს, რომელსაც როგორც შარშან, ამჯერადაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დააფინანსებს. ოქტომბრის ბოლომდე კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში სპორტის სამინისტროს და სეოკ-ის ერთობლივი დახმარებით დიდი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. მერე 2010 წლის ფალავნობაც გაიმართება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"