ლენტეხში, პრეზიდენტის თასზე

AutoSharing Option
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით, ორწლიანი შესვენების შემდეგ, ლენტეხში საქართველოს პრეზიდენტის თასი გათამაშდა ქართულ ჭიდაობაში. ახალმოწყობილ ნახერხმოყრილ სარბიელზე რვა გუნდმა მოიყარა თავი. ნახევარფინალში ყველა შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და თბილისის გუნდების ორთაბრძოლა ფრედ _ 3:3 დამთავრდა. მეტი მოგებით ფინალში მასპინძლები (მიხეილ ოსაძე, ამბაკო ავალიანი, იოსებ წელაური, ვალერი ლიპარტელიანი, ლომერ ჟორჟოლიანი, ლაშა გუჯეჯიანი) გავიდნენ, სადაც მცხეთა-მთიანეთელთა მძლეველ (3,5:2,5) შიდაქართლელებს (პაატა მერებაშვილი, ზვიად ბაზანდარაშვილი, პაატა ღვინიაშვილი, დავით კარელაშვილი, გიორგი ბოლოთაშვილი, ნოდარ მეტრეველი) დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტ პაექრობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის
წარმომადგენლებმა იმარჯვეს 4:2 და პრეზიდენტის გარდამავალ თასთან ერთად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრიზიც (7 ათასი ლარი) მოიპოვეს. მესამე ადგილზე მცხეთა-მთიანეთის ფალავნები (ზვიად ოდოშაშვილი, დავით ოსიშვილი, გიორგი ბაინდურაშვილი, გიორგი ცოციაშვილი, მირიან პავლიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი) გავიდნენ. მეორე-მერვეადგილოსნებსაც შესაბამისი ფულადი ჯილდოები ხვდათ. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და პრემიებით სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა _ გია ასანიძემ, დავით გობეჯიშვილმა, ზურაბ ზვიადაურმა, ილიას ილიადისმა (ჯარჯი ზვიადაური) და ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა უშანგი ყურაშვილმა დააჯილდოვეს.

_ შეჯიბრება, რომელიც მთლიანად საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დააფინანსა (საპრიზო ფონდი _ 25 ათასი ლარი), შესანიშნავად იყო ორგანიზებული, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ლენტეხის რაიონის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, გამგებლის მოადგილეს, ყოფილ სპორტსმენსა და მწვრთნელ ბერდია გუგავას, ამ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი ლიპარტელიანს, _ გვითხრა უშანგი ყურაშვილმა. _ 15-17 ოქტომბერს ქართველი ძიუდოისტები ჰოლანდიაში `დიდ პრიზზე~ მოსინჯავენ ძალებს, ამის მიუხედავად, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა, რომელიც თავად ესწრებოდა პრეზიდენტის თასის გათამაშებას, ნება დართო ეროვნული გუნდის წევრებს, ლენტეხის ნახერხმოყრილ სარბიელზე ეასპარეზათ. უნდა ეჭიდავა ჯარჯი ზვიადაურსაც კახეთის გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და მხოლოდ ტრიბუნებიდან უყურებდა მეგობართა ელვისებურ ფანდებს. რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, ძალიან მომეწონა ამბაკო ავალიანისა და ზვიად ბაზანდარაშვილის, ლაშა გუჯეჯიანისა და ნოდარ მეტრეველის შეხვედრები, რომელთა შედეგებმაც განაპირობა მასპინძელთა გამარჯვება.

გაისად ქართულ ჭიდაობაში გუნდურ შეჯიბრებებს, ალბათ, სხვა სახეს მივცემთ. ახლა ჩვენი ფედერაცია სპორტის სამინისტროს, სეოკ-ისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ამუშავებს ახალ სისტემას, რომლის მიხედვითაც ქართულ ჭიდაობაში შეიქმნება კლუბები. უმაღლეს ეშელონში 8 გუნდი იასპარეზებს წრიული სისტემით მიმოსვლით. წლის მიწურულს ჩემპიონატის აუტსაიდერი ადგილს პირველი ლიგის გამარჯვებულს დაუთმობს. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ოქტომბრის ბოლომდე ახმეტაში სახელოვანი ფალავნის ანზორ ქიბროწაშვილის მემორიალი გაიმართება, ნოემბრის მეორე დეკადაში კი ქუთაისი საქართველოს ფალავნობას უმასპინძლებს, სადაც მასპინძლები გამარჯვებულის მსუბუქი ავტომანქანით დაჯილდოებას აპირებენ, მეორე-მესამეადგილოსნებიც სოლიდურ ფულად პრიზებს მიიღებენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული