_ შეჯიბრება, რომელიც მთლიანად საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დააფინანსა (საპრიზო ფონდი _ 25 ათასი ლარი), შესანიშნავად იყო ორგანიზებული, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ლენტეხის რაიონის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, გამგებლის მოადგილეს, ყოფილ სპორტსმენსა და მწვრთნელ ბერდია გუგავას, ამ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი ლიპარტელიანს, _ გვითხრა უშანგი ყურაშვილმა. _ 15-17 ოქტომბერს ქართველი ძიუდოისტები ჰოლანდიაში `დიდ პრიზზე~ მოსინჯავენ ძალებს, ამის მიუხედავად, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა, რომელიც თავად ესწრებოდა პრეზიდენტის თასის გათამაშებას, ნება დართო ეროვნული გუნდის წევრებს, ლენტეხის ნახერხმოყრილ სარბიელზე ეასპარეზათ. უნდა ეჭიდავა ჯარჯი ზვიადაურსაც კახეთის გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და მხოლოდ ტრიბუნებიდან უყურებდა მეგობართა ელვისებურ ფანდებს. რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, ძალიან მომეწონა ამბაკო ავალიანისა და ზვიად ბაზანდარაშვილის, ლაშა გუჯეჯიანისა და ნოდარ მეტრეველის შეხვედრები, რომელთა შედეგებმაც განაპირობა მასპინძელთა გამარჯვება.
გაისად ქართულ ჭიდაობაში გუნდურ შეჯიბრებებს, ალბათ, სხვა სახეს მივცემთ. ახლა ჩვენი ფედერაცია სპორტის სამინისტროს, სეოკ-ისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ამუშავებს ახალ სისტემას, რომლის მიხედვითაც ქართულ ჭიდაობაში შეიქმნება კლუბები. უმაღლეს ეშელონში 8 გუნდი იასპარეზებს წრიული სისტემით მიმოსვლით. წლის მიწურულს ჩემპიონატის აუტსაიდერი ადგილს პირველი ლიგის გამარჯვებულს დაუთმობს. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ოქტომბრის ბოლომდე ახმეტაში სახელოვანი ფალავნის ანზორ ქიბროწაშვილის მემორიალი გაიმართება, ნოემბრის მეორე დეკადაში კი ქუთაისი საქართველოს ფალავნობას უმასპინძლებს, სადაც მასპინძლები გამარჯვებულის მსუბუქი ავტომანქანით დაჯილდოებას აპირებენ, მეორე-მესამეადგილოსნებიც სოლიდურ ფულად პრიზებს მიიღებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"