ამათგან ჩემპიონები გიორგი ნოზაძე (90) და სლავა რეზესიძე (+100) გახდნენ, ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), თორნიკე თათარაშვილმა (62) და ლაშა ზურაბიანმა (82) მხოლოდ ფინალური შეხვედრები დათმეს. ჭაბუკებმა 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო "მოინადავლეს". ამ ასაკში ჩემპიონობით მიხეილ მეზურნიშვილმა (70), გიორგი ბიწაძემ (75) და ალექსანდრე მილდიანმა (87)
ბრინჯაოს მედალი გოგოებშიც დავიმსახურეთ, სადაც ერთადერთი მონაწილე გვყავდა - ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი შორენა შარაძე (64), რომელიც მესამეზე გავიდა.
პირველობა პარასკევს დაიწყო და თათარაშვილისა და ზურაბიანის გამოსვლაზე იმავე დღეს გაცნობეთ. მაშინ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ვიცოდით ბიწაძის ფინალური შეხვედრის შედეგი. საბედნიეროდ, ისიც ჩემპიონი გამხდარა.
ახალგაზრდებიდან სლავა რეზესიძის წარმატება მოსალოდნელიც იყო - დმანისელი ათლეტი ჭაბუკებში ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ახლა აქ გადმოინაცვლა და ჯერ ჩეხეთში ევროპირველობაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ახლა კი ახალგაზრდებშიც დაიწყო მსოფლიოს ოქროების ათვლა.
მეზურნიშვილმა ფინალში ევროპის წლევანდელი უკრაინელი ჩემპიონი არტურ სარქისიანი ჟინისა და მონდომების ხარჯზე დაამარცხა. ამ შეხვედრაში ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო, ერთხელ მსაჯებმა ჩვენებურს ქულაც კი გაუუქმეს. შესაძლოა, იმ ეპიზოდში მართლებიც იყვნენ, მაგრამ მთლიანობაში იმდენად საეჭვო ორთაბრძოლა იყო, მწვრთნელის სკამზე მყოფი ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიორგაძე მსაჯებს მიეჭრა. მისმა პროტესტმა შედეგიც გამოიღო, მეზურნიშვილმა ბოლო წამებიც კი შეტევაში გაატარა და ოქროც ირგუნა.
სარქისიანს იმდენად დასწყდა გული, კვარცხლბეკზე ტიროდა, მაგრამ მეზურნიშვილიც იმსახურებდა ჩემპიონობას. მილდიანმაც დამაჯერებლად დაამარცხა მასპინძელი რომანენკო, ჩიდრაშვილმა კი დასანანი მარცხი იწვნია მონღოლ რაახანჯავისთან. არადა, შეხვედრა მისი დიდი უპირატესობით დაიწყო - ჯერ ერთქულიანი გდება შეასრულა, მერე - 2-იანი და შეხვედრის შუაწელში 3:0 დაწინაურდა.
ამ მომენტამდე მისი უპირატესობა საგრძნობი იყო და ისეთ დასასრულს თითქოს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენებური ღირებულს ვერაფერს ეწია. უმთავრესად იმიტომ, რომ ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა და ქულების მოპოვებას ვინღა დაეძებს, მოპოვებულიც ვერ დაიცვა - მონღოლმა 4:3 ამოუქაჩა.
სამწუხაროა, მაგრამ ჩიდრაშვილს გამძლეობა დააკლდა. ეს მით უფრო დასანანია, რომ ასაკობრივ გუნდებს ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად საკმაოდ კარგი პირობები ჰქონდათ და ადრინდელზე მეტი შეკრებაც ჩაატარეს. თუმცა ამან საერთო სურათზე ნამდვილად დადებითად იმოქმედა და ჩვენი გუნდები რიგაში წარმატებით გამოვიდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"