ქართველი სპორტსმენები იაპონიისათვის

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 11 მარტს თავსდატეხილი სტიქიური უბედურების შემდეგ (ძალიან ძლიერ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, რასაც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის დაზიანება და ქვეყნის ჩრდილოეთში რადიაციის გაჟონვა დაემატა) იაპონია ჯერაც დიდ გასაჭირშია.

ქვეყანამ უკვე ოფიციალურად დაკარგა 10-ათასზე მეტი ადამიანი. იაპონიაში რამდენიმე ათეულ ჩვენ თანამემამულეს შორის სპორტსმენებიც არიან - ფეხბურთელი დავით მუჯირი და სუმოისტები ლევან ცაგურია (კოკაი), ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ).

ჩვენებურები თავს კარგად გრძნობენ და ვარჯიშებს აგრძელებენ, თუმცა არც ქველმოქმედებას ივიწყებენ. ახლახან დავიდ მუჯირმა საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთელი შემოსავალი მიწისძვრისგან
დაზარალებულებს გადაეცემათ. სუმოისტები კი მთელ ტოკიოს მოედნენ, ჯგუფებად დაიყვნენ და თავიანთ უბნებში დაიწყეს თანხების შეგროვება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააობლა.

აღსანიშნავია, რომ ამ საქველმოქმედო აქციიის ერთ-ერთი ინიციატორი ესტონელი ბარუტოა. არც ჩვენებურები დარჩენილან გვერდზე - კოკაი შინ გამომგზავრებას გეგმავდა, მაგრამ როცა აქციის შესახებ შეიტყო, იაპონიაში დარჩა და ახლა ქუჩაში დგომით შოულობს თანხებს ბავშვებისთვის. სუმოისტთა ავტორიტეტი დიდია, ტოკიოს უბან შიმბაშიში ბარუტომ, კოკაიმ და სხვებმა სულ რამდენიმე საათში შეაგროვეს მილიონ იენამდე (იხ. ფოტო).

იაპონურ მედიაში კი ტოჩინოშინის კომენტარიც გამოჩნდა: "საქართველოში ნამდვილი პანიკაა, ყოველ წუთას მირეკავენ და მთხოვენ ჩამოვიდე. თითქოს, 48 საათში იაპონია დაიტბორება, ჩვენ კი რადიაციით მოვიწამლებით. იქაური პრესა სიტუაციას ცოტა აბუქებს და ჩემი ნათესავები შეშინებულნი არიან. მაგრამ მე ტოკიოში ვარ და ვაგრძელებ ვარჯიშს, როგორც სხვები", - განაცხადა ქართველმა სუმოისტმა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული