შემდეგი გაჩერება, აკი ბაშო

AutoSharing Option

დასრულდა სუმოს ისტორიაში ყველაზე სკანდალური ბაშო და ჩვენც მცირე შეჯამებას შემოგთავაზებთ. გარდა იმისა, რომ ნაგოიას სუპერტურნირი სკანდალური იყო (მარტო ელიტურ დივიზიონში 6 სუმოისტი არა მხოლოდ დისკვალიფიცირებული იყო, არამედ ბაშოს განმავლობაში შინაპატიმრობასაც იხდიდა), ჩვენთვის მას ისტორიული დატვირთვაც ჰქონდა - პირველად ისტორიაში ელიტის უმაღლეს დივიზიონში (სუმოს სამყაროში ელიტად პირველ ორ დივიზიონს თვლიან) სამი ქართველი ჭიდაობდა: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) და ლევან ცაგურია (კოკაი). სამიდან ორისთვის ნაგოიას ბაშო წარუმატებელი გამოდგა, მხოლოდ "ძველმა გვარდიამ", კოკაიმ შეძლო ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება...

ახალი რეიტინგი

გუშინ შეადგინეს ასოციაციის მსაჯთა კომიტეტში, მაგრამ მას კაციშვილი ვერ იხილავს 30 აგვისტომდე, როცა ბანძუკე ოფიციალურად გამოქვეყნდება. რეიტინგი მხოლოდ კალიგრაფებს დაურიგდებათ, რომელთაც თითოეულ სუმოისტს ბანძუკე ხელნაწერის სახით უნდა მიართვან, ასეთია ტრადიცია, იაპონიაში კი ტრადიცია ყველაფერია. გამოაქვეყნეს მხოლოდ იმ სუმოისტთა ვინაობა, რომელთაც მე-2 დივიზიონ ძურიოში მოხვედრა დაიბევეს (ესეც ტრადიციაა), ანუ სეკიტორები გახდნენ. ასე გახდა 22 წლის ტოჩინოვაკა ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორი, მან ეს წოდება ქართველ ტოჩინოშინს ჩამოართვა, თუმცა ტოჩინოშინი რჩება ელიტის უმაღლესი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრად.

ლევან გორგაძემ ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა და ის დაკარგავს კომუსუბის ტიტულს, თუმცა რეიტინგში დიდად არ დაქვეითდება. სექტემბერში მას მიეცემა შანსი დაიბრუნოს ტიტული. ქართველმა ბაშო ძალზე უიღბლოდ დაიწყო, პირველი 7 დღის შემდეგ 1-6 ბალანსი ჰქონდა, შემდეგ კი გამოფხიზლდა (5-3), მაგრამ უკვე გვიანი იყო. ელიტის დებიუტანტმა გაგამარუმ ჩააგდო ნაგოიას ბაშო (5-10). 199-კილოგრამიან ქართველს რეიტინგში დაქვეითება არ აცდება, თუმცა ის კვლავ ელიტაში დარჩება. აი, შემდეგი მაკეკოში კი მას უკან, ძურიოს დივიზიონში გააბრუნებს. წინ წაიწევს კოკაი, რომელიც მე-7 ან მე-8 მაეგაშირა გახდება. "შავმა ზღვამ" კი კარგად ჩაატარა მისთვის მე-40 ბაშო ელიტაში.

მორიგი სუპერტურნირი, აკი ბაშო ტოკიოში 12-26 სექტემბერს გაიმართება. ჩვენ კი სუმოს 30 აგვისტომდო დავემშვიდობოთ...

ქართველები ციფრებში

ტოჩინოშინ ცუიოში
(ლევან გორგაძე)
ასაკი: 22
სიმაღლე: 192
წონა: 159
დებიუტი: 2006 წ. მარტის ბაშო
უმაღლესი რეიტინგი: კომუსუბი
კლუბი: კასუგანო
ტიტულები: 1 ჯუნ-იუშო (მე-2 ადგილი), 2 მებრძოლი სული, ძურიოს ჩემპიონი.
კარიერის ბალანსი: 177-132-1 (27 ბაშო)
ელიტის ბალანსი: 102-108 (14 ბაშო)
ილეთები: 81 იორიკირი, 22 უვატენაგე, 14 იორიტაოში, 13 ოშიდაში, 12 ცურიდაში.

გაგამარუ მასარუ
(თეიმურაზ ჯუღელი)
ასაკი: 23
სიმაღლე: 185
წონა: 199
დებიუტი: 2005 წ. ნოემბრის ბაშო
უმაღლესი რეიტინგი: მე-12 მაეგაშირა
კლუბი: კიტანოუმი
ტიტულები: ძურიოს, მაკუშიტას და ჯონოკუჩის ჩემპიონი.
კარიერის ბალანსი: 143-93 (29 ბაშო)
ელიტის ბალანსი: 5-10 (1 ბაშო)
ილეთები: 50 ოშიდაში, 33 იორიკირი, 15 იორიტაოში, 12 ოშიტაოში, 10 ჰატაკიკომი

კოკაი ფუტოში
(ლევან ცაგურია)
ასაკი: 29
სიმაღლე: 189
წონა: 165
დებიუტი: 2001 წ. მაისის ბაშო
უმაღლესი რეიტინგი: კომუსუბი
კლუბი: ოიტეკაძე
ტიტულები: 1 ჯუნ-იუშო, 2 მებრძოლი სული, 2 კინბოში (იოკოძუნას წაქცევა), ძურიოს, მაკუშიტას, სანდანმესა და ჯონიდანის ჩემპიონი.
კარიერის ბალანსი: 384-353 (56 ბაშო)
ელიტის ბალანსი: 287-313 (40 ბაშო)
ილეთები: 95 ოშიდაში, 83 იორიკირი, 58 ჰატაკიკომი, 18 ჰიკიოტოში, 16 ოშიტაოში.  

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული