ტოჩინოშინის ისტორიული გამარჯვება

AutoSharing Option
გუშინ ტოკიოში ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც სუმოს ქართველ გულშემატკივრებს სურდათ - სამივე ქართველმა მოიგო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) გამარჯვება - მან კარიერაში პირველად შეძლო ესტონელი ჩემპიონი ბარუტოს დამარცხება (მე-8 ცდაზე!) და საჩემპიონო შანსები დაიბრუნა.

ზაფხულის ბაშოზე ტოჩინოშინს 11-2 ბალანსი აქვს, ეს მეორე შედეგია სუპერტურნირზე. დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოც ხელისგაწვდენაზეა, რადგან იოკოძუნამ გუშინ მე-13 ორთაბრძოლაზე შეწყვიტა მოგებათა სერია და ახლა ქართველ რიკიშის მხოლოდ ერთი გამარჯვებით სჯობს.

ბაშოს ასეთ ფინალზე ვერც კი ვიოცნებებდით - ტოჩინოშინი ჰაკუჰოს პირველი და ლამის ერთადერთი
კონკურენტია. ესტონელი გოლიათი ლევანისთვის დღემდე აუღებელი ციხესიმაგრე იყო. სასტარტო დაჯახების შემდეგ ჩვენებურმა უკეთესი დგომი მიიღო - მუშა ცაციათი ჩასჭიდა ხელი ბარუტოს, თავად კი ამის გაკეთების შანსი არ მისცა მეტოქეს. მაშინ ბარუტომ მხოლოდ მარჯვენა ხელით გადაწყვიტა ილეთის გაკეთება, მაგრამ შიტატენაგე არ გამოუვიდა, დოჰიოს კიდეზე ამას ლევანმა ბრწყინვალე ილეთით (უვატენაგე) უპასუხა და ბარუტო დარბაზში მოისროლა და თავადაც მიჰყვა. მართლაც და, თვალსასეირო ევროპული დუელი გამოვიდა.

როდესაც დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონი ჰარუმაფუჯი დოჰიოს სასტარტო დაჯახებისთვის მუშტებით დაეყრდნენ, იაპონიაში მორიგი მიწისძვრა მოხდა. ამან, ეტყობა, კონცენტრაცია დააკარგვინა ჰაკუჰოს და ჰარუმაფუჯიმ მას სილა გააწნა და მთელი ძალით შეუტია. იოკოძუნა მაინც გამოძვრა სიტუაციიდან, მაგრამ ჰარუმაფუჯიმ თანამემამულეს ძალების მოკრებვა არ აცალა და დოჰიოდან გაიყვანა.

დღეს ტოჩინოშინი სეკივაკე კოტოშოგიკუს ხვდება, რომელთანაც 23 წლის ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს - 3:7. ამასობაში, ჰაკუჰო ბარუტოს შეხვდება. თუკი ქართველი დაამარცხებს იაპონელს და დიდი ჩემპიონიც მოიგებს, ასპარეზობის ბოლო დღეს ჩემპიონის თასისთვის (იმპერატორის თასი ამ ბაშოზე არ იქნება) ტოჩინოშინი და ჰაკუჰო იბრძოლებენ.

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) შოტენრო დაამარცხა და 6-7 ბალანსი გაუხდა. დღეს, 21 მაისს ქართველი დაიდოს შეერკინება (1:0 ურთიერთშეხვედრებში). კოკაიმაც (ლევან ცაგურია) იმარჯვა და 5-8 ბალანსი გაუხდა ძურიოს დივიზიონში.

XIII დღე
მაკუუჩი: ჰარუმაფუჯი-ჰაკუჰო (იორიკირი), კაიო-არანი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ბარუტო (უვატენაგე). კოტოშოგიკუ-კისენოსატო (იორიკირი), კაკურიუ-კაისეი (შიტატეჰინერი), ტოიონოშიმა-ამინიშიკი (იორიკირი), გოეიდო-იოშიკაძე (ოშიტაოში), ტოჩიოძანი-ჰომაშო (იორიკირი), ვაკანოსატო-კიტატაიკი (იორიკირი), ოკინოუმი-ტამავაში (ოშიდაში), ტაკეკაძე-ტოიოჰიბიკი (ოკურიდაში), კიოკუტენჰო-კიმურაიამა (იორიკირი), გაგამარუ-შოტენრო (იორიკირი), ტოსაიუტაკა-მიაბიამა (იორიკირი), ტოკიტენკუ-ასასეკირიუ (შიტატენაგე), ვაკაკოიუ-ტაკამისაკარი (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-ტაკაიასუ (ჰატაკიკომი), ტაკარაფუჯი-ტოჩინონადა (იორიკირი); ძურიო: კოკაი-მასუნოიამა (კოტენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
12-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
11-2: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6).
10-3: ბარუტო (ოძეკი), კაკურიუ (კომუსუბი), ტოსაიუტაკა (მ 9), კაისეი (მ 10).
9-4: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), გოეიდო (მ 1).
... 6-7: გაგამარუ (მ 14)

XIV დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-ბარუტო, ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე, კაიო-კისენოსატო, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, ტოიონოშიმა-ოკინოუმი, კაკურიუ-ტოსაიუტაკა, გოეიდო-ვაკაკოიუ, ტოიოჰიბიკი-ტოჩიოძანი, ჰომაშო-შოტენრო, გაგამარუ-დაიდო; ძურიო: კოკაი-ცურუგიდაკე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული