ივლისის ბაშოზე 23 წლის ტოჩინოშინი დასავლეთის კომუსუბის რანგში იჭიდავებს. შეგახსენებთ, რის გამო დაიმსახურა ლევანმა დაწინაურება - მაისის ბაშო მან 12-3 ბალანსით დაასრულა და მეორე ადგილი დაიკავა, გარდა ამისა მან "მებრძოლი სულის" პრიზიც დაიმსახურა. ამიტომაც, არავის გაჰკვირვებია, როცა გუშინ დასავლეთის მე-6 მაეგაშირას კომუსუბის ტიტული მიანიჭეს. ახლა სუმოს იერარქიაში მასზე წინ მხოლოდ 9 რიკიშია.
პირველი ქართველი, ვინც კომუსუბის ტიტული მიიღო, ლევან ცაგურია
დადებითი ბალანსი დაუფასდა ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), ის მე-14 მაეგაშირობიდან დასავლეთის მე-7 მაეგაშირამდე დააწინაურეს.
ელიტაში ძალთა განლაგება ასეთია, არის მხოლოდ ერთი დიდი ჩემპიონი იგივე იოკოძუნა - მონღოლი ჰაკუჰო. ოთხი რიკიში ფლობს ჩემპიონის (ოძეკი) ტიტულს: ბარუტო, ჰარუმაფუჯი, კაიო და კოტოოშუ. სეკივაკე სამია: კოტოშოგიკუ, კისენოსატო და კაკურიო, კომუსუბი ორი - გოეიდო და ჩვენებური. უმაღლეს დივიზიონში 4 ახალწვეული იჭიდავებს: ტაკარაფუჯი, ტაკაიასუ, დაიდო და ფუჯიაზუმა.
საოცარია, მაგრამ ფაქტია - კოკაიმ მაისის ბაშო 5-10 ბალანსით დაასრულა, მაგრამ თუკი სხვა დროს, ამის გამო ძურიოს დივიზიონიდან გავარდებოდა, ახლა რეიტინგში დაწინაურდა კიდევაც - ძურიოს მე-6 ნომრიდან მე-4 ნომერი გახდა და ელიტაში დაბრუნების კარგი შანსიც გაუჩნდა.
ივლისის ბაშო აიჩის პრეფექტურის დარბაზში, ნაგოიაში გაიმართება. ის 10 ივლისს დაიწყება და 24-ში დასრულდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"