ტოკიოში იქნებ სუმოისტებმა მაინც იყოჩაღონ

AutoSharing Option

ტოკიოში ცნობილი გახდა სექტემბრის ბაშოს პირველი ორი დღის განრიგი. შეგახსენებთ, რომ პროფესიული სუმოს 700 კაციანი ქარავანი (მათ შორის, სამი ქართველით) აკი ბაშოზე 12-26 სექტემბერს იჭიდავებს სუმოს მექა "კოკუგიკანში". მაშ ასე, გაგაცნობთ ჩვენებურთა პირველ მეტოქეებს მაკუუჩის დივიზიონში...

დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ივლისის ბაშოზე კარიერაში პირველად ასპარეზობდა კომუსუბის ტიტულით, მაგრამ ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა და ისევ რიგითი მაეგაშირაა. ბაშოს პირველ საბრძოლო დღეს ტოჩინოშინი ოს არანს შეხვდება. არანი, იგივე ალან გაბარაევი ივლისში ბრწყინვალე ასპარეზობის წყალობით

დააწინაურეს, თანაც მან კომუსუბის ტიტული გამოტოვა და რიგითი მაეგაშირობიდან სეკივაკეობას მიაღწია. ტოჩინოშინი მეოთხედ შეხვდება არანს, ჯერჯერობით ოსი 2:1-ს იგებს. ბაშოს მეორე დღეს ქართველის მეტოქე მე-4 მაეგაშირა ტოკუსეგავაა.

აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა კოკაი (ლევან ცაგურია) სექტემბრის ბაშოს მე-7 მაეგაშირა ტოსაიუტაკასთან ბრძოლით იწყებს. 25 წლის ტოსაიუტაკა რეიტინგში ყველაზე მაღლა მე-4 მაეგაშირა ყოფილა. ამ სუმოისტთან ურთიერთშეხვედრებში კოკაი 2:4-ს აგებს. მეორე დღეს "შავი ზღვა" მე-7 მაეგაშირა კიტატაიკის ეჭიდავება.

გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ელიტაში მეორედ ჭიდაობს, მისი პირველი მეტოქე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა კაკიძოეა, ტანდაბალი ყოფილი კომუსუბი პირველად ივლისის ბაშოზე შეხვდა ქართველს, გაგამარუმ ცუკიდაშის ილეთით მოიგო. მეორე დღეს გაგამარუს მეტოქე მე-17 მაეგაშირა ტოიოძაკურაა. სექტემბრის ბაშოს ტრავმის გამო დასავლეთის მე-8 მაეგაშირა მასაცუკასა დააკლდება. დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო კი კომუსუბი კაკურიუსთან ორთაბრძოლით იწყებს აკი ბაშოს.

ქვემოთ გთავაზობთ ქართველთა ახალ სტატისტიკურ მონაცემებს: ბაშოთა რიცხვს, მოგება წაგებათა ბალანსს, როგორც ჯამში, ისე უმაღლეს დივიზიონში. გაგაცნობთ აგრეთვე ხელახალი აწონვის შედეგებს...


ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე
მე-2 მაეგაშირა
191 სმ, 158 კგ
28 ბაშო (16)
177-132 (102-108)

კოკაი
ლევან ცაგურია
მე-8 მაეგაშირა
190 სმ, 148 კგ
57 ბაშო (41)
384-353 (287-313)

გაგამარუ
თეიმურაზ ჯუღელი
მე-15 მაეგაშირა
185 სმ, 202 კგ
30 ბაშო (2)
143-93 (5-10)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული