40 კენშო ქართველის მძლეველ ჩემპიონს

AutoSharing Option
წინა, სექტემბრის ბაშო, რომელიც ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის, ჩვენებურთა სასტარტო გამარჯვებებით დაიწყო. გუშინ კუნძულ კიუშუზე კი საპირისპირო შედეგი მივიღეთ - წლის უკანასკნელი სუპერტურნირის სასტარტო ორთაბრძოლები სამივე ქართველმა დათმო. ერთ-ერთი მათგანი, 23 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო, ის იოკოძუნას ხვდებოდა. ამ ბრძოლაზე სპონსორებმა 40 ფულადი პრემია (კენშო) დააწესეს (სულ ერთ ბრძოლაზე 50 პრემიის დაწესებაა შესაძლებელი), რაც წლის მეორე შედეგია. ერთი კენშო დაახლოებით 500 დოლარია, მთელი ჰონორარი კი გამარჯვებულის საკუთრება ხდება (რომლის ნახევარსაც სუმოისტი იქვე, კონვერტით იღებს, ნაწილი
კი სუმოდან წასვლის მერე პენსიის სახით ერიცხება). მაგრამ ქართველი კომუსუბი ვერას გახდა დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსთან, რომელმაც ზედიზედ 63-ე გამარჯვება მიითვალა და 40-ივე კენშო (დაახლოებით 20 ათასი დოლარი) მისი საკუთრება გახდა. 

ელიტური დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა რიკიში მონღოლს კარიერაში მეშვიდედ შეხვდა. ჰაკუჰომ უმალ იგდო ხელთ ქართველის მავაში და ელვისუსწრაფესად განახორციელა უვატენაგეს ილეთი. მონღოლმა თითქოს დამწყები სუმოისტი დააგდო...

წაგებით დაიწყო ბაშო ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამაც (კოკაი). ყოფილი კომუსუბი, რომელიც ახლა მე-6 მაეგაშირაა, ტანდაბალ იოშიკაძეს დაეჭიდა. "შავი ზღვა" ორივე ხელით შეუვარდა ტანში "დიდებულ ქარს", მაგრამ მან ზეწოლას გაუძლო და კოკაიმაც დოჰიოს ცენტრში მოადინა ზღართანი.

უმაღლესი დივიზიონის უმძიმესი რიკიში გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) 169 სმ სიმაღლის ტოიონოშიმას შეხვდა, რომელიც შარშან სეკივაკე იყო, მაგრამ მერე სკანდალებში გაეხვია და ძურიოში გავარდნაც "მოახერხა". ვიზუალური ეფექტი მატყუარა გამოდგა - ტანდაბალმა ტოიონოშიმამ მალევე ჩაიგდო ხელში მთაკაცის მავაში და იოლად გაიყვანა რკალიდან (იორიკირი).

ახლა მთავარია, ტოჩინოშინის თავდაჯერება იოკოძუნასთან მარცხმა არ შეარყიოს. ამიტომ მას დღეს ძალზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა ელის ოძეკი ჰარუმაფუჯისთან. ამ დაპირისპირების წინ ორი რამ მეტყველებს ტოჩინოშინის სასარგებლოდ: ჩვენებური მონღოლი ჩემპიონის წინააღმდეგ კარგად ჭიდაობს (3:3) და ჰარუმაფუჯი ტრავმირებულია, მუხლი აწუხებს. კოკაის მეტოქე მე-7 მაეგაშირა კოტოკასუგაა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ ეჭიდავა (წააგო). გაგამარუ კი ტოსაიუტაკას გაეჯიბრება. მათ დაპირისპირებებში ჯერჯერობით თანაფარდობაა - 1:1.

პირველ დღეს ჰარუმაფუჯის გარდა კიდევ ერთი ოძეკი, კაიო დამარცხდა, რომელიც ფუკუოკას პრეფექტურიდანაა, ამიტომაც ტრიბუნების მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. ვეტერანს ამან "მატადორ" ამინიშიკისთან შეხვედრაში ვერ უშველა. დამარცხდა აღმოსავლეთის კომუსუბი, ოსი არანიც, რომელმაც ვერაფერი დაუპირისპირა ბულგარელი კოტოოშუს იორიკირის.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
I დღე (სულ 11 ილეთი)

იორიკირი (7): კოტოოშუ-არანი, ბარუტო-კისენოსატო, ამინიშიკი-კაიო, ტოკუსეგავა-კოტოკასუგა, შიმოტორი-კიოკუტენჰო, ტოიონოშიმა-გაგამარუ. 
ოშიდაში (3): კიტატაიკი-ჰაკუბა, ტაკეკაძე-ვაკანოსატო, ტამავაში-კიმურაიამა.
ცუკიოტოში (2): ტოჩიოძანი-ასასეკირიუ, ტოჩინონადა-გოეიდო.
ჰატაკიკომი (2): იოშიკაძე-კოკაი, მიაბიამა-კორიუ.
უვატენაგე (1): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი.
კოტენაგე (1):კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი.
ცუკიდაში (1): კაკურიუ-ჰომაშო.
იორიტაოში (1): ტოსაიუტაკა-მოკონამი.
ჰიკიოტოში (1): ტაკამისაკარი-ტოკიტენკუ.
ოშიტაოში (1): ბუშუიამა-სოკოკურაი.
შიტატენაგე (1): ოკინოუმი-ვაკაკოიუ. 


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული