ახალი წლის ბაშოზე ქართველთა ერთდღიან გამონათებას ისევ წარუმატებლობა მოჰყვა - სუპერტურნირის მე-4 დღეს სამივე ჩვენებურმა წააგო და ორმა მათგანმა ძალზე გაირთულა საქმე. უპირველესად ეს ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) ეხება, რომელმაც პირველივე დღეს დაიშავა ლავიწი და მას შემდეგ სრულფასოვნად ვერ ჭიდაობს.
ქართველი მე-2 მაეგაშირა გუშინ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს შეხვდა. მონღოლს ტოჩინოშინი მხოლოდ სპარინგმატჩებში თუ უგებდა, თუმცა ასე იოლად არასოდეს დაუთმია ორთაბრძოლა ბაშოზე - ორიოდ წამში იოკოძუნამ ცაციათი იგდო ტოჩინოშინის მავაში ხელში და მიწოლით გაიყვანა დოჰიოდან. ტოჩინოშინმა ზედიზედ მერვედ წააგო დიდ ჩემპიონთან.
ლევანს 0-4 ბალანსი
გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) სუმოს მონღოლ პიონერ კიოკუტენჰოსთან წააგო. მოწინააღმდეგის მავაშის დაჭერა ორივე მათგანმა მოახერხა, მაგრამ ჯაჯგურის შემდეგ გამარჯვებული მონღოლი გამოვიდა და მიწოლით აჯობა ქართველს (იორიკირი). თეიმურაზი ერთადერთი ქართველია, რომელსაც იანვრის ბაშოზე უარყოფითი შედეგი არ აქვს - 2-2.
198-კილოიანი ქართველის მორიგი მეტოქე გოეიდოა (1-3), 24 წლის იაპონელმა უკვე მოასწრო სეკივაკეობა და არალეგალურ ტოტალიზატორებში თამაშის გამო რეიტინგში დამცრობაც. ეს გაგამარუსთვის საიუბილეო, 50-ე ორთაბრძოლაა უმაღლეს დივიზიონში. შედარებისთვის, კოკაის (ლევან ცაგურია) წინა დღის მიღწევას, 300 გამარჯვებას უმაღლესში გაგახსენებთ.
"შავმა ზღვამ" ჩინეთის წარმომადგენელ მონღოლ სოკოკურაისთან წააგო. კოკაიმ მიწოლას ვერ გაუძლო და თიხნარზე მოადინა ზღართანი. დღეს გავარდნის პირას მყოფი ქართველ მასზე უარეს მდგომარეობაში მყოფ მე-17 მაეგაშირა ტოიოძაკურას (0-4) ხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:2-ს უგებს.
ოთხი დღის შემდეგ 4-4 მოგება სულ ხუთ რიკიშის აქვს: დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს, ოძეკი ჰარუმაფუჯის, სეკივაკე კოტოშოგიკუს, მე-9 მაეგაშირა ვაკანოსატოსა და მე-16 მაეგაშირა ტოჩინონადას.
IV დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაიო-იოშიკაძე (ოკურიტაოში), ბარუტო-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), კოტოოშუ-არანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), კისენოსატო-კაკურიუ (იორიკირი), ტამავაში-გოეიდო (ჰატაკიკომი), ჰომაშო-ტოკუსეგავა (იორიტაოში), ტაკეკაძე-ასასეკირიუ (ცუკიოტოში), კიოკუტენჰო-გაგამარუ (იორიკირი), ვაკანოსატო-ტოსაიუტაკა (ოშიტაოში), კიტატაიკი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტაკამისაკარი-მიაბიამა (იორიკირი), კორიუ-ჰაკუბა (ოშიდაში), შოტენრო-შიმოტორი (ოშიდაში), მოკონამი-ვაკაკოიუ (ცუკიოტოში), კოტოკასუგა-ოკინოუმი (სუკუინაგე), კიმურაიამა-ტოიოძაკურა (ოშიდაში), ტოჩინონადა-ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), სოკოკურაი-კოკაი (იორიტაოში).
V დღე: ჰაკუჰო-იოშიკაძე, კაიო-ტოიონოშიმა, ბარუტო-ტოჩინოშინი, კოტოოშუ-ტამავაში, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, კისენოსატო-ამინიშიკი, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, არანი-ტოკუსეგავა, ჰომაშო-ასასეკირიუ, გაგამარუ-გოეიდო, კიოკუტენჰო-ტოსაიუტაკა, ტაკეკაძე-ტოკიტენკუ, კიტატაიკი-ტაკამისაკარი, ვაკანოსატო-ჰაკუბა, მიაბიამა-შიმოტორი, შოტენრო-მოკონამი, კორიუ-კოტოკასუგა, ოკინოუმი-ტოიოჰიბიკი, ვაკაკოიუ-ტოჩინონადა, კიმურაიამა-სოკოკურაი, კოკაი-ტოიოძაკურა.
.