ტიტულის დასაცავად

AutoSharing Option

22 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კბილებით იცავს კომუსუბის ტიტულს, რომელიც კარიერაში პირველად ნაგოიას ბაშოს წინ მიიღო. ტოჩინოშინს ცუდი სტარტი ჰქონდა და ახლა თითქმის გამოუვალი მდგომარეობის გამოსწორება უწევს - ლევანს ბაშოზე მხოლოდ ერთი წაგების უფლებაღა აქვს. გუშინ ტოჩინოშინის მეტოქე გოლიათი ბულგარელი კოტოოშუ იყო, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა ნაგოიაში. კოტოოშუ ძალიან მაღალი, ღონიერი და მოხერხებულია, სხვა გზა არ იყო და ლევანმა ხერხს მიმართა, დაჯახებამდე წამით ადრე ოდნავ მარცხნივ გადახტა და გვერდიდან შეუტია ოძეკის, რომელმაც "აზრზე მოსვლა" ვერ მოასწრო და ოშიდაშით

დამარცხდა. ტოჩინოშინის ბალანსი ჯერ კიდევ უარყოფითია - 3-6. დღეს ქართველი კომუსუბი მონღოლ ასასეკირიუს შეხვდება. "წითელი ურჩხული" პირველი მაეგაშირაა, თუმცა საშინლად ასპარეზობს (1-8). თუკი ტოჩინოშინი იმარჯვებს ეს მისთვის საიუბილეო, მე-100 მოგება იქნება ელიტაში. აქამდე ტოჩინოშინი და ასასეკირიუ 5-ჯერ შეერკინნენ ერთმანეთს, ქართველი 2:3-ს აგებს.

საქმე გაირთულეს ქართველმა მაეგაშირებმა, აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) შოტენროს შეტევა ვერ გაითვალა, მან კი ცაციათი სუკუინაგეს ილეთი შეასრულა და 202-კილოიანი ქართველი დოჰიოს ცენტრში დააგდო. გაგამარუს 4-5 ბალანსი აქვს და დღეს ნაგოიაში ბეჭდაუდებელ ჰომაშოს შეხვდება. გაგამარუ ცაცია ჰომაშოს კარიერაში პირველად დაეჭიდება.
კოკაიმ (ლევან ცაგურია) ზედიზედ მე-4 მარცხი იწვნია, "შავმა ზღვამ" შეძლო ტამაასუკას დიჰიოს კიდემდე გაყვანა, იქ კი მეტოქის კონტრშეტევა გაეპარა. კოკაის 4-5 ბალანსი აქვს, დღეს ის მე-15 მაეგაშირა ჰოკუტორიკის (5-4) შეხვდება. ეს რიკიშიები ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ, "შავი ზღვა" გამარჯვებული მხოლოდ 5-ჯერ გამოვიდა დოჰიოდან.

ორი დაუმარცხებელი სუმოისტის ბრძოლაში დიდმა მონღოლმა ჰაკუჰომ იმარჯვა, იოკოძუნამ 24 წლის წერო-ურჩხული კაკურიუ იორიკირით დაამარცხა. ჰაკუჰომ ზედიზედ 41-ე ბრძოლა მოიგო. ბაშოს 9-9 მოგებით ჰაკუჰო და მე-13 მაეგაშირა ჰომაშო ლიდერობენ. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლიათ კაკურიუს (8 მოგება) და კოტოოშუს (7). 

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)
IX დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი), ბარუტო-კაიო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოკიტენკუ (იორიკირი), ტოჩინოშინი-კოტოოშუ (ოშიდაში), არანი-კისენოსატო (იორიკირი), კიტატაიკი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ასასეკირიუ-ჰაკუბა (შიტატენაგე), ვაკანოსატო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-ტოკუსეგავა (იორიკირი), კიოკუტენჰო-იოშიკაძე (იორიკირი), შიმოტორი-ბუშუიამა (იორიკირი), ტოსაიუტაკა-კაკიძოე (იორიტაოში), ჰომაშო-მოკონამი (ოშიტაოში), კიმურაიამა-ტაკეკაძე (ცუკიოტოში), ტაკამისაკარი-ტამავაში (იორიტაოში), შოტენრო-გაგამარუ (სუკუინაგე), ტამაასუკა-კოკაი (შიტატენაგე), ჰოკუტორიკი-ტამანოშიმა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
9-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰომაშო (მაეგაშირა 13). 
8-1: კაკურიუ (მ 6).
7-2: კოტოოშუ (ოძეკი). 
6-3: კაიო (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), ტაკამისაკარი (მ 11)... 4-5: გაგამარუ (მ 12), კოკაი (მ 12)... 3-6: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

X დღე
ქართველთა
მეტოქეები: ტოჩინოშინი-ასასეკირიუ, გაგამარუ-ჰომაშო, კოკაი-ჰოკუტორიკი.

ფოტოზე: ტოჩინოშინის გამარჯვება 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული