მსოფლიოს თასი: ქერმანული შანსი ახალგაზრდებისთვის

AutoSharing Option
16-17 თებერვალს ირანის ქალაქ ქერმანში გაიმართება მსოფლიოს თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, რომლისთვისაც მონაწილეებს მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით იწვევენ - გუნდურ ჩათვლაში რვა საუკეთესო ნაკრებს.

ამათ შორის ჩვენი ეროვნული ნაკრებიც მოხვდა, რომელიც გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, ბორჯომში გადის შეკრებას საგანგებოდ ამ შეჯიბრებისთვის.

8 თებერვალს გუნდი ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მოინახულა, რომელიც დაესწრო ვარჯიშს, პირადად შეხვდა სპორტსმენებს და გაესაუბრა მათ, რამდენად კმაყოფილები იყვნენ პირობებით და ხომ არ სჭირდებოდათ ფედერაციის დახმარება.

იანტბელიძემ გუშინვე ირანში წასაყვანი შემადგენლობაც დაასახელა, რომელიც ფრიად გადახალისებულია - უმეტეს წონებში ან
დებიუტანტები მიდიან, ანაც - სათადარიგოები. ამის მიზეზი ზოგ შემთხვევაში ტრავმებია (მაგალითად, სანდრო ამინაშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) დაშავებულები არიან), თუმცა ლიდერთა უმეტესობა საქართველოს ჩემპიონატის გამო ისვენებს.

ქვეყნის პირველობა 6-7 მარტსაა დანიშნული, ანუ მსოფლიოს თასი ჩვენთვის მიუღებელ დროს ტარდება. წინა წლებში ის, ძირითადად, შემოდგომაზე იმართებოდა ხოლმე, ახლა კი ასე ადრიანად გადმოსწიეს. ამ პირობებში მართლაც არაა გამართლებული, ფალავნებმა ასეთ ხანმოკლე მონაკვეთში ზედიზედ იჭიდაონ ორ ტურნირზე. მით უფრო, ქვეყნის ჩემპიონატი ევროპის პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა, რასაც სპორტსმენთა ხელფასებიც ემატება.

ჩვენები ამიტომ აკეთებენ აქცენტს ეროვნულ ჩემპიონატზე, ხოლო მსოფლიოს თასზე იქნებ არც წასულიყვნენ, მაგრამ რაკი მიწვეული ხარ, უარის შემთხვევაში ფინანსური სანქციები დაგვეკისრება. თანაც, იანტბელიძეს ზოგიერთ წონაში ლიდერთა ღირსეული შემცვლელიც არ ჰყავს და იძულებულია, ახალგაზრდებს დაეყრდნოს, ზოგან კი შედარებით გამოცდილ ფალავნებს წონას არ აკლებინებს და ზედა წონაში აჭიდავებს. მაგალითად, ევროპის ბრინჯაოსმედალოსან კონსტანტინე ხაბალაშვილს, ვინც ამჯერად 65-ის ნაცვლად 70-ში გამოვა.

65-ში ზურაბ იაკობაშვილიც ქვეყნის პირველობისთვის ემზადება და ყველა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი ფალავანიც. ამიტომ იქ მწვრთნელი ახალგაზრდა ივერიკო ჯულაყიძეს ეყრდნობა, ვისაც დებიუტი ექნება ეროვნულ ნაკრებში.

ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონატი მასაც აინტერესებს, მაგრამ მას წლეულს ახალგაზრდული გუნდები ელოდება - 23-წლიანებში საქართველოს ჩემპიონი გახდა, 20-იანებში კი მეორეზე გავიდა. ამიტომ ეროვნული ნაკრებისთვის "ვერ მოიცლის" და ირანში მისი წაყვანა გამართლებულია.

დაახლოებით იგივე ვითარებაა 61-შიც - მსოფლიოს, ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დასვენება ისეც სჭირდება, ამ შემოდგომაზე იმდენი საკლუბო შეჯიბრება იჭიდავა და ოლიმპიადის შემდეგ არცკი დაუსვენია, ხოლო ბექა ლომთაძემ დეკემბერში მსოფლიოს არაოლიმპიურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. დასვენება ორივეს სჭირდება და თან მათთვის თასზე ბევრად უფრო პრიორიტეტული ქვეყნის პირველობაა. ამიტომ ქერმანში ახალგაზრდები - შოთა ფარტენაძე და გიორგი რევაზიშვილი იჭიდავებენ.

იანტბელიძეს ძირითადი შემადგენლობიდან ირანში ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74), ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი დავით მარსაგიშვილი (86) და ევროპის მოქმედი გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოსპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125) მიჰყავს.

86-ში კიდევ ერთ სატურნირო პრაქტიკას აძლევს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ დავით ხუციშვილს, ვისი ვარჯიშითაც კმაყოფილია, თუმცა ასეთი გადახალისებული გუნდის პირობებში აქცენტს შედეგზე არ აკეთებს, მთავარი სატურნირო პრაქტიკაა.

მსოფლიოს თასი გუნდური ტურნირია, რომელიც "კედელი-კედელზე" პრინციპით იმართება. უკვე ჩატარდა წილისყრაც და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა აზერბაიჯანთან, რუსეთთან და აშშ-სთან ერთად. დაგვეთანხმებით, ამ ჯგუფიდან გასვლა ნებისმიერისთვის "მეორედ მოსვლის" ტოლფასია.

საქართველოს ნაკრები
57 კგ. ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა
61 კგ. შოთა ფარტენაძე, გიორგი რევაზიშვილი
65 კგ. ივერიკო ჯულაყიძე
70 კგ. კონსტანტინე ხაბალაშვილი, ლევან ქელეხსაშვილი
74 კგ. იაკობ მაქარაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი
86 კგ. დავით მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი
97 კგ. ზვიად მეტრეველი
125 კგ. გენო პეტრიაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული