...ბაზაზე სტუმრები მაშინ მივიდნენ, როცა მოჭიდავეებმა ვარჯიში ის-ის იყო, დაამთავრეს და ტანვარჯიშის დარბაზში გროვდებოდნენ. ვარძელაშვილი გორელ გიორგი გოგშელიძეს განსაკუთრებული სითბოთი მიესალმა, რომელსაც ჯერ კიდევ შიდა ქართლში რწმუნებულად მუშაობის პერიოდიდან იცნობს, და საკმაოდ დიდხანს ესაუბრა. თუმცა მინისტრს არც სხვა ვარსკვლავები დავიწყებია და ყველას პრობლემებით დაინტერესდა.
სამივე გამომსვლელმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მოსკოვში გასამართი მსოფლიოს პირველობის მნიშვნელობას და დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ხელმძღვანელებმა სპორტსმენებს პირობა მისცეს, რომ ყველაფერს გაუკეთებენ ღირსეულად მოსამზადებლად, მაგრამ ისიც დაამატეს, ლეიბზე თქვენ უნდა იჭიდაოთ და გაიმარჯვოთ, თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებსო. ითქვა იმის შესახებაც, თუ რაოდენ დიდია სპორტსმენთა როლი უცხოეთში საკუთარი სამშობლოს წარმოსაჩენად. სადღეისოდ მხოლოდ სპორტში შეგვიძლია საერთაშორისო წარმატებების მოპოვება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერც ოსკარს მივწვდებით და ვერც სხვა მასშტაბურ წარმატებასო, თქვეს და იქვე სთხოვეს მოჭიდავეებს, ეს ფაქტი კარგად გაიაზრონ და გულთან ახლოს მიიტანონ.
ბაზიდან წამოსულმა სტუმარ-მასპინძლებმა სასტუმროში გადაინაცვლეს, სადაც სპორტსმენებმა სასადილოს მიაშურეს, სტუმრები კი მწვრთნელებთან ერთად საკონფერენციო დარბაზში მთელი საათით განმარტოვდნენ სათათბიროდ. ბუნებრივია, დახურული თათბირის დეტალები არ ვიცით, მაგრამ გავარკვიეთ, რომ ბერძენ-რომაელები მეორე შეკრებაზე ალუშტაში აღარ მიდიან და დუშეთში დარჩებიან, `თავისუფლები~ კი ისედაც იქ აპირებდნენ ვარჯიშის გაგრძელებას. ბერძენ-რომაელები მსოფლიომდე ტურნირში არ გამოვლენ, `თავისუფალთაგან~ კი რამდენიმემ, შესაძლოა, პოლონეთში იჭიდაოს.