პოლონეთიც გამოირიცხა

AutoSharing Option
საბოლოოდ გადაწყდა, რომ 6-12 სექტემბერს მოსკოვში გასამართ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჩვენი გუნდები საერთაშორისო ტურნირებში აღარ გამოვლენ. ბერძენ-რომაელებმა ეს ბაქოს `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ ტურნირზე მონაწილეობისთანავე გამორიცხეს, `თავისუფლები~ კი თითქოს 6-8 აგვისტოს პოლონეთში, ციოლკოვსკის მემორიალზე აპირებდნენ რამდენიმე მონაწილის გაგზავნას. ძირითადად იმათსას, ვისაც საშეჯიბრო პრაქტიკის ნაკლებობას შეატყობდნენ. შაბათს დუშეთში ყოფნისას შევიტყვეთ, რომ ლაპარაკი იყო მხოლოდ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონზე, ევროპის ორგზის და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ოთარ თუშიშვილზე (66), რომელსაც ტრავმების გამო არც თბილისში, ვახტანგ ბალავაძის სახელობის `ოქროს დიდი პრიზის~ შესარჩევ შეჯიბრებაში უასპარეზია და არც
- ბაქოში, ზემოაღნიშნულ ფინალურ ტურნირში. ზედ ბალავაძის ტურნირის წინ მან ხელის თითები იტკინა, ის შეჯიბრებებიც ამან გამოატოვებინა და ახლაც მათი მიზეზით ვერ მიდის პოლონეთში - ბოლომდე კიდევ არაა მოშუშებული. სავარაუდოდ, ამან მისი მოსკოვში, მსოფლიოს პირველობაზე გამგზავრების შანსები შეამცირა, თუმცა შეკრებებს კი გადის და არა არის გამორიცხული, მწვრთნელებმა გამოცდილების გამო მაინც ანდონ ნაკრებში ადგილი. მით უფრო, ამ წონაში დიდი კონკურენცია არცაა.

უკვე გაცნობეთ, რომ მსოფლიოსთვის მოსამზადებელი გეგმა ცოტათი შეცვალეს ბერძენ-რომაელებმაც - ისინი მეორე შეკრების გავლას უკრაინულ ალუშტაში აპირებდნენ, ვინაიდან მინსკში, `სტაიკების~ ოლიმპიურ ბაზაზე მიღებაზე უარი უთხრეს - ბელარუსებიც ალუშტაში მიდიან ერთობლივ ვარჯიშებზე, სადაც რამდენიმე ძლიერი გუნდი აპირებს სტუმრობას და ჩვენებსაც იქ შესთავაზეს ჩასვლა. ქართული მხარე ამ წინადადებას დიდხანს განიხილავდა, საბოლოოდ კი უარი განაცხადეს და გადაწყვიტეს, ორივე დარჩენილი შეკრება დუშეთში, ახალგახსნილ ოლიმპიურ ბაზაზე გაიარონ. სადღეისოდ ორივე ნაკრები სწორედ იქ ვარჯიშობს და მსოფლიომდე დარჩენილ ორ-ორ შეკრებასაც იქ გაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული