ჩვენ ნამდვილად ჭაბუკებით ვჭიდაობთ

AutoSharing Option
საქართველოს ჭაბუკ თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 - 4 აგვისტოს სარაევოში ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს. გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე ტურნირში მონაწილეობდა, ამჟამად კი ვარიანშია დასკვნით შეკრებაზე, რომლის დასრულებისთანავე, 1 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქში გაფრინდება. გთავაზობთ ინტერვიუს მთავარ მწვრთნელ თამაზ ბენდიანიშვილთან.

_ ვარიანში 18 ივლისს ჩამოვედით და 31 ივლისამდე დავრჩებით. ძირითადი დატვირთვა ხალიჩაზე მოდის. სასიამოვნოა, რომ თითქმის მთლიანად მოწყვეტილები ვართ შფოთიან გარესამყაროს. ჭაბუკი სპორტსმენისთვის განსაკუთრებით აუცილებელი მშვიდი ძილი და რიგიანი მოსვენებაა, რაც ამ ბაზაზე ნამდვილად არის.

_ ტრავმებს ხომ არ უჩივით, Bბიჭები
სრულ მზადყოფნაში არიან?
_ ლევან გოგრიჭიანს (85 კგ) ფეხი აქვს ნაოპერაციები და ცოტაღა უკლია ბოლომდე მოშუშებას. ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ბუჯიაშვილმა (42 კგ) კი სამი დღეა, მკლავის სახსარი იტკინა და მაქსიმალურად ვცდილობთ, მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. როგორც ვატყობ, ამის გამო გარკვეული პრობლემები მას სარაევოშიც შეექმნება, მაგრამ იჭიდავებს და იმედი მაქვს, საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს.

_ ნაკრების ძირითადი ბირთვი საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონებმა შეადგინეს?
_ ერთადერთი გამონაკლისი ლევან გოგრიჭიანია, რომელსაც, როგორც გითხარით, ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და ჩემპიონატი გამოტოვა. მის წონაში მარტყოფლიშვილი გახდა ჩემპიონი, მასზე აუგს ვერ ვიტყვი, თუმცა მოსამზადებელი ეტაპის ტურნირებზე ირანსა და თურქეთში სახარბიელოდ ვერ იჭიდავა და ვარჩიეთ, ისევ გოგრიჭიანს დავეყრდნოთ.

_ სხვა წონებში როგორი კონკურენციაა?
_ უმეტეს შემთხვევაში ფავორიტები კონკურენტებს აშკარად ჯობნიან და არჩევანი რთული არ ყოფილა. დიდი ხანია, ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და, სამწუხაროდ, ასეთი სუსტი გუნდი ადრე მხოლოდ ერთხელ მყავდა. გუნდის გამოკვეთილი ლიდერი, რომლისგანაც მედალს უთუოდ ველით, ბუჯიაშვილია. სხვებზე ამის თქმა გაგვიჭირდება.

_ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებშის მონაწილეობის ლიცენზიის მქონე პეტრიაშვილი და მოსიძე სარაევოში მედლების კანდიდატებად არ ითვლებიან?
_ ირაკლი მოსიძემ (63 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (100 კგ) სინგაპურის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება დამსახურებულად მოიპოვეს. მათ უფრო სამეულის სიახლოვეს მოვიაზრებთ ევროპის ჩემპიონატზე. გამორიცხული არც საპრიზო ადგილის მოპოვებაა. დაუფიქრებლად შედგენილი კალენდრის გამო კონტინენტის ჩემპიონატის მერე, სულ რაღაც ერთ კვირაშია ოლიმპიადა სინგაპურში. ძალიან უცნაურია, მაგრამ რა გაეწყობა.

_ ნაკრებში რეგიონები როგორაა წარმოდგენილი?
_ ხუთი ფალავანი თბილისელია, ორ-ორი - გორიდან და აჭარიდანაა, ერთიც - ხაშურიდან. სხვათა შორის, გამოცდილებით ვიცი, რომ რეგიონების წარმოამადგენლები ფიზიკურად უფრო გამძლენი და შედეგის მომატანნი არიან. მივესალმები მათი რაოდენობის მატებას და საერთოდაც, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში თავისუფალი ჭიდაობის სექციების მომრავლებას.

_ როგორც ცნობილია, ჭაბუკთა შეჯიბრებებზე გადაზრდილების პრობლემა კვლავ აქტუალურია...
_ ამ თვალასაზრისით, რუსეთი გამორჩეულია თუმცა ბოლო ხანს არც აზერბაიჯანი `ჩამორჩება~. სიმწრით გვეცინება, ზოგჯერ ისეთ `ჭაბუკ~ მოჭიდავეს ვხედავთ ევროპის ჩემპიონატებზე ამ გუნდებში. ეს პრობლემა, მართლია, ნაწილობრივ, მაგრამ საქართველოშიც იყო წლების წინათ. დღესდღეობით ეს მანკიერება ბოლომდე აღმოფხვრილია. ჩვენ ყველგან ნამდვილად ჭაბუკებით ვჭიდაობთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული