მთავარი მედლების რაოდენობით კვეხნა არაა

AutoSharing Option
სერბეთში დასრულებულ თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ნაკრებმა ტრადიციულად კარგად იასპარეზა. შედეგები მკითხველისთვის ცნობილია. გთავაზობთ ინტერვიუს ნაკრების თავკაცთან ნუგზარ სხირელთან.

- ევროპის ჩემპიონატის წინ აცხადებდით, რომ ამჟამინდელი ნაკრები შარშანდელზე სუსტი იყო, თუმცა სერბეთში მონაპოვრით ამას ვერ ვიტყვით...
- დიახ. შარშან ბულგარეთში თუ ორ-ორი ოქრო-ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოვიპოვეთ, ახლა სერბეთიდან ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო წამოვიღეთ. შარშან გუნდურ ჩათვლაში ოდნავ ავცდით პირველ ადგილს წლეულს კი რუსეთთან თანაბარი ქულებით გავიყავით I-II ადგილები. მიმაჩნია, რომ მეტიც შეგვეძლო,
მაგრამ ორ წონაში მსაჯების გამო ვერ მივაღწიეთ უკეთეს შედეგს.

- ვის მიიჩნევთ დაჩაგრულად?
- პირველ დღეს ბექა პეტრიაშვილის (74 კგ) ფინალში მარცხი თურქ აბდულკადირ ოზმენთან და თენგიზ ებანოიძის (96) წაგება ნახევარფინალში რუს ბატრაზ გაზაევთან მსაჯების სინდისზეა. ბულგარელმა ჩემი პროტესტის გამო ბოდიში მოიხადა და მითხრა: ხვალ ყველაფერი გამოსწორდებაო. მე კი ვუთხარი, რომ მეორე დღეს არაობიექტურობითაც ვერაფერს დაგვაკლებდნენ, რადგან ჩვენი დამრტყმელი ძალა გამოდიოდა და მათი დიდი იმედი გვქონდა ყველას.

- ლადო ხინჩაგაშვილსა და დავით მარსაგიშვილს გულისხმობდით?
- ცხადია, პირველ ყოვლისა სწორედ მათი იმედი მქონდა. ხინჩეგაშვილი ისე ჭიდაობს, პირველი პერიოდი კიდეც რომ დათმოს, მაინც უშიშრად ვარ, ვიცი ბოლოს მაინც მოიგებს! მარსაგიშვილმა კი ანალოგიურ ტურნირზე შარშანდელი ჩავარდნისაგან სწორი დასკვნები გამოიტანა და შესანიშნავ ფორმაში იყო. ორივემ დამაჯერებლად იჭიდავა.

- შარშან ევროპაზე მეორე, მსოფლიოზე კი მესამე ადგილების დაკავების მერე, თენგიზ ჩოჩიშვილი ისევ მესამე ადგილზე გავიდა. არ შეეძლო უწინდელი მიღწევის გაუმჯობესება?
- ჩოჩიშვილი მეტად პერსპექტიულია. იგი მომავლის მოჭიდავეა და ტრაგედია არაა, თუ ჯერ ახალგაზრდებს შორის მხოლოდ მეორე-მესამე ადგილებით კმაყოფილდება. მთავარია, სტაბილურად მიდის მომავალი გამარჯვებებისაკენ.

- მძიმე წონაში ბრინჯაოს პრიზიორ გენო პეტრიაშვილზე რას იტყვით?
- გენო ჯერ მხოლოდ 16 წლისაა. როცა გუნდის შემადგენლობაში დავაყენე, ზოგმა იფიქრა სხირელს ბავშვი მიყავს ახალგაზრდულ ნაკრებშიო. ამ ბავშვმა აჩვენა, რომ წინ დიდი მომავალი აქვს. მერე რა, რომ მედალს არ ვუგეგმავდით (თუმცა მე მინც მჯეროდა მისი წარმატების), მან შესანიშნავად იჭიდავა სერბეთში წონითაც და ასაკითაც თავისზე აშკარად დიდებთან. სხვათა შორის, გენო პეტრიაშვილი კარგი მაგალითია იმისა, რომ მედლების სიუხვით კვეხნას მიზანდასახული მუშაობა და პირველი ნაკრებისთვის ღირსეული ცვლის მომზადება გვიჯობს.

- თუ შეიძლება, ლაშა ტალახაძისა და დავით ტლაშაძის გამოსვლაც შეაფასეთ.
- მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ უკმაყოფილო არ ვარ. ურიგოდ არ უასპარეზიათ და გუნდს ჩამთვლელი ქულებიც მისცეს, რითაც საშუალება მოგვეცა რუსებს არ ჩამოვრჩენილიყავით.

- ერთ თვეში რუმინეთში მსოფლიოს ჩემპიონატია. გარკვეულწილად შეცვლით გუნდის შემადგენლობას?
- მნიშვნელოვნად არა. აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს ეროვნულის თავკაცებთან. ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი მოგეხსენებათ, პირველი ნაკრების წევრებიც არიან და სექტემბერში თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე უწევთ გამოსვლა, იქამდე კი აზერბაიჯანის გრან-პრია. ნაკრების მწვრთელები ფიქრობენ ორივგან აჭიდაონ და რომ არ გადაიღალონ, ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გამოტოვონ. ფალავნებს და მათ მწვრთნელებს (მათ შორის მე) ხინჩეგაშვილისა და მარსაგიშვილის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხილვა სურთ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უმჯობესია ამ ბიჭებმა გრან-პრი გამოტოვონ უფროსებში, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის.

- ბოლოს საინტერსოა, გორში სასპორტო სკოლის რემონტის გამო თქვენი პრობლემები თუ მოგვარდა?
- რემონტი, ბუნებრივია, ჩვენს დარბზასაც აიძულებს დროებით შეწყვიტოს მუშაობა. არადა, გორში თავისუფალი ჭიდაობის ჯგუფის მუშაობის შეჩერებამ შეუძლებელია უარყოფითი გავლენა არ იქონიოს, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საქართველოს ყველა ნაკრებზე. დიდი ხნის წინათ შეპირებული, ჩვენთვის განკუთვნილი ახალი შენობის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ახლა ჩვენ სად წავიდეთ? სხვაგანაც არსად გამოინახა დროებითი ფართი. ამიტომ, მე ვფიქრობ, ყველაზე უმჯობესი იქნება, სარემონტოდ სულ ბოლოს თავისუფალი ჭიდაობის დარბაზში შემოვიდნენ, იმ დროისთვის უკვე გარემონტებულ სხვა დარბაზი დაგვითმონ დროებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული