წლეულს უფროსებში გადასული ხუციშვილი მისმა თანაქალაქელმა ბექა პეტრიაშვილმა შეცვალა წარმატებით. მან ქვეყნის ჩემპიონობას ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედალი მიუმატა. ამჟამად ის ვარიანში ემზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც ივლისის ბოლოს ბუქარესტში უნდა ჩატარდეს.
- ბექა, 74 კგ საგარეჯოელებისთვის ყველაზე წარმატებული წონაა თავისუფალ ჭიდაობაში.
- ჯერ ხუციშვილმა ახალგაზრდებში ყველაფერი მოიგო ამ წონაში, ახლა
წლეულს დავით ხუციშვილის ასაკით დიდებში გადასვლის მერე კონკურენცია ამ წონაში თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ თებერვალში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ძალიან მოვინდომე და მე გავიმარჯვე. ფინალში მაშინ თბილისელი რევაზ ივანიშვილს ვძლიე. სხვათა შორის ცოტა დააკლდა სამეულში შემოსვლამდე კიდევ ერთ საგარეჯოელ ფალავანს ზურაბ ერბოწონაშვილს, რომელიც, მართალია, კვარცხლბეკზე ვერ ავიდა, მაგრამ ნაკრების თავკაცებმა მასში დაინახეს იმის პოტენციალი, რომ ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ჩემთან ერთად ეჭიდავებინათ. ბაქოში ორივე ბრინჯაოს პრიზიორები გავხდით.
- როგორც ვიცი საერთაშორისო არენაზე შენთვის ეს წელიწადი სადებიუტო იყო...
- ერთხანს მენისკი მაწუხებდა და ოპერაციის გამო სეზონის გამოტოვება მომიწია. საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებამ კარი გამიხსნა ნაკრებში, იქიდან კი საერთაშორისო არენაზე. მწვრთნელთა ვარაუდით, საჭირო იყო ამ მხრივ გარკვეული ადაპტაციის ეტაპის გავლა, რის გამოც პირველი შეჯიბრება რიგაში ჩამივარდა კიდეც, თუმცა აგერ, ახლახან, ევროპის ჩემპიონატზე უკვე შევძელი შესაძლებლობათა გამოვლენა.
- ორიოდ სიტყვით კონტინენტის ჩემპიონატზე შენი ასპარეზობაც გაიხსენე, სადაც პირველად პოსტსაბჭოელთათვის კარგად ნაცნობი სახელმწიფო მოღვაწეთა გვარის წარმომადგენლებთანაც მოგიწია ჭიდაობა.
- დიახ, ჯერ ჟუკოვი (უკრაინა) დავამარცხე 3:0, 4:2 შემდეგ კი კიროვი (ბულგარეთი) 1:, 3:1. მომდევნო მეტოქე ბალინტ მოლნართან შეხვედრა საკმაოდ შედეგიანი გამოდგა, თუმცა მასაც ორ პერიოდში მოვუთავე საქმე 6:0, 5:4. აი ფინალში კი თურქ აბდულკადირ ოზმენთან დაძაბულ პაექრობაში 2:4, 3:3 დავმარცხდი.
- სერბეთის არენაზე შენს მიერ გამოვლენილი შესაძლებლობების ადექვატურად მიგაჩნია მოპოვებული მეორე ადგილი?
- ზოგადად ვერცხლის მედალი ურიგო შედეგად ითვლება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ნაკრების მწვრთნელის მიერ ფინალური შეხვედრის დასრულების მერე მიკერძოებული მსაჯობის გამო გამოხატულ პროტესტს, ალბად ჩემპიონობაც არ იყო არარეალური. თანაც სადებიუტო ასპარეზობაზე ჩემმა ასეთმა გამოსვლამ მომავლის იმედები გამიორმაგა.
- მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გვითხარი...
- ახალგაზრდული ნაკრების წევრები ამჟამად ვარიანში ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობით საკმაოდ ნაყოფიერ მეორე შეკრებას გავდივართ. მწვრთნელის დამსახურებით ჩემი ჭიდაობის სტილი კიდევ უფრო დავხვეწე, გამოცდილებაც შედარებით მეტი მაქვს და ვნახოთ, დიდი იმედია, რომ რუმინეთიდან ხელცარიელი არ დავბრუნდები.
ფალავანის შეფასება ნაკრების თავკაცსაც ვთხოვეთ.
”პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, რომ საგარეჯოელი მწვრთნელი რამაზ ასაბაშვილი ასეთ კარგ ფალავნებს ზრდის. ხუციშვილმა უკვე დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერია. იმედია, ბექაც ბევრს შეძლებს. პეტრიაშვილი, მოგეხსენებათ, კახეთიდანაა და თავიდანვეც აშკარად ჩანდა, რომ ქართული ჭიდაობის გავლენით სარმაზე ცოტა ზედმეტადაა ორიენტირებული. თავისუფალი ჭიდაობის ნიუანსების სრულყოფაზე, რაც შეკრებაზე იყო შესაძლებელი, ვამუშავეთ.
საერთოდ, ნაკრების მწვრთნელი შეკრებაზე ფალავანს ახალს ძნელად თუ რამეს ასწავლის. ჩვენ მხოლოდ იმის დახვეწას ვახერხებთ რა ფანდიც მან უკვე იცის. ამასთან მიგვაჩნია, რომ სპორტსმენს კლასიკური ფანდის მისებრი იმპროვიზაციის საშუალება უნდა მისცეს მწვრთნელმა და არც თვითმყოფადობა უნდა დააკარგვინოს. არ არის სასურველი, როდესაც ერთ დარბაზში ყველა ფალავანი ურთიერთის მსგავს სტილში ცდილობს ოსტატობის დახვეწას.
ბექას ევროპის ჩემპიონატის ფინალი არ უნდა წაეგო. მისი მარცხი მსაჯების ნამუსზეა. ისე მაშინ გამოუცდელიც იყო. ცხადია, წინასწარ დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, იმედია, იგი ბუქარესტშიც ღირსეულად გაირჯება და მერე ხუციშვილის დარად კიდევ ერთ ძლიერ ფალავანს მიიღებს ქვეყნის პირველი ნაკრები” - გვითხრა ნუგზარ სხირელმა.
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"