ჯონი ლორია: მწვრთნელი სულ ასწავლის და თავადაც სწავლობს

AutoSharing Option
დიდი ხანია ჯონი ლორია თავისუფალ ჭიდაობაში ფალავნებს უზრდის საქართველოს, თუმცა იგი ერთ-ერთი იმ მწვრთნელთაგანია, რომელიც ძალიან იშვიათად ჩნდება მედიაში და შესაბამისად სპორტის ქომაგმაც ცოტა რამ იცის მის საქმიანობაზე.

მეტიც, როგორც ბატონმა ჯონიმ გვითხრა, ჩვენთან ინტერვიუ მისთვის ერთგვარი სადებიუტოც კი ყოფილა პრესასთან ურთიერთობაში. არადა ამ ადამიანს არც სამუშაო გამოცდილება აკლია და არც მისი შრომით წარმატებამოხვეჭილი მადლიერი შეგირდები.

გთავაზობთ ინტერვიუს ჯონი ლორიასთან, რომელიც ვარიანში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატისწინა შეკრებაზე ჩავიწერეთ.

- ბატონო ჯონი, თავდაპირველად თქვენი სამწვრთნელო კარიერის გარიჟრაჟი გაიხსენეთ.
- მწვრთნელობა,
მოჭიდავის ხანმოკლე კარიერის შემდეგ, 36 წლის წინათ დავიწყე გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში და დღემდე იქ ვმუშაობ. თუმცა ამ სასწავლებელს ახლა გარკვეულწილად შეცვლილი აქვს პროფილიც და სახელწოდებაც - ოლიმპიური მომზადების ცენტრი ჰქვია. დიდი ხანია იქ მთავარი მწვრთელის ფუნქციას ვითავსებ და სპეციალისტთა საკმაოდ კარგ ჯგუფთან მიწევს თანამშრომლობა.

- გლდანის სკოლა-ინტერნატს არაერთი ტიტულოვანი ფალავანი გაუზრდია. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა პროფილის შეცვლით?
- გარკვეული პლუს-მინუსები მაშინაც იყო და ახლაცაა. ზოგადად ჩვენი მუშაობის პრინციპი მუდამ იყო სკოლაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან პერსპექტიული სპორტსმენები მიგვეღო და აღგვეზარდა. ადრე ასეთები ჯერ კიდევ 12-13 წლის ასაკშიც მოჰყავდათ, ახლა გაცილებით უფროსები მოდიან. არადა უკვე ჩამოყალიბებული სპორტსმენის სტილის შეცვლა ძალიან ძნელია. თანაც ახლა ხშირად, ერთ წელიწადში თუ შედეგი ვერ აჩვენა, უკან აბრუნებენ. მე ეს არ მიმაჩნია მართებულად. იშვიათობა არაა, როცა სპორტსმენი გვიან იხსნება და ტიტულებსაც უხვად იხვეჭს. მისასალმებელია, რომ ჭიდაობის ფედერაცია და ქართული სპორტის თავკაცები ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობენ და, ვფიქრობ, ოლიმპიური ცენტრი მომავალში უფრო დახვეწილი პროგრამით განაგრძობს საქმიანობას.

- რეგიონებიდან სპორტსმენთა ჩამოყვანა დასაოსტატებლად აუცილებელია?
- აუცილებელია იმათთვის, სადაც არ არის მათი სრულყოფილად დაოსტატების პირობები. ეს ეხება როგორც სპორტულ ინფრასტრუქტურას, ისე მწვრთნელთა კადრებს. ცალკეულ შემთხვევას თუ ავიღებთ, მაგალითად, გორში ისეთი ძლიერი სკოლაა, რომ ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ეს ქალაქი იშვიათ გამონაკლისია.

- პირველი წარმატება გაიხსენეთ, რამაც სამწვრთნელო კარიერაში სტიმული მოგცათ...
- პირველი ასეთი წარმატება იყო ჩემი სოხუმელი შეგირდის, ბორის ღვინჯილიას მიერ 1979 წელს ტაშკენტში მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მოპოვებული ჩემპიონობა. 1981 წელს კი უკვე ვილნიუსში იგივე შედეგი გაიმეორა ჩემივე აღზრდილმა, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა ზაზა თურმანიძემ, რომელიც ევროპის ჩემპიონიც გახდა 1987 წელს. ამ მიღწევებმა ნამდვილად დიდი სტიმული მომცა სამწვრთნელო საქმიანობაში. საბედნიეროდ, დღესდღეობით ევროპისა და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონი და პრიზიორია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომელთაც ჩემი ხელმძღვანელობით დაოსტატების გარკვეული ეტაპი გაუვლიათ. საერთოდ, ცნობილია, რომ ყველა ფალავანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მე როგორც ნაკრების, ისე ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენებთან სისტემატიურად მიწევს ურთიერთობა და ესეც საკმაოდ საინტერსოა. მიმზიდველია განსხვავებული ხასიათისა და სტილის სპორტსმენებთან მუშაობა.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის ამპლუაშიც დიდი გამოცდილება და წარმატებები დაგიგროვდათ...
- 1992 წელს დავიწყეთ ერთად მუშაობა მე და ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა. ერთი წლის მერე გაგვანთავისუფლეს და 1994 წელს ისევ დაგვნიშნეს. საგულისხმოა, რომ ჩვენი ხელმძღვანელობით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გუნდურ ჩათვლაში ყოველთვის სამეულში შედიოდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. მხოლოდ ერთი წლიწადი იყო გამონაკლისი. მოგვიპოვებია საუკეთესო გუნდური შედეგებიც. აქვე ისიც მინდა განვაცხადო პირველად, რომ ყველაზე მეტი, როგორც მწვრთნელმა, სხირელისგან ვისწავლე. თუმცა ამხელა გამოცდილება მაქვს, ახლაც ბევრჯერ მომინიშნია ნუგზარის მეთოდებიდან საინტერსო დეტალები.

უცხოელთა მუშაობის სტილისა და, საერთოდ, ჭიდაობის სამყაროში მიმდინარე სიახლეების უშუალოდ გაცნობითაც ბევრს ვიძენთ. მწვრთნელი, მართალია, პირველ ყოვლისა, თავად ასწავლის, მაგრამ თვითონაც გამუდმებით უნდა სწავლობდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული