ფრთხილად მწვრთნელებო, შემცვლელი კანდიდატურები განიხილება!

AutoSharing Option
მოსკოვური შემადგენლობების საბოლოო გარკვევა ზუსტად ერთი კვირით, მომავალ ორშაბათამდე გადაიდო. 6-12 სექტემბერს მოსკოვში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი გუნდი ჩვენმა `თავისუფლებმა~ სრულად დაასახელეს, ბერძენ-რომაელებს კი ერთადერთი ვაკანსია დარჩათ - 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ არჩევანი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიასა და წლევანდელ სეზონში გამოჩენილ ახალგაზრდა ქუთაისელ გიორგი ცირეკიძეს შორის უნდა გააკეთოს. ეს საკითხი აქამდეც გადაწყდებოდა, რომ არა კვირკველიას ტრავმა. მან ევროპის პირველობა გამოტოვა და მისთვის სეზონის პირველი სოლიდური ტურნირისთვის გულმოდგინედაც ემზადებოდა, მაგრამ წინა შეკრებაზე გამართულ
საკონტროლო შეხვედრაში ფეხი იტკინა. თუ ორშაბათამდე მოიშუშა, ცირეკიძესთან საკონტროლო შეხვედრასაც იჭიდავებს, თუ ვერა - ქუთაისელი ფალავანი მოსკოვში წასვლის უფლებას ავტომატურად, უბრძოლველად მიიღებს.

ცირეკიძემ სპეციალისტთა ყურადღება ამ სეზონში მიიქცია, თუმცა არა თავიდანვე - საქართველოს ჩემპიონატიდან, არამედ შუა სეზონიდან, როცა ივნისში გივი კარტოზიას ხსოვნის `ოქროს დიდი პრიზის~ შეჯიბრება მოიგო. ამით მსოფლიოზე წასვლის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატადაც იქცა. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავდა მსოფლიოს საგზურის მოპოვებას ორი ძირითადი მიზეზის გამო - ის ტურნირი კვირკველიას ტრავმამ გამოატოვებინა და იმთავითვე საეჭვო ჩანდა, დარჩიას ნაკრების უპირველესი ლიდერი ასე ხელაღებით ჩამოეწერა. ამასთან, ცირეკიძეს მომდევნო შეჯიბრებებშიც უნდა დაემტკიცებინა თავისი სტაბილურობა, თორემ ერთი ტურნირით ამხელა ნდობა სარისკო ჩანდა. ახალბედა ფალავანს საჯილდაო ქვად ბაქოში გასამართი `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალი რჩებოდა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს გამოცდაც წარმატებით ჩააბარა - მხოლოდ ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევით ფალავანთან არც იქ წაუგია - უნგრელი პეტერ ბასცი 2008 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, კონტინენტის წლევანდელ პირველობაზე კი ბრინჯაო მოიპოვა.

თუმცა ცირეკიძეს იქაც აედევნა კვირკველიას აჩრდილი - სადღეისოდ ჩვენი ნაკრების უტიტულოვანესმა სპორტსმენმა ნახევარფინალში პირველი პერიოდი მოუგო ბასცის, მაგრამ ტრავმა მიიღო და არათუ ის შეხვედრა დათმო, ვეღარც ბრინჯაოსთვის ეჭიდავა ევროპის მოქმედ ბელარუს ჩემპიონ ალექსანდრ კიკინოვს. არადა, კიკინოვს ადრე ყოველთვის იოლად უგებდა, ერთხელ კი ჩვეულებრივ საჭიდაო სიტუაციაში სულაც ნეკნი ჩაუმტვრია. სხვა დროს კვირკველიას იქნებ მაინც გაერისკა მასთან ჭიდაობა, მაგრამ იმ ტურნირზე ისედაც ტრავმირებული ჩავიდა - ნეკნი მანამდეც აწუხებდა და მსოფლიოს პირველობაზე მოფიქრალმა არ გარისკა, შესაძლო გართულებას მოერიდა.
ერთი სიტყვით, ამ წონაში გაურკვეველი ვითარება შეიქმნა - შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ცირეკიძემ ნამდვილად დაიმსახურა მსოფლიოზე წასვლა, მაგრამ კვირკველიას ტრავმამ ისევ დატოვა კითხვის ნიშნები - ამით მას თავის გასამართლებელი საბაბიც მიეცა და ხელაღებით ვერც მწვრთნელები ჩამოწერდნენ, რადგან დაშავებისგან დაზღვეული არავინაა. თან ისიც სათქმელია, პირად შეხვედრაში ვინ ვის აჯობებს. კონკურენტთა მიერ დაფიქსირებული საამსეზონო შედეგების მიუხედავად, ვფიქრობთ, პირად ორთაბრძოლაში კვირკველია ფავორიტია. ალბათ არც ისაა საკამათო, რომ ასეთი დონის ტურნირზე უფრო ძლიერის წასვლა აჯობებს. ამის თქმით ოდნავადაც არ ვაკნინებთ ცირეკიძეს. პირიქით, მისი წლევანდელი გამოსვლა უდავოდ დასაფასებელია და აღსანიშნავი. ვაღიარებთ - ბედის ირონიაა, რომ ამ შედეგების მიუხედავად, მაინც დამატებით უხდება ბრძოლა მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უფლების მოსაპოვებლად, მაგრამ მწვერვალისკენ მიმავალი გზა ყოველთვის რთულია. ერთიცაა: ცირეკიძე მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს ნაკრებში და ჯერ არაფერი მოუგია. მეტიც - აქამდე ამის შანსიც არ ჰქონია, რადგან პირველხარისხოვან ტურნირებში საერთოდ არ უჭიდავია. მას რაღაც წარმატებები მაინც რომ მოეპოვებოდეს, იქნებ მწვრთნელებსაც უფრო თამამად გაერისკათ, ამ პირობებში კი კვირკველიას ტიტულები ყველას დაფიქრებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მით უფრო, ბოლო წუთამდე არც ტრავმები აწუხებდა, თორემ კონტინენტის პირველობის წინ დარჩიამ ტრავმირებული ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი რამაზ ნოზაძე (96) თამამად ჩაანაცვლა ახალგაზრდა სოსო ჯაბიძით და შედეგიანადაც - ჯაბიძემ ბრინჯაო მოიპოვა და ჩვენი გუნდის ერთადერთი მედალოსანი გახდა.

ჯაბიძე ამჯერადაც დარჩიას რჩეულთა შორისაა, როგორც ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და გურამ ფერსელიძე (120). იმის მიუხედავად, მოხვდება თუ არა დებიუტანტი ცირეკიძე ნაკრებში, დარჩიას კრებულში ახალი სახე მაინცაა - გეგეშიძე, რომელმაც მოსკოვში წასვლა კარტოზიას ტურნირის მოგებით დაიმსახურა. მოგეხსენებათ, ამ წონის ძველმა ლიდერმა, ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა ბადრი ხასაიამ გაუთავებელი ტრავმების გამო ჭიდაობას თავი დაანება და მწვრთნელობა დაიწყო, თუმცა იმას არ ვამბობთ, რომ გეგეშიძემ თითქოს მხოლოდ ამის გამო მოიპოვა ნაკრებში ადგილი. პირიქით - მან ძალიან ძლიერად იჭიდავა კარტოზიას ტურნირზე და სავსებით დამსახურებულად გაიმარჯვა. სხვა შემთხვევებში დარჩია კვლავაც ძველ კადრებს დაეყრდნო - სხვათაგან მხოლოდ ჯაბიძე ატარებს პირველ სეზონს ნაკრებში, დანარჩენებს კი ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ. თუმცა მათგან ტიტულოვანი მხოლოდ ცხადაიაა - შარშან ევროპის მესამე პრიზიორმა მსოფლიოზე ვერცხლი მოიპოვა, სეზონის ტრიუმფატორიც გახდა და წლის ბოლოს ყველა ვერსიით სავსებით დამსახურებულად დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მსაჯთა არაობიექტურობა რომ არა, ის ნამდვილ ტრიუმფსაც იზეიმებდა - მაშინ აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვთან ნამდვილად დაჩაგრეს. წლევანდელი სეზონის დასაწყისი ცხადაიასაც გაუცდა და მასაც ტრავმის გამო - ევროპის ჩემპიონატი ნატკენმა კოჭმა გამოატოვებინა, თანაც სხვადასხვა პატარ-პატარა ტრავმებიც აწუხებდა. მთლად ჯანმრთელი ვერც ამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს შეხვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ახლა სერიოზული და საშიში არაფერია.

დარჩიასგან განსხვავებით, შემადგენლობა სრულად დაასახელა `თავისუფალთა~ თავკაცმა ზაზა თურმანიძემ: ბესარიონ გოჩაშვილი (55), მალხაზ ქურდიანი (60), ოთარ თუშიშვილი (66), გელა საღირაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), გიორგი გოგშელიძე (96), ლევან ბერიანიძე (120). ამ გუნდში ორი დებიუტანტია - მარსაგიშვილი და ბერიანიძე. ბერიანიძის ამ კრებულში გამოჩენა არაა გასაკვირი - წლეულს ვახტანგ ბალავაძის სახელობის `ოქროს დიდ პრიზზე~ მეორე იყო, ამავე რანგის ბაქოურ ფინალურ ტურნირში კი მესამეზე გავიდა. თბილისში მან ირანელ მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ფარდინ ვალადი მასოუმისთან წააგო, ბაქოში კი ნახევარფინალში ევროპის ასევე წლევანდელ ვერცხლის პრიზიორ ფატიჰ ჩაკიროღლუსთან დამარცხდა. სამაგიეროდ, ბაქოში ნაკრებში უშუალო კონკურენტს, თანაგუნდელ დავით მოძმანაშვილს და ბელარუს ევროპის წლევანდელ პრიზიორ ალექსეი შემაროვს სძლია.

ცოტა გასაკვირია ნაკრებში მარსაგიშვილის გამოჩენა - ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა წლეულს ბალავაძის ტურნირზე ვერცხლი კი მოიპოვა და ფინალში უკრაინელ ევროპის ჩემპიონ ტარას დანკოსთან მარცხამდე კარგადაც იჭიდავა, მაგრამ იმის შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატიც უშანსოდ წააგო და მსოფლიოსიც. იქნებ აჯობებდა, ის ახლა საერთოდ დაესვენებინათ, თუმცა ერთიცაა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ რევაზ მინდორაშვილის სპორტიდან წასვლის შემდეგ (მას ეს ოფიციალურად არ გამოუცხადებია, მაგრამ ოლიმპიადის მერე არ უჭიდავია) ამ წონაში რეალური კანდიდატი არავინაა. იქნებ მწვრთნელებს ის გამოცდილების მისაღებად მიჰყავთ, თუმცა თურმანიძემ თავის პრინციპს არ უღალატა - შესარჩევ შეჯიბრებაში ვინც უკეთ გამოვიდა, მსოფლიოზეც ის მიჰყავს. ეს პრინციპი მან მხოლოდ 66-ში დაარღვია - თუშიშვილმა ბალავაძის ტურნირამდე ერთბაშად სამი თითი იღრძო და იქ ვერ იჭიდავა, თუმცა მწვრთნელმა ბრინჯაოს პრიზიორ შალვა მუზიაშვილს მაინც იგი ამჯობინა.

ალბათ, ბევრი ელოდა მოსკოვურ შემადგენლობაში ახალგაზრდული ნაკრების წევრთა უფრო ფართოდ წარმოჩენას, რადგან მათ ევროპა-მსოფლიოზე დიდი წარმატებით იჭიდავეს. ვფიქრობთ, თურმანიძეს არ გაემტყუნება, ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე მათი წაყვანა რომ არ იჩქარა - ახალგაზრდებმა ისედაც ძნელი შეჯიბრებები გადაიტანეს, რადგან ევროპა და მსოფლიო სამკვირიან შუალედში იჭიდავეს და გადაღლილები იქნებიან. ამ პირობებში მათი დასვენება უფრო უპრიანია.

სავარაუდოდ, სექტემბერში გასამართი მსოფლიოს პირველობები რუბიკონის როლს შეასრულებს როგორც ამ ჭიდაობებში, ისე - ძიუდოში. შარშან სამივე ნაკრები ევროპაზეც ოქროს გარეშე დარჩა და მსოფლიოზეც, წააგეს წლევანდელი ევროპის ჩემპიონატიც და მორიგ ჩავარდნას მწვრთნელებს არავინ აპატიებს. მათ მხოლოდ მსოფლიოზე წარმატება თუ იხსნის, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ზემდგომნი თადარიგს მაინც იჭერენე და სავარაუდო შემცვლელთა კანდიდატურებს განიხილავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული