6 ჩემპიონი, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს პრიზიორი - ასეთია მონაგარი. ეს შეჯიბრება ნაკრებისთვის სეზონის პირველი საერთაშორისო სტარტი იყო და, იმედია, კარგ დასაწყისს გაგრძელებაც შესაბამისი მოჰყვება. სამომავლო გეგმებზე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გვესაუბრება.
- რიგაში ფეიდენფელდსის სახელობის ტურნირზე ასპარეზობა დაახლოებით შვიდი წლის წინ დავიწყეთ. თავიდან დიდი გარდამავალი თასი თამაშდებოდა, რომელიც საუკეთესო ნაკრებს გადაეცემოდა.
სამჯერ მოპოვების შემთხვევაში კი გამარჯვებულს სამუდამოდ რჩებოდა. ის ჯილდო ჩვენ
ჩვენთვის იმთავითვე მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი სტარტი შედარებით მსუბუქი ყოფილიყო. ამასთან, გვხიბლავდა რუსეთის გუნდთან ძალების მოსინჯვის შესაძლებლობაც. სხვათა შორის, ჩვენი სისტემატური სტუმრობის გამო რუსებმაც რეგულარულად დაიწყეს რიგაში ჩამოსვლა.
დაინტერესება ორმხრივი გამოდგა. სამწუხაროდ, წლეულს არასრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ამბობდნენ, რომ გუნდის ნაწილს ლატვიის საზღვარზე შეექმნა პრობლემა საბუთების მოუწესრიგებლობის გამო.
- წარმომადგენლობითი თვალსაზრისით, როგორი იყო წლევანდელი ტურნირის დონე?
- ახლაც, ძირითადად, ევროპელები სტუმრობდნენ. რიგის ხალიჩაზე 19 ქვეყნის რჩეულმა სპორტსმენებმა იჭიდავეს. ზოგი ისეთი ქვეყნის ნაკრებიც ჩამოვიდა, ადრე რომ არ მინახავს, მაგალითად, ირლანდია.
- არცერთი ჩვენი მოჭიდავე უმედლოდ არ დარჩენილა. ცხადია, უკმაყოფილო არ იქნებით შეგირდების გამოსვლით...
- ბუნებრივია, სასიამოვნოა ასეთი შედეგი, თუმცა ჩვენთვის, მედლების გარდა, საინტერესო სხვაც იყო. ნაკრების შარშანდელი შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ ტალახაძე და პეტრიაშვილი დარჩნენ.
ახალწვეულების პირველი საერთაშორისო გამოცდა კი სწორედ რიგაში შედგა. უნდა განგვესაზღვრა ზოგიერთ წონაში კონკურენციის დონე. სწორედ ამიტომ წავიყვანეთ ამ წონებში ორ-ორი მოჭიდავე. აღსანიშნავია, რომ რიგის ტურნირის ექვსი ოქროს მედალოსნიდან ოთხმა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატზეც მოიპოვა პირველობა.
ორჯერ კი ასე არ მოხდა. 66 კგ-ში ტურნირი იაკობაშვილმა მოიგო; საქართველოს ჩემპიონი ხაბალაშვილი კი მესამეზე დარჩა, თუმცა ისინი უშუალოდ ერთმანეთს არ შეხვედრიან; 96 კგ-ში კი საქართველოს ჩემპიონატის ფინალი განმეორდა, მაგრამ შედეგი საპირისპირო მივიღეთ - გუსოშვილმა მეშვილდიშვილს სძლია, თან დამაჯერებლად. ქვეყნის ჩემპიონატის დარად, რიგაშიც დასკვნით შეხვედრაში გადაეყარნენ ერთმანეთს ქელეხსაშვილი და ბითარიშვილი. აქაც ქელეხსაშვილმა მოიგო.
- სადაც წონაში თითო მონაწილე გყავდათ, მხოლოდ ყველაშვილი დარჩა ფინალს მიღმა...
- ყველაშვილმა მესამე ადგილი იკმარა და ფინალში გადასასვლელი შეხვედრა მხოლოდ უკანასკნელ წამებზე დათმო. თუმცა სათანადო შენიშვნები მივეცი და, იმედია, მომავალში ყოველთვის ბოლომდე ყურადღებით იქნება. 50 კგ-ში ბუჯიაშვილმა და მძიმეში პეტრიაშვილმა კი დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
პირველმა ფინალამდეც კარგად განვლო გზა, ფინალში კი საკმაოდ ძლიერი რუსი მოჭიდავე დაამარცხა. ხოლო პეტრიაშვილი ისე აშკარად ჯობდა მეტოქეებს, რომ ფინალური დაპირისპირებისას სთხოვეს, მთელი ძალით არ ეჭიდავა, რომ მეტოქე არ დაშავებულიყო. არადა, რუსი პეტრიაშვილზე მძიმეც იყო და ასაკით უფროსიც. ჩვენიანის შესაძლებლობები შარშანაც კარგად გამოჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ ჭაბუკთა ასაკში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი გახდა.
- როგორც ვიცით, ბაქოსა და იზმირში უფრო მაღალი დონის ტურნირები მოგელით...
- აპრილის ბოლოს ბაქოშიც კარგი შეჯიბრებაა, თუმცა სიძლიერით თურქეთის ტურნირი გამოირჩევა. ეს მართლაც სერიოზული შეჯიბრებაა. მუდამ მაღალ დონეზე ტარდება, თანაც, სხვადასხვა ქალაქში. ამჯერად იზმირია მასპინძელი. კონტინენტის ჩემპიონატის წინ ჩვენი მოჭიდავეების შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად სწორედ ეს შეჯიბრება მიმაჩნია. წლეულს შიდა შეჯიბრებაზეც გვინდა ნაკრების წევრთა გამოცდა. მაგალითად, ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირზე ჭიდაობა გუნდის მთელი შემადგენლობისთვის აქედანვე სავალდებულოდ გამოვაცხადეთ.
- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაკრების შემადგენლობა, ალბათ, გარკვეულწილად ისევ განსხვავებული იქნება...
- ცვალებადობას არ ვერიდებით. შესაძლებელია წლეულსაც იგივენაირად მოვიქცეთ, თუმცა ამ ეტაპზე ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. მაგალითად, ძნელია ევროპის ჩემპიონი მსოფლიოზე მხოლოდ იმიტომ არ წაიყვანო, რომ სხვასაც გინდა მისცე შანსი. კარგია, რომ წლეულს ეს ორი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ადრინდელივით დროის მოკლე მონაკვეთში აღარ ჩატარდება.
ერთი ოლიმპიურ თამაშებამდეა, მეორე მის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში გამოირიცხება წონის კლების რთული პროცესის გამო ზოგიერთი მოჭიდავის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოკლება. ადრე ევროპის ჩემპიონატის მერე მსოფლიომდე დროის მცირე მონაკვეთი რჩებოდა. ამიტომ წონის ვერდაკლების გამო რამდენჯერმე იძულებულები გავხდით, სპორტსმენი შინ დაგვეტოვებინა.
აქვე ვიტყვი, რომ კონტინენტის ჩემპიონატი ზაგრებში (ხორვატია), მსოფლიოსი კი პატაუში (ტაივანი) გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"