განვლილი მსოფლიოს პირველობის შეფასება ამჯერად სახელოვან ვეტერანს, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ დავით გობეჯიშვილს ვთხოვეთ, რომელიც ესწრებოდა ამ ჩემპიონატს. ამასთან, მას, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარ ფაქტზეც ვთხოვეთ კომენტარი, როცა ირაკლი ცირეკიძეს შეხვედრაზე დააგვიანდა.
- რამდენად მოულოდნელი იყო ჩვენი გუნდების ასეთი სუსტი გამოსვლა თქვენთვის?
- ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში უმედლოდ თუ დავრჩებოდით, ნამდვილად არ ველოდი. არ მეგონა, მანუჩარ კვირკველია მედალს თუ ვერ მოიპოვებდა. ასევე მეტი გვეიმედებოდა ახალგაზრდების - სოსო ჯაბიძის, რევაზ ლაშხის, მანუჩარ ცხადაიასი, ვლადიმერ გეგეშიძის... მჯეროდა, რომ ცხადაია შარშანდელ შედეგს არათუ გაიმეორებდა, გააუმჯობესებდა კიდეც, გუნდის ახლანდელი გამოსვლა კი კატასტროფაა ყველანაირი გაგებით. ოლიმპიადამდე ორი წელიწადია დარჩენილი და ასეთი ჭიდაობის შემდეგ ძალზე ძნელია, სპეციალისტმა თუ რიგითმა ქომაგმა ლონდონში მედლის მოპოვების პროგნოზი გააკეთოს. თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია.
მაინცდამაინც კარგი შედეგი არც თავისუფალ ჭიდაობაშია ბრინჯაოს იმ ორი მედლის მიუხედავად. ბერიანიძის გამოსვლას კიდევ შეიძლება ვუწოდოთ წარმატება, თუმცა ჩემპიონსა და მესამე პრიზიორს შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ბერიანიძესთან დღეს ოლიმპიურ კომიტეტში შეხვედრა გვქონდა და იქაც ვუთხარი, რომ მესამე ადგილს პირველი გაცილებით აღემატება-მეთქი.
რაც შეეხება გოგშელიძის მესამე ადგილს, ეს მაინც არაა წარმატება - მისგან ყველა ოქროს მედალს ელოდება. თავი რომ მოვიტყუოთ და ვიძახოთ, მაგრები ვართო, რეალურად არაა ასე.
- ანუ ოლიმპიურ პერსპექტივაში ძალზე ცუდი სურათი დაიხატა ორივე ნაკრებში...
- უკვე ვთქვი, რომ ყველაფერია მოსალოდნელი. სამაგალითოდ რევაზ მინდორაშვილის გახსენებაც შეიძლება, რომელმაც პეკინის ოლიმპიადისწინა ციკლში კარგად იჭიდავა - 2005-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2006-ში ფინალი იჭიდავა, 2007-ში კი საერთოდ წააგო, მაგრამ მომდევნო წელს პეკინში ოლიმპიური ჩემპიონის მედალი მოიპოვა. იმედს მაძლევს ისიც, რომ მოჭიდავეები გვყავს, თან არა მხოლოდ ახალგაზრდები, ვისაც შეუძლია შედეგის ჩვენება. ალბათ, არ იქნება სწორი, ყველაფერი დღევანდელ გამოსვლაზე ავაგოთ და მხოლოდ ამით ვიმსჯელოთ.
- თუმცა, ალბათ, ახალგაზრდებს უფრო თამამად უნდა ვენდოთ, რასაც ბერიანიძის მაგალითიც ადასტურებს.
- მეც ამის მომხრე ვარ - ახალგაზრდები უნდა ვატაროთ შეჯიბრებებზე, რათა გამოცდილება მიიღონ. ახალგაზრდებში მსოფლიოს ორი ჩემპიონი გვყავს და მათ უფროსთა საერთაშორისო ტურნირებში აუცილებლად უნდა იჭიდაონ. ჩემს დროსაც ასე იყო - მსოფლიოს ჩემპიონი პირველად 1985 წელს გავხდი. მეც და ჩემი თაობაც ერთბაშად გამოვხტით და ვაჩვენეთ შედეგი. ასე იქნება ამათი საქმეც - დადგება დრო და ისინიც მიაღწევენ წარმატებებს. შეუძლებელია, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ან დავით ხუციშვილმა დიდ შეჯიბრებებზე შედეგი ვერ გააკეთონ. თუმცა ძნელია იმის თქმა, ახლავე რომ ეჭიდავათ მსოფლიოს ამ პირველობაზე, წარმატებით გამოვიდოდნენ. თუმცა ვიმეორებ - ახალგაზრდები უფრო ხშირად უნდა გამოვცადოთ.
- მოსკოვში საპირისპირო მაგალითიც ვიხილეთ - მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ფინალში ხინჩეგაშვილთან წაგებულმა ტოგრულ ასგაროვმა ამჯერადაც ფინალში იჭიდავა. თანაც, ნაკრებში ყველაზე რთული ვითარება სწორედ ხინჩეგაშვილისა და ხუციშვილის წონებშია...
- ასგაროვის მაგალითზე გეთანხმებით და ამიტომაც ვემხრობი ახალგაზრდების ხშირ-ხშირად გამოცდას. ხინჩეგაშვილი მოსკოვში რომ წაეყვანათ და წაეგო, არავინ იტყოდა, გოჩაშვილი რატომ არ წაიყვანესო, ახლა კი, გოჩაშვილის მარცხის შემდეგ ბევრი იკითხავს, ხინჩეგაშვილი რატომ არ აჭიდავესო. თუმცა, ალბათ, მწვრთნელებმა ვერ გარისკეს. მათაც უნდოდათ, კარგი შედეგი ეჩვენებინათ და ასეთი არჩევანი ამიტომ გააკეთეს, მაგრამ მე იქნებ არ დავეთანხმო იმ მოსაზრებას, რომ გოჩაშვილი ხინჩეგაშვილზე ძლიერია. იგივეს ვიტყვი 74-ზე - გელა საღირაშვილი ჩემი უმცროსი მეგობარია, მაგრამ ვერ იჭიდავა და ვერც იმ მოსაზრებას დავეთანმხები, რომ ხუციშვილის წაყვანას ამაზე დაყრდნობა სჯობდა.
- გოგშელიძეზეც მინდა გკითხოთ... თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მან საიმისოდ, რომ ოლიმპიადაზე აქეთ გაცალოვს მოუგოს, იქით - გოზიუმოვს?
- გოგშელიძე ჩამოყალიბებული მოჭიდავეა, რომელსაც ყველასთან შეუძლია მოგება. ოღონდ ეს ჰაერზე, მხოლოდ იმის იმედად ყოფნით არ მოვა, რომ გიორგი კარგი ბიჭია და ამიტომ უნდა გაიმარჯვოს. ის იმ შემთხვევაში მოუგებს ყველას, თუ თავიდან ბოლომდე იქნება საწვრთნელ პროცესში ჩართული და არა ისე, თავის ჭკუაზე ივარჯიშოს, როცა მოუნდება და სადაც მოისურვებს. ასე არაფერი გამოვა. მასზე ინდივიდუალური გრაფიკი უნდა იყოს გაწერილი და იმის მიხედვით უნდა ივარჯიშოს. შეიძლება, მესამე ადგილზე კიდევ გავიდეს, მაგრამ მთავარი ჩემპიონობაა. თანაც, ოლიმპიადაზე მის ძირითად მეტოქეებს ყაზახი თეიმურაზ თიგიევიც დაემატება და წარმოვიდგინოთ, ყველა ერთ ჯგუფში მოხვდეს - სად მივდივართ მაშინ?
- ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეცვალოს - ტაქტიკის ჩათვლით, თორემ გაცალოვთან ამ წაგებას მსაჯებს ვერ დავაბრალებთ.
- ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო მთელ ტურნირზე, მსაჯებს კი მართლაც ვერაფერს დავაბრალებთ. თანაც არა მხოლოდ ამ ორთაბრძოლაში - ერთი შემთხვევაც ვერ ვნახე, როცა ჩვენიანი დაჩაგრეს. ცხადია, მოგებით არავინ მოგაგებინებს, მაგრამ ჩვენთვის არც ხელი შეუშლია ვინმეს. სხვათა შორის, მსაჯებს არც ჩვენი მწვრთნელები აბრალებენ რამეს.
- მძიმე წონაში, გარდა იმისა, რომ ბერიანიძე პრიზიორი გაგვიხდა, კარგი თაობა მოდის, მაგრამ აქ რუსი ბილიალ მახოვი გადაულახავ ზღუდედაა აღმართული ყველასთვის. თუმცა დაუმარცხებელი არც ისაა და თქვენი აზრით, რის ხარჯზე შეიძლება მასთან მოგება ან საოლიმპიადოდ ამ წონაში რა პერსპექტივა დაინახეთ?
- საბედნიეროდ, მძიმე წონაში საქართველოში კონკურენცია არის, ამ პირობებში კი სპორტსმენებიც იზრდებიან და შედეგებიც იქნება. ბერიანიძემდე ამ წონაში ახალგაზრდებში გიორგი საკანდელიძე გამოჩნდა - ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი, თვითონ ბერიანიძემ კი ამ ტურნირზე წონის ერთ-ერთ ლიდერს, ირანელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ფარდინ მასუმი ვალადის დამაჯერებლად მოუგო...
- რუსეთში ძალიან ბევრი მეგობარი გყავთ, იქ კი დიდი ხანია, არ ყოფილხართ. როგორ შეგხვდნენ იქაური მეგობრები, ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა ამბებმა რამდენად იქონია გავლენა პირად ურთიერთობებზე?
- ჩემდამი დამოკიდებულება ძველებურად თბილი და მეგობრული იყო. სახლშიც კი მიმიპატიჟეს, მაგრამ შეჯიბრება ისეთი განრიგით ტარდებოდა, მთელი კვირა დარბაზში გავატარეთ. ძველმა მეგობრებმა მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვიგონებდით ძველ დროს - სპორტსმენობის პერიოდს და ვლაპარაკობდით ყველაფერზე პოლიტიკის გარდა. ასეთივე დამოკიდებულება იყო დელეგაციის სხვა წევრებთან - პოლიტიკაზე საერთოდ არავინ საუბრობდა. რუსები ამას მაქსიმალურად გაურბოდნენ და მხოლოდ ძველ მეგობრობაზე, ძველი დროის ნოსტალგიაზე გველაპარკებოდნენ.
- ლერი ხაბელოვსაც ნახავდით და რას ამბობს, აპირებს საქართველოში დაბრუნებას? მას ხომ ცოლ-შვილი აქამდე თბილისში ჰყავდა...
- ცხადია, ლერიც ვნახე და ბევრიც ვისაუბრეთ, ოღონდ არა პოლიტიკაზე. ვილაპარაკეთ ოჯახებზე, ძველ ამბებზე, ჭიდაობაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოს ნაკრების გამოსვლა იყო - რატომ არ გვქონდა შედეგი. რაც შეხეება საქართველოში მის დაბრუნებას, წარმოიდგინეთ და არც ამაზე გვილაპარაკია - მას არავინ უშლის ჩამოსვლას და ნებისმიერ დროს შეუძლია ამის გაკეთება.
- საინტერესოა, არსენ ფაძაევი თუ მოვიდა ქართულ დელეგაციასთან?
- კი, ისიც მოვიდა. ფაძაევი ჩემი უახლოესი მეგობარია და სახლშიც მიმიპატიჟა, თუმცა მოუცლელობამ შემიშალა ხელი.
- ალბათ, პოლიტიკაზე, მის მიერ დაარსებულ მოძრაობა `დარიალზე~ და მის მიერ დაფინანსებული მედიის ანტიქართულ საქმეებზე ისაუბრებდით...
- პოლიტიკას არც მასთან ურთიერთობისას შევხებივართ. ის პოლიტიკოსია, დუმის დეპუტატი, მაგრამ თუ მასთან ურთიერთობას დამავალებენ, ვფიქრობ, რაღაც დოზით ანგარიშს გამიწევს.
- როგორც ოლიმპიური კომიტეტის და სპორტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტზეც მინდა გკითხოთ, როცა მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს შეხვედრაზე დააგვიანდა და წაგება ჩაუთვალეს. თქვენი აზრით, ვინაა მომხდარში დამნაშავე?
- რასაკვირველია, დამნაშავე მწვრთნელია! ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი პირადად ესწრებოდა ამ შეჯიბრებას და საკუთარი თვალით ნახა ყველაფერი. ის უკვე დაბრუნდა თბილისში, გუშინ ვესაუბრე კიდეც და ისიც მწვრთნელებს ადანაშაულებს. ეს მართლაც ძალზე სამარცხვინო ფაქტი მოხდა, რაც უბრალოდ, ბოდიშის მოხდით არ ჩაივლის - მწვრთნელები ამაზე პასუხს აგებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"