ჭიდაობაში ლიდერების ღირსეული შემცვლელები არ გვყავს

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის აღმასკომის ამასწინანდელ სხდომაზე, რომელზეც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდების ჩავარდნის მიზეზებზე იმსჯელეს, თავი სადღაც სხვაგან მეგონა და არა ჭიდაობის ფედერაციაში - მისი ხელმძღვანელები გაღიზიანებული, მკაცრი ტონით ლაპარაკობდნენ იმ პრობლემებზე, რომელთა თაობაზე წერისთვისაც მანამდე ჟურნალისტებს ამრეზით გვიყურებდნენ. თუმცა ჯანდაბას პირადი წყენა - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და, ოღონდ ამაზე ილაპარაკონ, ოღონდ იგივე მომავალში აღარ განმეორდეს, ოღონდ წარმატებები იყოს და ჩვენ როგორმე დავივიწყებთ წარსულს. თუმცა მაინც გვიჩნდება კითხვა - რატომ არ ითქვა ეს ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატამდე? ხარვეზების შესახებ ხომ ყველამ
იცოდა და ისიც ცხადი იყო, გუნდების წარმატებით გამოსასვლელად ყველაფერი არ კეთდებოდა. ვგულისხმობთ დისციპლინის მოშლას, რაც მხოლოდ მწვრთნელთა ბრალი არაა. რატომ არ დაასახელეს იმ ლიდერთა გვარები საჯაროდ და სახალხოდ, რომლებიც ან ზერელედ, ან საერთოდ არ ვარჯიშობდნენ? ადრე ფედერაციასა თუ ნაკრებებში ამაზე ყველა ერთს ამბობდა, ეს ჭიდაობის ოჯახის საქმეა და აქაური ამბების გარეთ გატანა არაა მიზანშეწონილიო. მათ შევახსენებთ, რომ ფედერაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და, ამდენად, საზოგადოებრივი ოჯახიც. ამიტომ ის ვალდებულია, საზოგადოებასაც ჩააბაროს ანგარიში, რადგან ფედერაცია ძირითადად ცენტრალური ბიუჯეტიდან ანუ საზოგადოების რიგით წევრთაგან ამოღებული გადასახადებით ფინანსდება. თანაც ეს სპორტსმენთა საზოგადოების სამსჯავროზე გამოყვანაც იქნება, რომელიც, ვფიქრობთ, მათზე ზემოქმედების ბევრად ეფექტური მეთოდია, ვიდრე - კაბინეტებში მეგობრული დამუნათება. პრობლემებზე ახლა ლაპარაკმა ძიუდოს ჩავარდნაზე "ლელოს" შარშანდელი სათაური გაგვახსენა - "აპრიორი ქართული ვარიანტი - ქართველები გადაბრუნებულ ურემთან". აჯობებდა, პრობლემებზე ურემის გადაბრუნებამდე გველაპარაკა.

 

ცხადია, აღმასკომზე ყველა პრობლემაზე არ თქმულა. მათზე თუ ზემოთ დასმულ კითხვებზე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივან მალხაზ ჯორბენაძეს ვესაუბრეთ, თუმცა ინტერვიუ აღმასკომზე მომხდარი უსიამოვნო ამბით დავიწყეთ, როცა სახელოვანმა ფალავანმა, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელმა რომან რურუამ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რურუამ ფედერაცია მოსკოვიდან, მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოსული მოსაწვევის დამალვაში დაადანაშაულა. ამ თემის გარდა, ჯორბანაძე სხვა საინტერესო საკითხებზეც გვესაუბრა, მალე კი თავად რომან რურუას ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ.


- მაინც რატომ ვერ დაუკავშირდით რომან რურუას მთელი თვის განმავლობაში?
- რომან რურუა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად წელიწადის და სამი თვის წინ ავირჩიეთ ბერძნულ-რომაულის განხრით. თავიდან ძალზე აქტიურად ჩაერთო მუშაობაში, რაც ძალიან მიხაროდა - ის ხომ ტიტულოვანი და გამოცდილი კაცია. გეგმებიც დავსახეთ და საკმაოდ ბევრიც გავაკეთეთ, მაგრამ მერე პიროვნულ მომენტებზე გადავიდა. კერძოდ, ბეგი დარჩიას უპირისპირდებოდა, მაგრამ ცდილობდა, ეს ჩემი მეშვეობით გაეკეთებინა და ჩემზე ახდენდა ზეწოლას - მოსთხოვე წლიური სამოქმედო გეგმა, სავარჯიშო გრაფიკი და ასე შემდეგო. მე ვუთხარი, ეგ ჩემს სფეროში არ შედის, რადგან გენერალური მდივანი ვარ, თქვენ ჩემზე მეტი ხართ ყველაფრით - ტიტულებით, ასაკით, სტატუსით ვიცე-პრეზიდენტი ბრძანდებით და თქვენ მოსთხოვეთ-მეთქი...

- საინტერესოა, ვის კომპეტენციაში შედის მწვრთნელთა კონტროლი? წესით, ასეთი გეგმები მართლაც უნდა იდოს.
- ადრე ამას სახელმწიფო მწვრთნელი აკეთებდა, ახლა კი ეს პოსტი აღარაა. ამას ძირითადად ყოფილი სპორტის დეპარტამენტი გვთხოვდა, რომელსაც ვაწვდიდით გეგმებს და მათთან ერთად განვიხილავდით კიდეც. ცხადია, იქ სავარჯიშო პროცესის ნიუანსებზე ლაპარაკი არ იყო - მხოლოდ ტურნირები, შეკრებები, როდის რომელი გაგვევლო, როდის დაგვეწყო და ასე შემდეგ... რურუას თუ რაიმეს შესწორება და სწავლება უნდოდა, ერთხელაც არ დასწრებია ვარჯიშს. ფალავანთა კლუბის დარბაზში გავიზარდე და ერთხელ არ მახსოვს იქ შემოსული, ვინმესთვის კონსულტაცია მაინც რომ გაეწიოს.

- სპორტის დეპარტამენტის მოთხოვნა ერთია, მაგრამ ნებისმიერი სახეობა მაინც ფედერაციამ უნდა მართოს და ამიტომ ისევ დავინტერესდები - ვისი ფუნქციაა მსგავსი გეგმების მოთხოვნა-განხილვა? ასეთი რამეები მართლაც უნდა იყოს და რურუას მოთხოვნა სამართლიანი ჩანს, მაგრამ ორივე ირიდებდით თავიდან.
- მწვრთნელთა საბჭო იხილავს. ისე, რურუას არც მსგავსი მოთხოვნის საფუძველი ჰქონდა, რადგან ადრე თვითონაც იყო ფედერაციის პრეზიდენტიც, მთავარი მწვრთნელიც, მაგრამ წარუმატებელი. მაშინაც ახლანდელივით წელიწადზე ცოტა მეტ დროში დატოვა ფედერაცია. მიმაჩნია, რომ ვიცე-პრეზიდენტად მისი არჩევა შეცდომა იყო, რადგან ძირგამომთხრელი საქმეების მეტს არაფერს აკეთებდა. ახლა უფრო კარგად ვხვდები, რომ მოსვლისთანავე მისი უპირველესი ამოცანა დარჩიას მოხსნა იყო. მე არ ვიცი მათი ადრინდელი დამოკიდებულება, მაგრამ ასე კი დავინახე. დამირეკავდა სამუშაო საათებში და მეტყოდა, ამოდი მცხეთაში, აქ უნდა გესაუბროო. ვიცე-პრეზიდენტი ხარ, ფედერაციაში მოდი და აქ ვილაპარაკოთ, მცხეთაში, სახლში რატომ უნდა გესტუმრო? სახლში მოვალ შაბათ-კვირას, როგორც უმცროსი მეგობარი და თანამშრომელი. მოგვიანებით დამირეკა და მითხრა, მე მანდ ვერ ვივლი და გამოვაგზავნი ჩემს წარმომადგენელს, რომელსაც დაუნიშნეთ ხელფასი და ის მომახსენებს ფედერაციის ამბებსო. ცხადია, ამაზე ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ უარი თქვა.

- და მაინც - ძალზე უცნაურად ჩანს, რომ ერთი თვის განმავლობაში მოსაწვევი ვერ მიაწოდეთ.
- მაგასაც მოგახსენებთ. როცა მას გეწაძემ წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი უთხრა, აბა, მე მანდ რაღა უნდა ვაკეთო, შემეშვით, თავი დამანებეთო, გვითხრა და არც გაგვკარებია. მას ყოველ ტურნირზე ვურეკავდი, მაგრამ ერთადერთხელ მიპასუხა ზარზე და მაშინაც ის მითხრა, თავი დამანებეთო. მერე ფედერაციის თანამშრომელ გოგოებს ვარეკინებდი ქალაქის ნომრიდან. როგორც კი ეტყოდნენ, ჭიდაობის ფედერაციიდან ვრეკავთო, იმათაც იგივეს ეუბნებოდა - თქვენ კიდევ ვერ გაიგეთ, თავი დამანებეთ და შემეშვითო, ბოლოს კი ისეთივე ყვირილით თიშავდა ტელეფონს, როგორც აღმასკომზე ყვიროდა. მსოფლიოს ჩემპიონატი მოდიოდა, ერთხელ არ მოსულა დარბაზში, ერთხელ არ ჩასულა დუშეთში... მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ხარ, შენი მისვლა რამხელა სტიმული იქნება სპორტსმენებისთვის!

- ვერც ნაცნობების მეშვეობით დაუკავშირდით?
- კი, შევუთვალეთ. ზუსტად იმ დროს ფედერაციაში თბილისის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვალიკო იაშვილი მოვიდა და მას ვთხოვე, ჩემს ზარებს არ პასუხობს და ეგებ თქვენ დაურეკოთ-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ მიწვევა იყო გადასაცემი. არ ვიცი, ისინი დაუკავშირდნენ თუ არა, მაგრამ ვაღიარებ - მე უნდა გამეფრთხილებინა. თუმცა როცა მიწვევა მოვიდა, მაშინვე დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. თუმცა ვიცე-პრეზიდენტი ფედერაციაში მაინც ხომ უნდა მოვიდეს?

- აბა, აღმასკომზე მოსაწვევად როგორ დაუკავშირდით?
- შემიძლია დაგალაპარაკოთ ფედერაციის ის თანამშრომელი გოგონა, რომელსაც მასთან დარეკვა ვთხოვე და თვითონ მოგიყვებათ, როგორ უპასუხა ისევ ყვირილით და ისეთივე ტექსტით - თქვენ კიდევ ვერ გაიგეთ, რომ შემეშვით, თქვენთან საქმე არ მაქვსო. მერე არ ვიცი, საიდან გაიგო, მაგრამ მე ისე ვიცოდი, რომ არ მოდიოდა. თუმცა მაინც დაესწრო, მაგრამ არავის მისალმებია - მოვიდა, დაჯდა და ელოდებოდა, როდის შეიკრიბებოდა ხალხი, რათა თავისი სათქმელი ეთქვა და წასულიყო.

- აღმასკომის შემდეგ თუ ესაუბრეთ? როგორ წარიმართება მისი ვიცეპრეზიდენტობის საკითხი, ან ახალს როდის აირჩევთ, ეს თუ მართლა დადგება დღის წესრიგში?
- არანაირი კონტაქტი არ გვქონია. რაც შეეხება მის თანამდებობას ფედერაციაში, მხოლოდ სიტყვიერი განცხადება არაა საკმარისი - წერილობით უნდა მომართოს ფედერაციას. ალბათ, რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ ვიცე-პრეზიდენტს.

- გადავიდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. რატომ არ იმსჯელა ფედერაციამ ნაკრებებში, ზოგადად - ქართულ საჭიდაო მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე ამ ტურნირამდე? ხომ ყველამ იცოდა ხელის შემშლელი მიზეზების არსებობა და ისიც, რომ ეს მსოფლიოზე კარგ შედეგს არ მოიტანდა?
- მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც გამოჩნდა სუსტი მხარეები. მთავარია, ისინი აღმოვფხვრათ. ძალზე ცუდია, რომ ლიდერების ღირსეული შემცვლელები არ გვყავს. საბედნიეროდ, რამაზ ნოზაძეს უკვე გამოუჩნდა რეზერვი, გოგშელიძესთან კი ჯერაც არ გვყავს ისეთი სპორტსმენი, ვისაც ნებისმიერ ტურნირზე მედლის მოპოვება შეუძლია. თუმცა არ ვამბობ, რომ გოგშელიძისთვის ბრინჯაო წარმატებაა - მას ბევრად მეტი შეუძლია. სწორედ ამიტომ ითხოვს ზაზა თურმანიძე სავარჯიშოდ მის თბილისში გადმოყვანას. ეს სპორტმენისთვისაც უკეთესი იქნება, თორემ გორიდან ვერ ივლის თბილისში. თურმანიძემ მსგავსი რამ 2008 წელს ევროპის პირველობის წინ გააკეთა და მაშინ გოგშელიძე ჩემპიონი გახდა.

- ევროპის ჩემპიონატის წინ იმავე ბერძნულ-რომაულ ნაკრებში მომხდარზე რას იტყვით, როცა მოჭიდავეთა ჯგუფი დარჩიას დაუპირისპირდა? ამბობენ, მაშინ ზოგიერთი ფედერაციიდანაც დაუპირისპირდა მწვრთნელსო. რატომ არ ითქვა ამ ყველაფერზე ღიად, საჯაროდ, მედიისთვის? ამით ხომ პრობლემა მიიჩქმალა...
- ეს ამბავი არ ყოფილა მიჩქმალული - ამაზე მაშინდელი სპორტის დეპარტამენტიც დროულად ჩავაყენეთ საქმის კურსში, მედიისთვის კი იქნებ ყოველთვის ვერ გავმართოთ პრესკონფერენცია.

იქ მომხდარზე კი ამის თქმა შემიძლია: მაშინდელი სპორტის დეპარტამენტის ინიციატივის გათვალისწინებით, რაც ნაკრებ გუნდებთან დამწყები მწვრთნელების მიმაგრებას ითვალისწინებდა მათი დაოსტატების მიზნით, ამ ნაკრებს ბადრი ხასაია გავაყოლეთ. სამწუხაროდ, მას მაშინვე გაუჩნდა მთავარი მწვრთნელობის ამბიცია. არ ვიცი, ეს ვისი სტრატეგია იყო, მაგრამ იმთავითვე დაუწყო ბრძოლა დარჩიას. ის არეულობაც ამას მოჰყვა.

რაც შეეხება ფედერაციისგან წინააღმდეგობას, არ ვიცი, ამაზე ვინ რას ამბობს და რა ინფიორმაცია გაქვთ, მაგრამ არავინ ჩარეულა და მით უფრო - გაუმტყუნებია მწვრთნელი. საქმეში არც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე ჩარეულა, რომლის შვილს - ვლადიმერ გეგეშიძეს უკავშირდებოდა ის ამბები.

- თუ ფედერაციაში იცოდით, რომ ხასაია ამას აკეთებდა გუნდში, თუ ის ბოლო შეკრებაზე თვითნებურად გაჰყვა ნაკრებს, რატომ არ მიიღეთ ზომები და არ აღკვეთეთ?
- ბათუმის ამბები ბოლოს გავიგეთ, თუმცა ეს აღარ განმეორდება. ვაღიარებ, რომ დავაგვიანეთ, მაგრამ გამოვასწორებთ.

- არის კი იმის გარანტია, რომ გამოასწორებთ და მომავალში აღარ მოხდება?
- სხვა გზა არ არის - მსგავსი ფაქტები აღარ უნდა დავუშვათ და აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული