ოლიმპიელთა კომენტარები - მოძღვრის რჩევა და დავით მოძმანაშვილის რაინდობა

AutoSharing Option
უკვე მეხუთე დღეა, ლონდონის ოლიმპიადის მედალოსნები საქართველოში არიან და ისვენებენ შეძლებისდაგვარად, რამდენადაც ამის საშუალებას საზოგადოების აჟიოტაჟი აძლევთ.

ჩვენი ზოგიერთი ფალავნის გამოსვლაში იყო მოულოდნელი ფაქტორი - დადებითიც და ცუდიც. დადებითში ვგულისხმობთ მოსალოდნელზე უკეთეს შედეგს, თუმცა ზოგიერთმა მოულოდნელი მარცხი იწვნია.

ასეთთა შორის დავასახელებთ მესამე ადგილზე დავით მარსაგიშვილის (84) წაგებას პუერტორიკოელ ხაიმე იუსეპ ესპინალისთან და გიორგი გოგშელიძის (96) მარცხს ნახევარფინალში ამერიკელ იაკობ უორნერთან, რამაც ჩვენებური კვლავაც მესამე საფეხურზე დატოვა.

მართალია, მერე ესპინალი ფინალში გავიდა, უორნერი კი სულაც ჩემპიონი გახდა, მაგრამ მათთან დამარცხება მაინც
მოულოდნელი იყო.

ვფიქრობთ, საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ წაგებაზე ქართველი ფალავნები, რით ხსნიან ასეთ მოულოდნელ შედეგს - ამის თაობაზე რამდენიმე მათგანს დავეკითხეთ, ყველასთან დაკავშირება კი ვერ მოვახერხეთ.

გოგშელიძე მომხდარის შესახებ თუ ტაქტიკურ ანალიზს აკეთებს, მარსაგიშვილს მარცხის ახსნა უჭირს, თუმცა ოლიმპიადის, როგორც ტურნირის, მისეული შეფასებაც საინტერესოა.

Sportall.Ge"ოლიმპიადაზე პირველად ვიყავი და ძალიან კარგი ღონისძიებაა, დადებითი აურა ტრიალებს და ეს ყველაფერი სასიამოვნოა. იქ ზეიმის მონაწილედ გრძნობ თავს.

ალბათ, ეს გამოსვლა ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო. არ ვიცი, წაგება რას დავაბრალო. პირველი შეხვედრის მერე ცუდად მართლაც გავხდი. არადა, ის მონღოლი ძლიერი არაა და იოლად მოვიგე
(იხილეთ ვიდეო). არ ვიცი, ეს რას დავაბრალო.

ნერვიულობა არ მახასიათებს, დიდი განცდები არ ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვით, რამ დამტვირთა ისე ძალიან.

მონღოლთან შეხვედრის მერე ხალიჩიდან რომ გამოვედი, მკვდარი ვიყავი, ემოციებისგან დაცლილი. პირღებინებაც მქონდა.

ოღონდ პუერტორიკოელთან ჭიდაობამდე დაღლილობამ თითქოს გამიარა, მაგრამ მაინც ვერ ვიჭიდავე. ვერ ვიტყვი, რომ მან მოსალოდნელზე მეტი წინააღმდეგობა გამიწია - რასაც ველოდი, ის წინაღობა დამხვდა, არც ძალა ჰქონდა ჩემზე მეტი, არც - ტექნიკა, გამოცდილება ან სხვა რამე.

მასთან წაგებამ შოკში ჩამაგდო
(იხილეთ ვიდ). ლეიბიდან რომ გამოვედი, იმას ვფიქრობდი, ხალხს ვეღარ შევხვდები, თვალებში როგორ შევხედო-მეთქი. იმდენად მერიდებოდა ხალხთან გამოსვლა, ესპინალის შეხვედრებისთვის არც მიყურებია, რას შვრებოდა.

არც ველოდი, რომ ფინალში გავიდოდა და ეს მოგვიანებით სხვებმა მითხრეს, სანუგეშოსთვის მოემზადეო...

ამის შემდეგ შევძელი ძალების მოკრება - მივხვდი, ნერვიულობით წაგებულს ვერაფერს ვუშველიდი და ვერც რამეს შევცვ
ლიდი.

დამამშვიდებელში მარცხი უკვე ვერაფრით წარმომედგინა. თან მწვრთნელებიც მაგრად დამეხმარნენ მდგომარეობიდან გამოსვლაში და, საბედნიეროდ, ბრინჯაო მოვიპოვე (
იხილეთ ვიდეო).

ოლიმპიური მედალი ცუდი არაა, მაგრამ მეტი რომ შემეძლო, გული ამაზე მწყდება"
- გვითხრა მარსაგიშვილმა.

მართლაც დასანანია ასეთი მოულოდნელი წაგება! ეჭვი არაა, ის აუცილებლად გახდება ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ასეთი შანსი, ასეთი იოლი წილისყრა, ალბათ, არ მიეცემა.

Sportall.Geგოგშელიძე: მეორე პერიოდში სხვანაირად უნდა მეჭიდავა
გოგშელიძის ტრავმის შესახებ ტურნირის ბოლოს გახდა ცნობილი - ეტყობა, სამწვრთნელო შტაბი ამ ამბავს ასაიდუმლოებდა, რადგან მსგავსი ინფორმაცია მოწინააღმდეგისთვის ფასდაუდებელი სამსახურია.

თუმცა უორენთან შეხვედრისას ეს არც ჩვენ ვიცოდით და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენებური ფინალისთვის ინახავდა თავს.

მით უფრო, რომ შეჯიბრებიდან ერთმანეთის მიყოლებით გავარდნენ გოგშელიძის მთავარი კონკურენტები: აზერბაიჯანელი ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი და რუსთა ევროპის ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი.

იმ დროისთვის რჩებოდა ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი რეზა მოჰამად იაზდანი, თუმცა გოგშელიძის გავარდნიდან რამდენიმე წუთში ტრავმის გამო ისიც დამარცხდა უკრაინელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ვალერი ანდრეიცევთან.

"ვფიქრობ, მეორე პერიოდში ტაქტიკაზე და სტრატეგიულ ჭიდაობაზე არ უნდა მეფიქრა. ბურთულაზე არ ვფიქრობდი, იქნებ ჩემი ფერი ამოვიდეს-მეთქი, მაგრამ უფრო არეული ჭიდაობა უნდა შემეთავაზებინა და არა დაწყობილ-დალაგებული, ტაქტიკური.

ამერიკელები კარგი ფუნქციონალური მომზადებით გამოირჩევიან - როგორ ტემპშიც იწყებენ, ისე ამთავრებენ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სადღაც შეცდებოდა.

ჩემი გათვლით, ასე უფრო ნაკლებ ენერგიას დავხარჯავდი, ვიდრე - შეტევით, თუმცა შანსი არ მომცა.

ბურთულაზეც მქონდა იმედი, რომ დავიცავდი, როგორც ეს მოლდოველთან გავაკეთე, მაგრამ თავიდან ხელი დამიჭირა - მაჯა დამიკავა. მერე ხელი რომ შეაერთა, მოძრაობა დაიწყო და ეგრევე ჩაჯდა. ამ დროს კი რეაგირებას ვერ მოვახერხებდი - ნახევარი კორპუსით დაჭერილი ხარ და ოდნავ წამოწევით ჰაერში აგწევს.

სტანდარტულ ვითარებაში შეიძლება თავის დაცვა და 10-დან 9 შემთხვევაში ვერ გადამიყვანოს, მაგრამ ზუსტად მაშინ მოხდა ის ერთადერთი შემთხვევაც
(იხილეთ ვიდეო)" - გვითხრა გოგშელიძემ.

გოგშელიძის შვილისადმი მიმართვამ, დათო, შვილო, ოქრო ვერ არის, მაგრამ შენ გამოასწორებო, ძალზე ემოციური ფონი შექმნა საქართველოში (იხილეთ ვიდეო).

ეს ვიდეო მყისვე გავრცელდა ინტერნეტში და კვირა საღამოს მთავარ თემადაც იქცა. თურმე შეჯიბრების წინა დღეს გიორგი შვილს "სკაიპით" ესაუბრა და დათომ მაშინ სთხოვა ოქროს მედალი, როგორც ამას აკეთებს ყოველი ტურნირის წინ.

დღეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გოგშელიძის სპორტში დარჩენაა. როგორც ფალავანი ამბობს, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია და ყველაფერი მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

ასევე იხილეთ: გიორგი გოგშელიძემ ოლიმპიადა ბრინჯაოს მედლით დაასრულა


"გადაჭრით ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი ვერაფერს, ძალიან დიდ ტკივილებს ვებრძვი. იმან კი არ დამღალა, რომ მტკივა, არამედ იმაზე ფიქრმა, ამ ტკივილით როგორ ვიჭიდავებ, როგორ ვივარჯიშებ-მეთქი.

სალიცენზიო ტურნირის ფინალშიც რომ ვერ ვიჭიდავე, მაშინაც მაკლდა მომზადება, რადგან მზადებისას ფეხში ვერ შევდიოდი. სხვა თუ შემოვიდოდა და გამიშვებდნენ, რადგან მტკიოდა.

მთელ მოსამზადებელ პერიოდში ორჯერ შევედი ფეხში ისე, რომ არ მეტკინა და გამიხარდა. შიდა მყესებია გაგლეჯილი და პატარა გადახრილი მოძრაობაც კი დიდ ტკივილს იწვევს.

შედარებით გამიყუჩდა ბოლო ორი შეკრების განმავლობაში, როცა ტკივილი 20-30 წამი გრძელდებოდა და არა ადრინდელივით დიდხანს"
- თქვა სპორტსმენმა.

Sportall.Geხინჩეგაშვილი ისევ თავს იდანაშაულებს
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და ჯამალ ოთარსულთანოვი უკვე მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა ორთაბრძოლა რუსთა ჩეჩენი ფალავნის გამარჯვებით დასრულდა, ოღონდ სამივეჯერ - მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებებით. თან სამივე ორთაბრძოლაში ძალები დაახლოებით თანაბარი იყო და სტატისტიკა ნამდვილად არ ასახავს რეალურ სურათს.

ჩეჩენმა თუნდაც ევროპის წლევანდელი პირველობის შემდეგ, სადაც ბესარიონ გოჩაშვილს მოუგო, ძალიან მოუმატა და სიმართლე გითხრათ, გვეშინოდა, ამჯერად საგრძნობი უპირატესობა არ მოეპოვებინა გორელ ფალავანზე, თუმცა ოლიმპიადის ფინალმა სულ სხვა სურათი გვაჩვენა.

რომ არა ის საკამათო ეპიზოდი მეორე პერიოდში, არავინ იცის, დღეს ვინ იქნებოდა ოლიმპიური ჩემპიონი.

მომხდარის მიუხედავად, ხინჩეგაშვილი წაგებაში მაინც თავს იდანაშაულებს, რაც პროფესიული ქცევაა.

"ვერცხლის მედალი წარმატებაა, მაგრამ ჩემი ჭიდაობით უკმაყოფილო ვარ, ნამდვილად შემეძლო უფრო მეტი.

მეორე შეხვედრისას - შარშან, ევროპის ჩემპიონატის ფინალში რომ შევხვ
დი, მაშინ სწორად მიმყავდა შეხვედრა და ახლაც ისე უნდა მეჭიდავა.

მაშინ ორივე პერიოდში ვიგებდი თავიდან, მაგრამ გამოცდილებით მაჯობა. ამჯერად მეტი აქტიურობა იყო საჭირო
(იხილეთ ვიდეო)" - თქვა ხინჩეგაშვილმა.

Sportall.Geმოძღვრის რჩევა და მოძმანაშვილის რაინდობა
ალბათ, ჭიდაობის ჭეშმარიტ ქომაგს არასოდეს დაავიწყდება ოლიმპიადის ნახევარფინალში მძიმეწონოსან დავით მოძმანაშვილის ქცევა, რუს ბილიალ მახოვთან გამარჯვების შემდეგ როგორ აწყნარებდა მეტოქეს!

დღეს სპორტი კომერციად იქცა, სადაც ფული სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ფული კი ისეთი რამეა, ხშირად ზნეობასაც რომ ფარავს ხოლმე - "ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა".

არადა, სპორტს, ზოგადად - ცხოვრებას, სწორედ ისეთი საქციელი ალამაზებს, რაც მოძმანაშვილმა გვიჩვენა.

25 წლის მახოვი დიდი ფალავანია - მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, რომელიც წინა ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა და ამ უპრესტიჟულეს ტურნირზე გამარჯვების პირველი რეალური შანსი ახლა ჰქონდა. ის ფავორიტადაც ჩავიდა ლონდონში და მარცხი მისთვის დიდი დარტყმა იყო.

მოძმანაშვილმა ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება არა მარტო მშვიდად მიიღო, სულგრძელობაც გამოავლინა და მეტოქე ანუგეშა.

მაინც რას ეუბნებოდა იმ მომენტში, რით ანუგეშა მახოვი და რით უპასუხა დაღესტანში მოვარჯიშე ყაბარდოელმა?

"ლონდონში წასვლამდე ჩემმა მოძღვარმა, მამა შიომ მითხრა, მჯერა, რუსს დაამარცხებ და გამარჯვების შემდეგ სიყვარულით მოეფერე, უთანაგრძნეო.

რუსული კარგად არ ვიცი და ქართულად ვუთხარი, მაინც უძლიერესი ხარ-მეთქი (
იხილეთ ვიდეო). მართალია, სიტყვების მნიშვნელობას ვერ მიხვდა, მაგრამ ჟესტი ხომ გაიგო. ის სპორტში, ლეიბზე შენი მეტოქეა, შენი მტერია, მაგრამ მთავრდება ასპარეზობა და უკვე მისადმი მოწიწება გიპყრობს, როგორც დიდი სპორტსმენისადმი.

ტურნირის შემდეგ მოვიდა მახოვი, გადამეხვია და მადლობა გადამიხადა იმ ჟესტისთვის"
- გვიყვება მოძმანაშვილი.

ასევე იხილეთ: მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია

მის ნათქვამს მხოლოდ ერთს დავამატებთ - ოქროს მედალი ათიც რომ მოიგო, პიროვნული ხასიათით თუ არ ვარგიხარ, მაინც კაპიკია შენი ფასი.

იქნებ აქ არც ღირდეს ამ მაგალითის მოყვანა, მაგრამ ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოში, 73 კილოგრამის ფინალში რუსმა მანსურ ისაევმა იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი რიკი ნაკაია რომ დაამარცხა, თავზე დაადგა და მთელი ხმით დაჰღრიალა, რამაც ქომაგთა შორის ნამდვილად არ გამოიწვია კარგი რეაქცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზოგიერტები იმასაც ამტკიცებენ ტიტკოს საკარტველო ტავს დაებხა რუსეტს რომსაკარტველო ტურმე მგელია და საცოდავი რუსი კრავი
0
>რუსმა მანსურ ისაევმა იაპონელი >მსოფლიოს ჩემპიონი რიკი ნაკაია რომ >დაამარცხა, თავზე დაადგა

ტუ მარტლა ასე მოხდა დადევით ვიდეო, და ქარტული "გადამეტებულობის" ამბავი რომ ვიცი გამოჩნდება რომ ეს შემთხვევიტ მოხვდა.
როგორც კველაფერში, აქას: მსოფლიო ერთს ხედავს, და ქარტველები მეოერეს ვამტკიცებს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული