"ლელოს" სტუმარი დავით მოძმანაშვილი - მან საკუთარ თავს აჯობა

AutoSharing Option
ოლიმპიადა დიდი ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური და ყოველმხრივი დატვირთვაა, ძალიან დიდი ენერგია წაიღოო, მითხრა თავისუფალ ჭიდაობაში აწ უკვე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა დავით მოძმანაშვილმა (120), რომლის კარიერასაც აქამდე ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლები ამშვენებდა.

თუმცა დასვენებას ახლაც ვინ აცლის - სამეგობრო-სანათესაოს მილოცვებს ბოლო არ უჩანს, სექტემბრის დადგომისთანავე კი ვარჯიში უნდა განაახლოს...

მასთან ინტერვიუც ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.

- ალბათ, მოპოვებული წარმატების შემდეგ ჯერ ისევ ემოციებში ხართ...
- სხვათა შორის - არა, ემოციებში უფრო გარშემო მყოფები არიან, თორემ ჩემი განწყობა ჩვეულებრივია. ოღონდ
ჯერ დასვენება არ მიგრძვნია, რადგან კვლავაც გრძელდება მოლოცვები და ქეიფი. მოდიან ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და მილოცავენ.

გუშინ მოძღვარიც მესტუმრა, რომლის სიტყვებიც შევასრულე და ლონდონში მეტოქისადმი სიძულვილი არ გამომიხატავს, ქრისტიანობა ხომ სიყვარულია. სპორტში პოლიტიკური დაპირისპირება არ გადმოდის და იმავე რუსებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს.

პოლიტიკის გავლენა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში იგრძნობა. მაგალითად, თუ ირანელი ამერიკელს ხვდება - რომ გაუშვა, შეიძლება, მოკლას კიდეც. ჩვენ ასე არ ვართ. იმავე დაღესტნელებთან, ჩრდილო კავკასიელებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. დაღესტანში რეგულარულად ჩავდივართ ტურნირებზე და ქართველებს გამორჩეული პატივით გვეპყრობიან. ქუჩაში ჩვენი სიმბოლიკიან-წარწერებიანი მაისურით რომ გავალთ, იგრძნობა ეს პატივისცემა.

ჩვეულებრივ ხალხს თბილი დამოკიდებულება აქვს ჩვენდამი, ძმებს გვეძახიან და წუხილსაც გამოთქვამენ იმ პოლიტიკური ბარიერების გამო, რაც ხელს გვიშლის უშუალო ურთიერთობაში.

სხვათა შორის, შარშან თურქეთში ვისვენებდი, სადაც რუსების ოჯახი გავიცანი. მათ მითხრეს, საზოგადოებაში ანტიქართულ განწყობას ნერგავენ, მაგრამ უბრალო ხალხი თბილადაა საქართველოსადმი განწყობილიო.

- ოლიმპიადას, როგორც ტურნირს, როგორ აფასებთ? მაგალითად, მარსაგიშვილმა მას სპორტული ზეიმი უწოდა, სადაც, მსოფლიოს ან ევროპის პირველობებისგან განსხვავებით, წინა პლანზე არა პაექრობაა წამოწეული, არამედ - საზეიმო ატმოსფერო.
- ვეთანხმები მარსაგიშვილს, რომ ეს მართლაც სპორტის ზეიმია. იქ მართლაც არაა ის დაძაბულობა, რაც მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე იგრძნობა. ეს დღესასწაულია, სადაც ყველა მხრიდან მუსიკა ისმის, ხალხი ცეკვავს, მღერის, ერთობა, იგრძნობა კეთილგანწყობა და ისიც, რომ ერთმანეთის ნახვა უხარიათ.

თუმცა იმათთან შედარებით, ჩვენთვის მაინც ბევრად უფრო დაძაბული შეჯიბრებაა. ისინი წაგებას ჩვეულებრივ ამბად იღებდნენ და მარცხის მერეც მთელი ღამე ერთობოდნენ, ჩვენთვის კი ეს ტრაგედია იყო.

- დაგვეთანხებით, ამ ზეიმს აუფერულებს ის არაობიექტურობა და სპორტსმენთა დაჩაგვრა, რაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ...
- ფული იქაც ტრიალებს და ეს უსამართლობაც აქედან მოდის. ვინც დიდ ფულს გადაიხდის, მას მიეხმარებიან კიდეც. ასე მოექცნენ ვლადიმერ გეგეშიძეს, რომელსაც, შეიძლება ითქვას, მედალი ჩამოგლიჯეს კისრიდან.

შენ არ გინდა ეს ჯილდო, ჩვენ გვჭირდება და მოგვეციო, დაახლოებით ასეთი რამე გამოუვიდათ. ის ჯერ რუს ალან ხუგაევთან დაჩაგრეს ნახევარფინალში, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ყაზახ დანიალ გაჯიევთან წარმოუდგენელი რამე გაუკეთეს.

ძალიან დათრგუნული იყო ბიჭი, ორი დღე თავი არ აუწევია ზევით. ძალიან ძნელია, როცა ამდენს წვალობ, ამდენი დატვირთვა, ამდენი ყოველდღიური შრომა, ნერვები, განცდა, ტანჯვა გრჩება უკან და შედეგს მაინც ვერ აღწევ...

- წინასაოლიმპიადო პერიოდი რამდენად ძნელი იყო ფსიქოლოგიურად, გრძნობდით დატვირთვას?
- არა, არ ვიყავი დაძაბული. ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ბევრად ვნერვიულობ, ამჯერად კი ხალისით ვვარჯიშობდი. ვფიქრობ, იმიტომ, რომ ოლიმპიადისთვის განსხვავებულად ვმუშაობდი, უფრო ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი.

საერთოდ, ოლიმპიადას ის იგებს, ვისაც უკეთესი ფსიქოლოგიური მომზადება, უკეთესი ნერვები აქვს. შარშანდელი მსოფლიოს მედალოსნებიდან ერთეულებმა თუ მიაღწიეს წარმატებას - ისინი ფსიქოლოგიურად "იწვებიან". ამიტომ ხდება ოლიმპიადაზე ბევრი სენსაცია.

- ფინალში უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან გქონდათ მოგების შანსი?
- შანსი როგორ არ მქონდა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას - ამ ეტაპზე ტაიმაზოვი ჩემზე კარგად იყო მომზადებული. თავს იმაში ვიდანაშაულებ, რომ მეორე პერიოდში ფეხის აღებისას ვიჩქარე და ილეთი სწორად ვერ გავაკეთე, თორემ მესამე პერიოდში იქნებ სხვა ჭიდაობა გვენახა.

იმ მომენტში მეგონა, რომ დავსვი ლეიბზე, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა.

ვფიქრობ, ტაიმაზოვი ასეთ ფორმაში არც ერთ ოლიმპიადაზე არ ყოფილა და სწორედ ახლა უწია პიკს 33 წლის ასაკში. ყველა მეტოქე აბურთავა, ისე იოლად მოუგო. ალბათ, მასთან უფრო შემტევ სტილში უნდა მეჭიდავა, წამითაც არ უნდა გავჩერებულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე, ძალით გამაჩერა.

- განწყობა გქონდათ შემტევი? თითქოს ფინალში გასვლისას არ გეტყობოდათ ჟინი...
- არა, განწყობა ჩვეულებრივი იყო - როგორც სხვა შეხვედრებისთვის ვხურდებოდი, აქაც ისე მოვემზადე. უბრალოდ, მე არ შემიძლია, განწყობა ემოციურად გამოვხატო, როგორც ამას მახოვი აკეთებს. ნამდვილად არ ყოფილა, რომ თითქოს წინასწარ შევეგუე მარცხს. უბრალოდ, გარკვეული განცდა ნებისმიერ სპორტსმენს აქვს.

ტაიმაზოვთან აქამდე არ მიჭიდავია, არ ვიცნობდი მას და გარკვეულ გეგმას ვაწყობდი, მაგრამ ლეიბზე სულ სხვანაირი ჭიდაობა წავიდა. რეალურადაც რომ შევხედოთ, ტაიმაზოვი ბევრად ძლიერია მახოვზე.

- ვარჯიშებზე ტაიმაზოვის წინააღმდეგ თუ ამუშავებდით საჭიდაო გეგმას, ან ასეთი ინდივიდუალური მუშაობა თუ მიდიოდა სხვა მეტოქეებზე?
- ინდივიდუალურად ნამდვილად ვმუშაობდით, მაგრამ მთავარ კონკურენტად უფრო მახოვს განვიხილავდით. ტაიმაზოვისადმი ყურადღება ცოტა მოდუნებული იყო. ვფიქრობდით, უკვე ბებერია, თან ამდენ წამლებს იღებს და ორგანიზმი ძველებურად არ მოჰყვებაო. ამასთან, პეკინის ოლიმპიადის შემდეგ ის მსოფლიოს ორ პირველობაზე გამოვიდა და ორივე წააგო - ჯერ იმავე მახოვთან, მერე კი ამერიკელ ტერველ დლაგნევთან. ამიტომ უფრო მახოვზე ვამახვილებდით ყურადღებას, რომელმაც ზედიზედ სამი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, და გამოგვივიდა კიდეც მასთან ჭიდაობა.

- ლონდონამდე პეკინის ოლიმპიადასაც ესწრებოდით მაყურებლის რანგში, თუმცა როგორც ჩინეთის ნაკრების სპარინგ-პარტნიორი, შიდა სამზარეულოში მეტ-ნაკლებად ტრიალებდით. დიდი იყო განსხვავება ამ ორ თამაშებს შორის?
- ოლიმპიური თამაშები სხვა ტურნირებისგან განსხვავებული შეჯიბრება რომ იყო, პირველად იქ ვიგრძენი. მაშინ იმას ვფიქრობდი, როდის გავიდოდა დისკვალიფიკაციის ის ორწლიანი ვადა, მერე იმ ორი წლის შემდეგ რა იქნებოდა...

სპორტში დაბრუნება წარმატებულ მოჭიდავედ და არა უბრალოდ ათლეტად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩემს თავს ვძლიე. თუმცა იმ ორმა წელიწადმა დიდი კვალი დატოვა. პირველად რომ გავედი საჭიდაოდ, დაბნეული ვიყურებოდი, ეს სად ვარ-მეთქი. მაშინ ვისთან წავაგე, არც მახსოვს.

მერე და მერე დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, ფსიქოლოგთანაც დავდიოდი და ამანაც მიშველა, მაგრამ ყველაზე დიდი ფსიქოლოგები ოჯახის წევრები - დედ-მამა, მეუღლე, და-ძმა იყვნენ. წაგების მერე ადამიანი დეპრესიაში ხარ, ისინი კი სხვანაირად მახალისებდნენ, რომ ისევ შემართებით დამეწყო ვარჯიში, ისევ მოვმზადებულიყავი.

შარშან ლიცენზია და მედალი რომ მოვიპოვე მსოფლიოზე, მაშინ ვიგრძენი, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახე. მართალია, იქ ცუდად ვიჭიდავე, არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ შინ დაბრუნებულმა ვთქვი, პრობლემები გადაილახა - მეთქი.

- ფსიქოლოგი თუ მუშაობს გუნდში?
- ფსიქოლოგი წასვლამდე ერთი კვირით ადრე მოგვიყვანეს შეკრებაზე, ძალიან კარგი პიროვნებაც აღმოჩნდა და ძალიანაც დამეხმარა. ვფიქრობ, ფსიქოლოგი აუცილებელია, სპორტსმენის უკან იმდენი შრომა, დატვირთვა და სტრესია.

- ლონდონში ბრაზილიის ფრენბურთელ ქალთა გუნდში ტექნიკური პერსონალის 14 წარმომადგენელი იყო, რომლებიც მწვრთნელებს ეხმარებოდნენ მუშაობაში. თქვენ რამდენი კაცი გამზადებდათ ამ თამაშებისთვის?
- მხოლოდ მწვრთნელები - პირადი და ნაკრებისა. ჩემი პირადი მწვრთნელი დავით ხურციაა, რომელსაც კიდევ ორი სპორტსმენი ჰყავს ნაკრებში - დავით მარსაგიშვილი და მალხაზ ზარქუა... ამ დროს რუსეთის ნაკრებში ყველას თავისი ფსიქოლოგი და ექიმი ჰყავს.

მძიმე წონას რაც სჭირდება, იქნებ ის მჩატეებს არ მოუხდება ან სხვა დოზით უნდა გამოყენება. მაგალითად, 55 კილოგრამის ფალავანი რასაც ირბენს, მე იმდენს ვერ შევძლებ; მე რასაც ავწევ სიმძიმეს, ის იმდენს ვერ შეძლებს... ერთი სიტყვით, სხვანაირი სპეციფიკაა, რასაც მომზადებაც განსხვავებული სჭირდება.

- ჭიდაობამ სანახაობრივი მხარე დაკარგა. ამის მიზეზად რას მიიჩნევთ?
- ჯერ ერთი, ჭიდაობა ყველამ ისწავლა. ფიზიკურად იმდენად მომზადებულები ჩამოდიან, ბევრი ილეთი ვეღარ კეთდება, თუმცა წესების შეცვლამაც გამოიწვია - პერიოდებად დაყოფის გამო აქტუალური უფრო ტაქტიკური ჭიდაობა გახდა. თუმცა 2-წუთიანმა პერიოდებმა ჭიდაობა იქნებ უფრო სწრაფიც გახადა.

- შვილზეც გკითხავთ, რომელიც აქტიური ქომაგია. მას თუ მიიყვანთ ჭიდაობაზე?
- ჯერჯერობით ერთი შვილი მყავს - ნიკოლოზი, თუმცა მეორესაც ველოდები. ნიკოლოზი 2 წლისაა და ლონდონიდან რომ ვურეკავდი, სულ მეკითხებოდა - მამა, იჭიდავე? მამა, რა ჰქენი? მოჭიდავე თუ გამოვა, არ ვარ წინააღდეგი, მაგრამ იქნებ არც მივიყვანო, რადგან ეს წარმოუდგენლად დიდი შრომაა.

- ალბათ, საჭიდაო კარიერის დასრულების შემდეგ ისევ ჭიდაობაში დარჩებით...
- არ ვიცი, ჯერ ახალგაზრდა ვარ და კარიერის შემდგომ პერიოდს ჯერ არ ვგეგმავ. ჩემი ფიქრი ჯერ მომავალ ტურნირებს დასტრიალებს.

- იმედია, ბევრი სპორტსმენივით, წარმატების მოპოვების მერე საერთოდ რომ არ უჭიდავიათ, თქვენც არ შეეშვებით სპორტს და მომავალ ოლიმპიადაზეც გაგვახარებთ მედლით.
- სპორტზე გულის აცრუებას არ ვაპირებ და სხვების შეცდომებს არ გავიმეორებ, მომავალ ოლიმპიადაზე კი ჯერ მოვხვდე... ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ გამორიცხული არაფერია და ხომ შეიძლება, ტრავმა მივიღო! ჩემს წონაში კარგი ბიჭებიც მოდიან, თუმცა კონკურენცია საჭიროა და მივესალმები - ეს აუცილებელია როგორც ჩემი, ასევე მათი გაზრდისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოლიმპიელთა კომენტარები - მოძღვრის რჩევა და დავით მოძმანაშვილის რაინდობა
ქართველი მოჭიდავეები ოლიმპიადაზე: წაგებული ფინალები და ფავორიტები
დავით მოძმანაშვილი ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი ინტერვიუა. ტაიმაზოვს რაც შეეხება, მაშინვე დავწერე, ძლიერი ჩანდა-მეთქი ქართველზე და მოძმანაშვილმაც აღიარა ძალით მაჯობაო. მართლა ძლიერი ჩანდა. თითქოს არ აძლევდა რაიმეს გაკეთების საშუალებას მეტოქეს.
odala
12:24 19-08-2012
0
"მჯობნის მჯობნი არ დაილევაო" ნათქვამია. გილოცავ ამ წარმატებას ეხლა თუ ტაიმაზოვი იყო ძლიერი და მართლაც იყო, შემდეგ შენი ჯერი იქნება დავით. გეტყობა კარგი პიროვნება ხარ ღმერთმა დაგლოცოს და უფლის ფერიცვალების დღესასწაულ მრავალჯერ დაგასწროს შენს ნიკოლოზთან და ახლობლებთან ერთად
gizog
13:38 19-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული