ჩვენი ახალგაზრდების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში გამოსვლების შეფასება ამ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბატონ ნუგზარ სხირელს ვთხოვეთ.
- ზაგრებში ევროპის ჩემპიონატი უჩვეულოდ წარუმატებელი იყო ჩვენი ნაკრებისთვის. გულშემატკივარი თქვენი გუნდისგან მედლების სიუხვეს მიეჩვია, კონტინენტის წლევანდელმა პირველობამ კი არ გაამართლა.
- სეზონის დასაწყისში, საქართველოს ჩემპიონატის მერეც აღვნიშნე, რომ კონტიგენტი, რომელზე დაყრდნობითაც ამ სეზონში ჩვენი ნაკრები დაკომპლექტდებოდა, ვერ იყო ისეთი ძალის, რომელსაც ხელჩასაჭიდი წარმატების მოტანა შეეძლო. ვარაუდი
- მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი უკეთესი შედეგით დაასრულეთ.
- ევროპის მერე მე და მეორე მწვრთნელმა ჯონი ლორიამ მოჭიდავეებთან ყველაფერი დაწვრილებით გავაანალიზეთ და შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესეთ შედეგი. მაგალითად, ორი წლის წინათ ამითაც უკმაყოფილო ვიქნებოდით, მაგრამ ტაილანდში მოპოვებული ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო წლევანდელი გუნდისგან მაქსიმუმად მიმაჩნია.
- ყველაზე მოულოდნელი, ალბათ, ყველაშვილის მიერ ორივეგან მოპოვებული მედლები იყო. არადა, ადრე არსად ჩანდა.
- ჯაბა ყველაშვილი ასაკის გამო გაისად ახალგაზრდებში ვეღარც გამოვა. აქამდე კი რაიმე აღსანიშნავი წარმატება მართლაც არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, გასულ წლებში ვფიქრობდი, რომ მას ჰქონდა პოტენციალი და ნაკრების მოსამზადებელ შეკრებებზე თუ საშუალება იყო, მიმყავდა სავარჯიშოდ.
ჩანს, ამას უკვალოდ არ ჩაუვლია და წლეულს იგი ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა სრულიად დამსახურებულად, მერე კი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლებიც დაიმსახურა.
- სასიამოვნოა, რომ ტაილანდში ლაშა ტალახაძე (55 კგ) ისევ დაუბრუნდა კვარცხლბეკს შარშანდელი ჩავარდნის მერე.
- ორი წლის წინათ ლაშამ 50 კგ-ში ევროპაზე ბრინჯაოს, მსოფლიოზე კი ვერცხლის მედლები მოიპოვა. შესაბამისად, შარშანაც თითქოს ლოგიკური უნდა ყოფილიყო მისგან წარმატების მოლოდინი, მაგრამ ამ სპორტსმენს წონის კლება გადაულახავ პრობლემად ექცა. 50 კგ-ში უდიდესი გაჭირვებით იკლებდა, 55 კგ-ში ლადო ხინჩეგაშვილი იყო. ამიტომ მან შარშან ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. ამ სეზონში კი ტალახაძემ უკვე 55-ში აინაცვლა და საქართველოს ჩემპიონობას ტაილანდში ვერცხლის მედალიც მიაყოლა.
თუ მან ეს წონა შეინარჩუნა, მერწმუნეთ, რომ ერთ-ორ წელიწადში საქართველოს ნაკრების ლიდერთა შორის დაიმკვიდრებს ადგილს.
- შარშანდელი გამარჯვებების ფონზე წლეულს გენო პეტრიაშვილის გამოსვლით თუ ხართ კმაყოფილი?
- გენოს რომ ბევრი შეუძლია, ამაზე ზედმეტადაც მიმაჩნია ლაპარაკი. იგი ჩემი და საერთოდ, ქართული საჭიდაო სკოლის ახალი დიდი იმედია და მჯერა, რომ გაამართლებს კიდეც. პეტრიაშვილი ჯერ 18 წლისაა. ზუსტად ევროპის ჩემპიონატისას სკოლაში გამოცდები ჰქონდა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კი უკეთ მოემზადა და ბრინჯაოც მიიღო.
ნიშანდობლივია, რომ ის ერთადერთი წაგებული შეხვედრაც მინიმალური სხვაობით დათმო. არადა, მეორე პერიოდში ისეთი განწყობით გავიდა, რომ რუსი მოწინააღმდეგე ქულის აღებისას ხალიჩიდან კი არა, საერთოდ არენიდან იატაკზე მოისროლა - სამკურნალოც გახდა.
პეტრიაშვილი ძალიან აგრესიული, შემტევი სტილის ათლეტია. სულ მოძრაობს, არ ჩერდება ხალიჩაზე, თითქმის არ იღლება. გორში მის წონაში სპარინგ-პარტნიორების სიმცირეა და გადავწყვიტეთ, რომ უახლოეს მომავალში, კვირაში რამდენიმე დღე დედაქალაქში ივლის სავარჯიშოდ.
- ოქრომდე ერთი ნაბიჯი დააკლდა კოტე ხაბალაშვილს, რომელიც ყველაშვილის და პეტრიაშვილის დარად, გორის დარბაზის აღზრდილია.
- ხაბალაშვილს ზაგრებშიც უნდა მიეღწია მედლამდე, მაგრამ ზედიზედ სამი შეხვედრის ბრწინვალედ მოგების მერე ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ მესამე ადგილისთვის ერთი და იგივე შეცდომების მიზეზით დათმო. ამაზე სიღრმისეულად ვიმუშავეთ და ტაილანდში მსგავსი აღარ განმეორებულა, მაგრამ ფინალში გადასასვლელის მოგება ისე იზეიმა, მომეჩვენა, თითქოს გადამწყვეტ შეხვედრაში სათანადოდ ვეღარ იყო განწყობილი.
- კვარცხლბეკს მიღმა დარჩენილებზეც გვითხარით...
- მათგან ნაწილს აქვს პოტენციალი, კიდევ მოუმატოს და გაისად უკეთ წარმოაჩინოს თავი, მაგრამ რაც ამ ეტაპზე აჩვენეს, მედლებამდე ვერ მივიდოდნენ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსაჯობა მსოფლიოს ჩემპიონატზე თითქმის იდეალური იყო. მათ არათუ ჩვენი შეგირდები არ დაუჩაგრავთ, ყველასთან მიმართებაში ობიექტურად მოქმედებდნენ.
- ნაკრები უკანასკნელ წლებში ყოველ სეზონს უკრაინის და თურქეთის ტურნირებით ასრულებს...
- მომდევნო წლის გუნდის შემადგენლობის კონტურები აღნიშნულ შეჯიბრებებზე იკვეთება ხოლმე, თუმცა, სამწუხაროდ, ამჯერად მიზეზთა გამო ვერ ხერხდება იქ გამოსვლა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა: კვლავაც უგვირგვინო წარმატება