შუა სეზონში კი ეს გორელი ფალავანი ტაილანდში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ვერცხლის მედლით მკერდდამშვენებული დაბრუნდა.
დაგვეთანხმებით, რომ ასეთი შედეგები საკმაო საფუძველია 20 წლის წარმატებული სპორტსმენის მკითხველისთვის ახლოს გასაცნობად. ხაბალაშვილს გორის დარბაზში მწვრთნელ ნუგზარ სხირელთან ერთად ვესაუბრეთ.
- ვიდრე ახალგაზრდებში გადმოვიდოდი და ნაკრებშიც მოვხვდებოდი, ჭაბუკთა შორისაც მქონდა გარკვეული წარმატებები, როგორც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ისე მის გარეთ. გამოსარჩევი კი ჭაბუკთა ევროპის
წლეულს ნიშანდობლივი იყო სეზონის საქართველოს ჩემპიონობით დაწყება და დამთავრება, ოღონდ ჯერ ახალგაზრდებში და შემდეგ დიდებში.
რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი უფრო ძნელი მისაღწევი აღმოჩნდა, მაგრამ არა შეუძლებელი. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ჩვენი წონითი კატეგორიის ფავორიტის, გამოცდილი კობა კაკალაძის ძლევა ნახევარფინალში.
გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ისევე, როგორც ახალგაზრდულ ჩემპიონატში, კვლავაც მე და ზურაბ იაკობაშვილი შევხვდით.
ორივე ფინალი ჩემი წარმატებით დასრულდა, თუმცა საკუთარი თავის მიმართ მუდამ კრიტიკულად ვარ განწყობილი და ამ შემთხვევაშიც არ მავიწყდება, რომ იაკობაშვილთან ფინალებში თანაბარი პაექრობებისას ბურთულის ამოღებისას იღბალი ჩემს მხარეს იყო. უნდა აღვნიშნო, რომ 66 კგ, კონკურენციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე რთული წონა აღმოჩნდა.
- თქვენს წონაში უშუალოდ გორის დარბაზშიც არ არის იოლი, იყო გამორჩეული.
- გეთანხმებით. ამ წონაში, ჩემ გარდა, თენგიზ ჩოჩიშვილი, დავით ბერძნიშვილი, გიორგი ბალიაშვილი ჭიდაობენ, რომელთაც ყველა ანგარიშს უწევდა უშუალოდ საქართველოს ჩემპიონატზეც.
წლების განმავლობაში ამ წონის ფავორიტ ოთარ თუშიშვილის წასვლით ყველას გაცილებით დიდი შანსი მოგვეცა პირველობისათვის და მიხარია, რომ მე უკეთ გამოვიყენე ეს შანსი.
- წლეულს უცხოეთის ასპარეზზე შენს გამოსვლასაც შევეხოთ.
- ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე გაცილებით უკეთ გამოვედი, ვიდრე ამ ოფიციალური შეჯიბრებების წინა მოსამზადებელ საერთაშორისო ტურნირებში. ივნისში, ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე, ახლოს ვიყავი კვარცხლბეკთან და დასანანი მარცხის გამო მე-5 ადგილით დაკმაყოფილება მომიწია.
სექტემბერში, ტაილანდის მსოფლიოს პირველობისათვის შეკრებაზე კი მწვრთნელებთან ერთად კარგად გავაანალიზე ხარვეზები და უკეთაც გამოვედი, რადგან მხოლოდ ფინალი დავთმე, მაგრამ ისიც მინიმალური სხვაობით.
ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურად სათანადოდ მომზადებული ვერ გავედი რუს ყურბანალიევთან. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ვიცეჩემპიონობა, ცხადია, ურიგო შედეგი არაა, თანაც ამ ასაკში ჯერ კიდევ მაქვს დრო, უმაღლეს მწვერვალს მივაღწიო.
მომავალი წლიდან საქართველოს მორიგ ახალგაზრდულ პირველობაზე ჭიდაობით დავიწყებ სეზონს. საკუთარი ტექნიკური და ტაქტიკური დონის ასამაღლებლად სამუშაო ბევრი მაქვს. საბედნიეროდ, ტრავმების მხრივ პრობლემებს დიდი ხანია, არ ვუჩივი და არც მიზანდასახულობა მაკლია. ამიტომ მომავალში უფრო დიდი წარმატებების იმედი მაქვს.
ნუგზარ სხირელი: "კოტე მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ იმის გამო ვერ გახდა, რომ გამოცდილება აკლდა. ამ ახალგაზრდა ფალავანს აშკარად ეტყობა, რომ სამომავლო პერსპექტივა აქვს. გარდა ამისა, იგი შრომისმოყვარეა.
კოტეს ძალიან მოწესრიგებული სუნთქვა აქვს ხალიჩაზე და შეხვედრის განმავლობაში შეუძლია შეუსვენებლად იბრძოლოს, შესაბამისად, მოწინააღმდეგესაც არ მისცეს მოსვენების საშუალება და დაღალოს. მსუბუქი წონები, მოგეხსენებათ, გორის დარბაზისთვის ტრადიციულად წარმატებულია.
მინდა აღვნიშნო, რომ 66 კგ-ში განსაკუთრებით კარგი თაობა გვყავს, რაშიც ოთარ თუშიშვილსაც მიუძღვის წვლილი.
ამ ტიტულოვანი ფალავნის გვერდით ვარჯიში ნებისმიერ ახალგაზრდას წაადგებოდა. თანაც ოთარს ყოველთვის ახასიათებდა თანადარბაზელებისთვის გამოცდილების გაზიარება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"