ოთარ თუშიშვილი - გზა გავლილი და გასავლელი

AutoSharing Option
ტიტულოვანი ფალავნის, გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ თუშიშვილის კარიერა 1993 წლიდან იწყება.

იქიდან მოყოლებული, მან ჭიდაობის ქომაგს უდიდესი შრომისმოყვარეობით, მიუხედავად ტრავმებისა, შეუპოვრობით დაამახსოვრა თავი და არაერთი მედლით გაიმდიდრა პირადი კოლექცია.

ახლა, როცა კარიერა დაასრულა, ჭიდაობაზე შეყვარებული ადამიანი აქვე რჩება და მწვრთნელობის დაწყებას აპირებს.

დღეს იგი "ლელოს" მკითხველებს თავისი მრავალწლიანი და საინტერესო სპორტული ცხოვრების შესახებ მოუთხრობს.

- ჭიდაობა ჩემთვის იყო მთავარი საზრუნავი და საფიქრალი განვლილი ცხოვრების წლებში. ყველა სამომავლო გეგმას ერთი შეჯიბრებიდან მეორემდე მზადების პროცესს ვუთმობდი, რაიმე მიზეზის გამო გაცდენილ ერთი
დღის ვარჯიშსაც კი ვინაზღაურებდი.

უნდა აღვნიშნო, რომ ოჯახშიც თავიდანვე ხელს მიწყობდნენ, რომ საყვარელი საქმისთვის არაფერი მომეკლო. დასაოჯახებლადაც კარიერის მიწურულსღა მოვიცალე...

- სპორტში პირველ ნაბიჯებს როგორ გაიხსენებდი?
- თავდაპირველად მამამ ჩემი უფროსი ძმები მიიყვანა ნუგზარ სხირელთან სავარჯიშოდ. ასაკით პატარას და ფიზიკურად სუსტს მე არ მაჩქარებდნენ, თუმცა თავად ვიაქტიურე და ვარჯიში დავიწყე.

ძმებიდან უფროსი საქართველოს ჩემპიონი იყო კადეტებში, შუათანამ მალე დაანება სპორტს თავი, მე კი ჭიდაობის გარეშე ყოფნა აღარ შემეძლო.

- ტრავმები ხშირად გდევდა...
- მართლაც სულ თან მდევდა ტრავმები. ახლობლები მუდამ მახსენებდნენ, რომ ხშირმა ტრავმიანობამ ჯანმრთელობა შემირყია და ჭიდაობასთან გამოთხოვებაზე მეფიქრა. გარკვეულ ეტაპზე მეც ვეთანხმებოდი, მაგრამ ცოტა გამოვკეთდებოდი თუ არა, მთავარი საფიქრალი ისევ მოახლოებული შეჯიბრებისათვის მზადება ხდებოდა.

- პირველი წარმატება გაიხსენე...
- 1993 წელს საქართველოს კადეტთა ჩემპიონატზე ფინალში ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხე - გვარად ბაბლუანი. ამ გამარჯვებით ადგილი დავიმკვიდრე ნაკრებში და გამეხსნა საერთაშორისო ასპარეზი, სადაც იმავე წელს კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გავხდი.

- 90-იან წლებში მოასპარეზე სპორტსმენთა კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა არასასურველმა სამწვრთნელო და საშეჯიბრო პირობებმა...
- ამ ვითარებამ, ბუნებრივია, ჩემზეც იმოქმედა. დარბაზებში ძალიან ცუდი სავარჯიშო პირობები იყო, ნაკრები გუნდები ხშირად ვერ მიდიოდნენ შეჯიბრებებზე და თუ მიდიოდნენ, ფინანსური პრობლემების გამო უმეტეს შემთხვევაში არასრული შემადგენლობით.

ზოგჯერ დიდი გაჭირვებით ამა თუ იმ მასპინძელ ქალაქში ჩასულებს აწონვაზე დაგვგვიანებია. შესაბამისად, ჩვენს ნაკრებ გუნდებში არ იყო ტიტულოვან მოჭიდავეთა სიმრავლე. მაშინ წარმატებები გორის დარბაზსაც აკლდა.

ტიტულოვანთაგან გორში ვარჯიშობდნენ დათო პოღოსიანი და ზაზა ზოზიროვი. ეს უკანასკნელი 1993 წელს საქართველოდან წავიდა კიდეც. მაშინ ბევრს ეჭირა გაქცევაზე თვალი. ვისაც საკუთარი თავისთვის კარგი უნდოდა, აქედან როგორმე უცხოეთში უნდა გაეღწია.

- თავად კი ასეთი გადაწყვეტილება არ მიგიღია. 1996 წელს შთამბეჭდავი გამარჯვებებიც მოიპოვე.
- ის სეზონი საქართველოს ჩემპიონობით დავიწყე. ევროპის ჩემპიონატზე კი ყველა შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვიგე. მხოლოდ ნახევარფინალში დავკარგე ქულა, მაგრამ საპასუხოდ 11 ავიღე. ფინალში მოლდოველი სპორტსმენი დავამარცხე.

შემდეგ იყო მსოფლიოს ჩემპიონატი (პირველად ამ წელს ჩაინიშნა ფილა-ს მიერ ეს ორი ჩემპიონატი ერთ სეზონში), სადაც ტრავმით წარმატებით მივედი ნახევარფინალამდე. იქ კი უზბეკთან პაექრობისას ნატკენ სახეში იდაყვი მომხვდა და გონება დავკარგე.

საბოლოოდ შინ ბრინჯაოს მედლით დავბრუნდი. ვინც მომიგო, ჩემპიონიც გახდა. მისმა თანაგუნდელებმა გვითხრეს, რომ ოთხი (!) წლით იყო გადაცილებული დასაშვებ ასაკს. სხვათა შორის, იმ სპორტსმენს მერე მნიშვნელოვანი წარმატება აღარც ჰქონია. ამას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ მსგავსი რამ ძალიან ხშირად ემართებოდათ ასაკგადაკეთებულ მოჭიდავეებს.

- დიდებში ევროპის და მსოფლიოს სამ-სამგზის პრიზიორი ხარ. ჩემპიონობასთანაც ახლოს იყავი, მაგრამ...
- ბრინჯაოს პირველი მედალი 1999 წელს, ახალგაზრდებიდან დიდებში გადასვლისთანავე ევროპის ჩემპიონატზე მოვიპოვე და დიდი სიხარულიც განვიცადე. მართალია, მომდევნო წელსაც იგივე შედეგი გავიმეორე. ძალიან დამწყვიტა გული 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა გუანჯოუში (ჩინეთი), სადაც ფინალურ შეხვედრაში დამარცხებით ოქროს მედლის მოპოვების შანსი დავკარგე.

- ოთხი ოლიმპიადის მონაწილე ხარ. 2008 წელს მშობლიური ქალაქის ოკუპაციის დღეებში გიწევდა პეკინში ასპარეზობა.
- გორის დაბომბვა დაწყებული იყო, ბორჯომის შეკრებიდან რომ ჩავედი მშობლების ქალაქიდან გასაყვანად, თუმცა მხოლოდ დედა წავიყვანე, მაგრამ როგორც კი პეკინში გავფრინდი, ისიც უკან დაბრუნდა და მშობლები ოკუპირებული ქალაქიდან მქომაგობდნენ პეკინში.

რასაკვირველია, ბევრს ვფიქრობდი გორში არსებულ ვითარებაზე, ოჯახის წევრებზე, მაგრამ მაქსიმალური შედეგის მიუღწევლობას ამას ვერ დავაბრალებ. საჭიდაო ხალიჩაზე გასვლისას ჭიდაობის გარდა არაფერი მახსოვდა. პეკინში, მოგეხსენებათ, საბოლოოდ მესამე ადგილი დავიკავე.

- ჩავარდნები გქონდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდი...
- საკუთარი თავის რწმენამ და შრომისმოყვარეობამ გადამარჩინა, რომ 2000-2004 წლებში სპორტიდან არ წავედი. მაშინ ბევრმა ჩემზე ხელიც ჩაიქნია, ითქვა, რომ თუშიშვილის ჭიდაობა დამთავრდაო, თუმცა სულიერად არ გავტყდი. ძალიან დამეხმარა ნუგზარ სხირელიც. ვიბრძოლე და მას შემდეგ კიდევ გავხდი ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიადის პრიზიორი.

- ყველაზე უხერხულ მეტოქედ ვინ მიგაჩნდა?
- ელბრუს თედეევი! მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, უკრაინის ნაკრების წევრი. ხშირად მიეჭვიანია, დოპინგით ხომ არ ჭიდაობდა, რადგან არასოდეს იღლებოდა ხალიჩაზე. არ ჩერდებოდა და არც მეტოქეს აძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას.

რუსი მახაჩ მურთაზალიევიც ძალიან ძლიერი იყო და ბულგარელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სერაფიმ ბარზაკოვიც, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი მაქვს.

- ამას წინათ სხირელმა გვითხრა, რომ თუშიშვილს უმცროსი ასაკის მოჭიდავეებისთვის დარიგების მიცემის და მათი დადებითად დამუხტვის შესანიშნავი უნარი აქვსო.
-ვცდილობ. ჩემს ბავშვობაში ასეთ მითითებებს გამოცდილი სპორტსმენებიდან იშვიათად თუ ვინმე იძლეოდა, ერთი-ორმა თუ დამარიგა (არ ვიცი, ალბათ პატარებისთვის არ ეცალათ). მათი სიტყვები კი დღესაც მახსოვს.

ყოველთვის მინდა, დრო გამოვნახო და ბავშვებს რჩევები მივცე. დარწმუნებული ვარ, რომ უფროსის დარიგება მათ ძალიან სჭირდებათ. რაკი ასეა, როგორ დავინანებ?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული