მილიონად შეფასებული წარმატება

AutoSharing Option
ეტყობა, აზერბაიჯანელები საჭიდაო სამყაროში ყველა რეკორდის მოხსნას აპირებენ - ნატურალიზებული უცხოელების თუ სწორად დაყენებული შიდა სელექციის ხარჯზე ნაკრებებს ხომ დღითი დღე აძლიერებენ და შედეგებს ტურნირიდან ტურნირამდე უმატებენ, ახლა საპრიზო ფონდებს მიადგნენ და აქაც მოინდომეს მსოფლიოს გაკვირვება.

ამ დღეებში იქაური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით, ლონდონის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში აზერბაიჯანის მოჭიდავეთა გაერთიანებული ნაკრები 1 მილიონი დოლარით დაჯილდოვდება. ამის სურვილი მავან ბიზნესმენს გამოუთქვამს, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ოღონდ მან წარმატების საკუთარი კრიტერიუმები წამოაყენა - იქაურმა გუნდებმა თამაშებზე 10 მედალი
უნდა მოიპოვონ, აქედან ორი კი აუცილებლად ოქროსი უნდა იყოს. საბედნიეროდ, ოლიმპიურ ჩემპიონობაზე 1-მილიონიანი პრემია არ გვიკვირს - ზუსტად ამდენი მიიღეს ჩვენმა ოქროს მედალოსნებმა, რასაც ცალკეული ორგანიზაციების თუ სპონსორთა ჯილდოებიც დაემატა. თანაც, ჩვენთან თითო მილიონი თითო კაცმა მიიღო, იქ კი ეს თანხა სამ ნაკრებზეა გათვლილი, მაგრამ თავად ფაქტი, როგორც ჭიდაობის პოპულარიზაციის, სპორტსმენთა წახალისების კარგი საშუალება, მაინც მნიშვნელოვანია.

ერთი შეხედვით, 10 მედალი ცოტა უტოპიად ჩანს - იქნებ ამაზე უფრო რეალური ორი ოქრო იყოს, მაგრამ ოლიმპიადაზე, ქალების ჩათვლით, 18 წონითი კატეგორიაა (ქალებში მხოლოდ ოთხია), ანუ ერთ ქვეყანას 18 მონაწილე შეიძლება ჰყავდეს. აქედან გამომდინარე, წარმატებულ ნაკრებებს იქნებ არც გაუჭირდეთ ამდენი მედლის მოპოვება. მაგალითად, ბოლო ორი თამაშებიდან - ათენიდან და პეკინიდან რუსები ზუსტად 10-10 ჯილდოთი დაბრუნდნენ, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ამას ყოველთვის ვერც ისინი ახერხებენ, სხვა გუნდებზე კი არც ვლაპარაკობთ. თუმცა მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე აზერბაიჯანის დელეგაციამაც მოიპოვა 10 მედალი. მაშინ ისინი ჯილდოების რაოდენობით ჩამორჩნენ 12-მედლიან რუსებს, მაგრამ საერთო გუნდურ ჩათვლაში გაუსწრეს მათ. ესეც არ იყოს, აზერბაიჯანელებმა ბოლო წლებში საგრძნობლად მოუმატეს. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ მათი პროგრესი ძირითადად ნატურალიზებულთა ხარჯზე ხდება, მაგრამ უკვე ადგილობრივებშიც იმდენად ძლიერი თაობა წამოეზარდათ, ევროპა-მსოფლიოებსაც დიდი დაძაბვის გარეშე რომ იგებენ და ლეგიონერების შევიწროებასაც წარმატებით ახერხებენ. მაგალითად, ბერძნულ-რომაულში ჰასან ალიევმა (60) შარშან ახალგაზრდებში შეასრულა დუბლი, ანუ ევროპა-მსოფლიოზე გაიმარჯვა, წლეულს კი იგივე წარმატება ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო სეზონშივე გაიმეორა. შარშან მისი ჭიდაობა თბილისშიც ვნახეთ ახალგაზრდების ევროპირველობაზე, წლეულს კი სავსებით მართებულად დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო ბერძენ-რომაელად. ამავე ნაკრებში ასევე წლეულს გამოჩნდა ელჩინ ალიევი (55) და ევროპის ჩემპიონიც გახდა, `თავისუფლებში~ წარმატებული დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ ჯაბრაილ ჰასანოვსაც (66), რომელმაც ჩინებულად მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოზე კი მესამეზე გავიდა.

ახალგაზრდულიდან ეროვნულისკენ კიდევ უფრო სწრაფი ნახტომი გააკეთა ტორგულ ასგაროვმა (55) - წლეულს ორივე ასაკში მსოფლიოს პირველობის ფინალი იჭიდავა. მართალია, ორივე წააგო, მაგრამ ამას მისი რენომესთვის ჩრდილი არ მიუყენებია, ამ ფინალებამდე კი ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებში. ყურადღება მიაქციეთ - სამივე უმაღლესი დონის ტურნირი მან დროის მეტად მჭიდრო მონაკვეთში, სამ თვეში იჭიდავა! მასზე არც გადაღლამ იმოქმედა, არც - ფსიქოლოგიურმა წნეხმა, რაც ასე პრობლემურია ჩვენი ფალავნებისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან წარმატებით შეცვალა ევროპის დისკვალიფიცირებული ჩემპიონი მაჰმუდ მაგომედოვი, რომელიც სამომავლოდ იქნებ სულაც ამოაგდოს ნაკრებიდან. აქვე შეგახსენებთ მისი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეტოქეობას წლევანდელ ახალგაზრდულ ნაკრებში - ევროპული პირველობის ფინალში ასგაროვმა მოუგო ჩვენებურს, მსოფლიოზე კი ხინჩეგაშვილმა რევანში აუღო. წლეულს აზერბაიჯანელთა ნაკრებში კიდევ ერთი ახალგაზრდა, უფრო სწორად, ჯერაც მოზარდი გაჯი ალიევი (60) გამოჩნდა, რომელმაც ქვეყნის პირველობაზე სენსაცია შესთავაზა იქაურებს - იმხანად ჯერ კიდევ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოს შარშანდელი ვერცხლის და წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი, ჩეჩენი ზელიმხან ჰუსეინოვი დაამარცხა.

დაგვეთანხმებით, ასეთი მოჭიდავეების პატრონებს მართლაც შეიძლება ჰქონდეთ 10 მედლის მოპოვების იმედი. მით უფრო, აქ არც ვეტერანი აზერბაიჯანელები დაგვისახელებია და არც - ნატურალიზებული უცხოელები. არადა, ორივე სია ერთობ შთამბეჭდავია. ადგილობრივთა კოჰორტაში ბერძენ-რომაელთაგან ბრწყინავენ ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ვიტალი რაჰიმოვი (66), ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიადისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, დედით ქართველი როვშან ბაირამოვი (55) და ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, უფროსებში კი ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ელვინ მურსალიევი (74), `თავისუფლებში~ კი ასეთი მძიმეწონოსანი ალი ისაევია. მართალია, ის ეროვნებით დარგინია დაღესტნიდან და ხასავიურტში დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდან აზერბაიჯანში ცხოვრობს და მოჭიდავედაც იქ ჩამოყალიბდა. თუმცა აზერბაიჯანელთა ამ ნაკრებს ისეთი ლეგიონერები ჰყავს, ისაევზე კამათი არც ღირს - ევროპის დისკვალიფიცირებული ჩემპიონი, ზემოხსენებული ავარელი მაგომედოვი, ჩეჩენი ჰუსეინოვი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი დარგინი ჩამსულვარა ჩამსულვარაევი (74), ყარაჩაელი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ნაურუზ ტემრეზოვი (84), კიდევ ერთი დაღესტნელი, ოღონდ ავარელი ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი შარიფ შარიფოვი (84) და ამ ყველაფრის გვირგვინი, სახელოვანი ოსი, ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ხეტაგ გოზიუმოვი (96). ჭიდაობის ქომაგს შეხსენებაც არ უნდა, რომ გოზიუმოვმა ბოლო ორ სეზონში ევროპის ჩემპიონატის ფინალებიც იჭიდავა და - მსოფლიოსიც, ამ ოთხი ორთაბრძოლიდან კი სამი მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო - მსოფლიოს შარშანდელი ფინალი. ბერძენ-რომაელებს ასეთი სახელოვანი ლეგიონერები არ ჰყავთ. იქ მხოლოდ ჩვენს თანამემამულეს, ევროპის შარშანდელ პრიზიორ შალვა გადაბაძეს (84) და ამავე წონაში ირანელ მსოფლიოს პრიზიორ სამან ტახმასების თუ გამოვარჩევთ. ოღონდ ირანელმა ის ბრინჯაო მშობლიური ნაკრების სახელით მოიპოვა (სხვათა შორის, ბაქოში, 2007 წელს და, ეტყობა, მაშინ შეაყვარა თავი მასპინძლებს), ჩვენებური კი ამ ჯილდოს იქ დაეუფლა. საინტერესოა, რომ შარშან ის აზერბაიჯანელთა ერთადერთი მედალოსანი იყო ამ ნაკრებში.

წლეულს იქაურები ისევ გეგმავენ ლეგიონერთა დამატებას. ცხადია, ისეთ წონებში, სადაც შედარებით ჩავარდნა აქვთ და ჩამოთვლილთაგან ბევრს მკაცრადაც დაუქნიეს თითი, მაგრამ უფრო მეტად ქალთა ნაკრების გაძლიერებას ცდილობენ. თუმცა რაღა გაძლიერება - აქ ისედაც ჰყავთ გადაბირებული უკრაინელი მარია სტადნიკი (48) და ბელარუსი იულია რატკევიჩი (59). შარშან ორივე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ამის გარდა კი, უკრაინელმა ორჯერ მოიგო ევროპის პირველობა და ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა, ბელარუსი კი წლეულსაც მსოფლიოს ფინალში გავიდა, თუმცა ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. მათ გვერდით ადგილობრივი მოჭიდავე, მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი სონა ახმედლიც (55) სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა. ამის მიუხედავად, წლეულს იქაურებმა ორი ტიტულოვანი მოჭიდავის გადაბირება მოინდომეს - უკრაინელ მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოჰუტისა (55) და სახელოვანი ბულგარელის, ევროპის ხუთგზისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან სტანკა ზლატევასი (72), რომლის სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარსაც იხდიდნენ, მაგრამ ორივესგან კატეგორიული უარი მიიღეს.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე არცაა გასაკვირი აზერბაიჯანელთა ამბიცია ლონდონში 10 მედლის მოპოვებაზე. მით უფრო, რეალურ სპორტულ შესაძლებლობებთან ერთად მათ გავლენიან ლობის და იქაური ”ატაჰოლდინგის” მიერ საერთაშორისო ფედერაციის 5-დან 7 მილიონ დოლარამდე გაზრდილ დაფინანსებასაც თუ გავიხსენებთ.

ეტყობა, აზერბაიჯანელებმა ვერ მოინელეს პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს გარეშე დარჩენა. არადა, ამის შანსი ნამდვილად ჰქონდათ - რაჰიმოვიც და ბაირამოვიც ფინალში გავიდნენ, მაგრამ რუსებთან წააგეს. ბერძნულ-რომაულში მათი ბოლო ოლიმპიური ჩემპიონი ნაკრების დღევანდელი თავკაცი ფარიდ მანსუროვია (66), რომელმაც ათენში გაიმარჯვა, ”თავისუფლებს” კი დიდი პაუზა აქვთ - სიდნეიში ნამიკ აბდულაევის (55) წარმატების შემდეგ ამ ტიტულს დღემდე ელოდებიან.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული