მსოფლიო უნივერსიადა: თუ მეტი არ შეგვეძლო, საერთოდ რაღას მივდიოდით ყაზანში?

AutoSharing Option
ეს უკვე მეტისმეტია - ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე მეექვსე დღე მიიწურა, ჩვენს დელეგაციას კი ჯერ კინკილა ბრინჯაოც არ მოუპოვებია, თორემ ოქროს ვინღა დაეძებს...

არადა, ნელ-ნელა იწურება ჩვენთვის სტრატეგიული სახეობების რაოდენობა, სადაც კატასტროფულად გამოვდივართ. 11 ივლისის საშეჯიბრო დღეც ისე მიიწურა, მედლის მოპოვების შანსიც მხოლოდ ერთხელ მოგვეცა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. თანაც - ეს თავისუფალ ჭიდაობაში მოხდა.

ასეთი ჩავარდნა იმის მანიშნებელიცაა, რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია სპორტი ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, თუმცა თუ ამის მეტი არ შეგვეძლო, საერთოდ რაღას მივდიოდით ყაზანში?

სირცხვილია, როცა უნივერსიადაზე მედლები უკვე
54 ქვეყანას შორის ნაწილდება, მათ რიცხვში კი საქართველო არაა.

ახალი ზელანდია, მალაიზია, სენეგალი, კოტ დივუარი, ჩილე, იამაიკა, ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, თვით ვირჯინიის კუნძულებიც კი - ამათ აქვთ მედლები და საქართველოს არა, რომელიც 100-კაციანი დელეგაციითაა წასული!

თავისუფალი ჭიდაობა
11 ივლისს უნივერსიადაში "თავისუფლად" მოჭიდავეებიც ჩაებნენ ოთხი წონითი კატეგორიით და მეორედ მოგვეცა ბრინჯაოს მოპოვების შანსი, მაგრამ ვერც ამჯერად გამოვიყენეთ.

მედლის მოპოვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ ოთარ გოგავას (55) შეეძლო, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი ზედიზედ მოიგო ორი შეხვედრა - სომეხ გარიკ ბარსეგიანთან 3:1 იმარჯვა, თურქ ზია დაილაკს კი 4:0 აჯობა. ამით ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც ძლიერ მეტოქესთან, რუსთა დაღესტნელ ევროპის ჩემპიონსა და ამ ტურნირის მომავალ გამარჯვებულ ნარიმან ისრაპილოვთან 0:4 დამარცხდა.

სამწუხაროდ, მობილიზება ვერც დამამშვიდებლის ფინალში შეძლო და იაპონელ ფუმიტაკა მორიშიტასთან 1:3 წააგო.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან პირველი წრე გიორგი მეშვილდიშვილმა გადალახა, რომელიც ამჯერად მძიმე წონაში გამოვიდა - პოლონელ რობერტ ბარანს 4:1 მოუგო, მერე კი ამერიკელ ტურელ ფორტუნესთან 0:4 წააგო.

დარჩენილი ქართული დუეტი პირველივე წრიდან გამოვარდა: აკაკი მოწონელიძე უზბეკ იხტირ ნავრუზოვთან 0:5 დამარცხდა, რევაზ ივანიშვილს კი უნგრელმა იშტვან ვერებმა 3:1 სძლია.

ძიუდო
ქართველ ძიუდოისტებს თითქოს პირად პირველობაში მარცხი არ ეყოფოდათ (მთელი ნაკრების მონაგარი მხოლოდ ორი მოგებაა), 11 ივლისს ვერც გუნდურ პირველობაში ივარგეს - პირველ წრეში ლატვიას 4:1 კი მოუგეს, მაგრამ მეორეში გერმანიასთან 2:3 წააგეს და უსახელოდ გამოვარდნენ.

თუმცა ამის მიზეზი კაცნაკლულობაცაა - მძიმე წონაში მონაწილე არ გვყავდა, რადგან ლევან მატიაშვილმა 20-21 ივლისს მოსკოვში უნდა იჭიდაოს "დიდ მუზარადზე" და ამიტომ პირად პირველობაში გამოსვლის დამთავრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. შედეგად, ყაზანში ჩვენებმა ორივე შეხვედრა 4 კაცით ჩაატარეს.

ლატვიასთან ადრევე გაინაღდეს მოგება, გერმანელებმა კი ამდენი არ დაგვანებეს და 2:2-ზე მეტოქეს უბრძოლველად დაუთმეს მოგება.

თავიდან ვანო თოთლაძემ ორი ვაზარის ხარჯზე მოპოვებული წმინდა მოგებით დააწინაურა თანაგუნდელები, მაგრამ მერე ფრიდონ გიგანი და შალვა ნინიძე დამარცხდნენ - 1:2 გერმანელთა სასარგებლოდ. დავით კარბელაშვილმა იპონით ანგარიში 2:2 გახადა, მაგრამ მეხუთე შეხვედრაში დინო პფაიფერთან მონაწილე არ გვყავდა.

ჭადრაკი
ყაზანში მსოფლიო უნივერსიადაზე 11 ივლისს მოჭადრაკეებმა მე-4 ტურის შეხვედრები გამართეს.

წარმატებით ითამაშა საქართველოს ჩემპიონმა გაიოზ ნიგალიძემ, რომელმაც საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე უკრაინელი მარტინ კრავცივი დაამარცხა შავი ფიგურებით და 3,5 ქულით ლიდერთა შორისაა.

მეწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ვლადიმირ ონიშჩუკი (უკრაინა) - ჩაო ლი (ჩინეთი) 0,5:0,5, უესლი სოუ (ფილიპინები) - ანდრე ბორიშპოლეცი (უკრაინა) 1:0, ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი) - იაჩეკ ტომჩაკი (პოლონეთი) 1:0, ვოიჩეჰ მორანდა (პოლონეთი) - რობერტ ჰოვანესიანი (სომხეთი) 0,5:0,5, მაქსატ ათაბაიევი (თურქმენეთი) - ძუნ მა (ჩინეთი) 0:1, კრისტოფ ბულსკი (პოლონეთი) - იანჩაო ჩჟოუ (ჩინეთი) 0:1, 3,5-3,5 ქულით ნიგალიძე, ონიშჩუკი, ჩაო ლი, უესლი სოუ, ანდრიასიანი, ძუნ მა და ჩჟოუ ლიდერობენ.

გიორგი მარგველაშვილმა ფარიდ ფირმანი (ინდონეზია) დაამარცხა და 3 ქულას მოუყარა თავი.

გოგონებში სოფიკო გურამიშვილმა თეთრი ფიგურებით ოლგა გირიასთან წააგო. მერი არაბიძე - ლიზა სოლოვიოვა (უკრაინა) 1:0, სალომე სირაძე - მადინა დავლეტბაიაევა (ყაზახეთი) 0:1.

ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ რუმინელი ირინა ბულმაგა დაწინაურდა, რომელმაც 11 ივლისს მონღოლი ბათჰუიაგ მონგონთუული დაამარცხა. გურამიშვილსა და არაბიძეს 2.5-2.5, სირაძეს კი 1,5 ქულა აქვთ.

წყალბურთი
11 ივლისს წყალბურთელთა ჯგუფურ ტურნირში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. კვლავ დამარცხდა საქართველოს ნაკრები, ამჯერად მასპინძლებთან - 3:21.

A ჯგუფში დანარჩენი ორი პაექრობა ასე დასრულდა: იაპონია - უნგრეთი 10:13, ავსტრალია - კანადა 20:3.

საბოლოო ცხრილი: რუსეთი - 10 (78:33), უნგრეთი - 8 (71:34), იაპონია - 6 (91:47), ავსტრალია - 4 (58:44), კანადა - 2 (28:91), საქართველო - 0 (24:101).
B ჯგუფი. სერბეთი - ბელგია 22:2, ბრაზილია - ჩერნოგორია 7:6, აშშ - იტალია 6:7.
საბოლოო ცხრილი: იტალია - 8 (63:37), სერბეთი - (61:28), აშშ - 5 (47:34), ბრაზილია - 5 (52:42), ჩერნოგორია - 4 (56:39), ბელგია - 0 (13:112).
თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4-4 გუნდი გავიდა, რომლებიც ასე დაწყვილდნენ: იტალია-ავსტრალია, უნგრეთი-აშშ, სერბეთი-იაპონია, რუსეთი-ბრაზილია.

ირაკლი თავაძე, ვაჟა დანელია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მატიაშვილმა საქართველოს უნივერსიადა რომ არ იჭიდავა და არ ეკუთვნოდა წასვლა,რატომ წაიყვანეს?ზაქარიაძე უფრო იბრძოლებდა.
ogama
20:29 12-07-2013
0
ხო,აბა მატიაშვილმა ყაზანში გაუარა ყველას და მოსკოვშიც უნდა გვასახელოს,,,,,,,მეტი არაა ჩემი მტერი!
ogama
20:27 12-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული