აღმაშფოთებელი ფაქტი ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა სოფიაში, ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე - 17 აგვისტოს, თავისუფალ სტილში მოასპარეზეთა ტურნირში, პროტესტის ნიშნად ირანელი ალირზა კარიმაჯიანი (84) ებრაელ ოპირ აბრაჰამ ბერნშტაინთან საჭიდაოდ არ გავიდა.

თუმცა ამით ბერნშტაინს არაფერი დაჰკლებია - მოგვიანებით ფინალშიც იჭიდავა და ვერცხლიც მოიპოვა, აი, ირანელი და მისი ფედერაცია კი, სავარაუდოდ, სერიოზულ სკანდალში გაეხვევიან.

იხეირეს აზერბაიჯანელებმაც, რომლებმაც გუნდურ ჩათვლაში მესამედან მეორე ადგილზე აინაცვლეს.

საქმე ისაა, რომ მათ რუსების გარდა, ირანელებიც უსწრებდნენ, თუმცა კარიმაჯიანის დემარშის შემდეგ აზიელებს 6 ქულა დააკლეს და აზერბაიჯანელებმაც გადაუსწრეს.

ირანისა და
ისრაელის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სპორტი პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება.

ვინ იცის, იქნებ მსგავსი ფაქტები ხშირად არც გამოდის საზოგადოების სამსჯავროზე, მაგრამ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა ტურნირში მოხდა - მაშინ ირანელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მართლაც ძლიერი სპორტსმენი არაშ მირესმაილი (66) ისრაელის წარმომადგენელთან საჭიდაოდ არ გავიდა.

მართალია, კულუარებში დაირხა ხმები, რომ ირანელი წონას ვერ აბარებდა, ანუ ზედმეტ წონას ვერ იკლებდა, თუმცა თავის ქვეყანაში გმირად დაბრუნების შანსი მაინც გამოიყენა და ებრაელთან საჭიდაოდ გასვლა იუარა.

ოღონდ კარიმაჯიანისგან განსხვავებით, მან მაშინვე ახსნა, რომ პროტესტის მიზეზი მეტოქის ეროვნება იყო.

კარიმაჯიანს ამჯერად განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა, სავარაუდოდ, სასჯელს ვერ გადაურჩება.

ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე 84 კილოგრამის მონაწილეთა შორის მისი გვარი 19 აგვისტოს უკვე აღარ ფიგურირებდა - წესისამებრ, მას მაშინვე მისცემდნენ დისკვალიფიკაციას, თუმცა ვგონებთ, მხოლოდ ეს არაა საკმარისი და ირანის ფედერაციაც უნდა დაისაჯოს.

ბუნებრივია, ასეთი ძლიერი სკოლის იზოლირება და საერთაშორისო არენიდან ჩამოცილება ჭიდაობას კარგს არაფერს მოუტანს - ისედაც გადასარჩენად გაუხდა საქმე და ლამისაა, ოლიმპიადიდანაც ამოიღონ, მაგრამ არც ასეთი ტენდენციების წაყრუება აუმაღლებს იმიჯს.

ამასთან, ირანმაც როდემდე უნდა იცუროს დინების აღმა? მსგავსი ფაქტები ხომ 21-ე საუკუნის მაჯისცემას არაფრით შეეფერება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბინძური მსოფლიო! არ გამოცხადდა და წაგება ჩაუთვალე დისკვალიფიკაცია რა შუაშია!
0
იქნებ აზერებმა გამაზეს,რა ფული არ აქვთ თუ?
sano
13:34 20-08-2013
0

სიახლეები პოპულარული