ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ბოლო აკორდი - "თავისუფლებს"

AutoSharing Option
ფოტოზე: ევროპის პრიზიორი შმაგი თოდუა მედლის მოპოვებას მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეეცდება

სერბულ ზრენჯანინში გრძელდება მსოფლიოს პირველობა ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის, რომელსაც ამ უქმეებზე "თავისუფლები" დაასრულებენ.

24 აგვისტოს ჩვენგან საჭიდაოდ მხოლოდ ოთხი ფალავანი გავა, რადგან მეხუთე წონაში - 42 კილოგრამში ემზარ ბედინეიშვილს არავინ წაუყვანია. არადა, ევროპის წლევანდელ პირველობაზე ამ წონაში წარმატებით გამოვედით - ალექსანდრე კილაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ მსოფლიოსთვის წონის დაკლება ვერ შეძლო, არც მისი სრულფასოვანი შემცვლელი გვყავდა და ამიტომ ეს წონა საერთოდ გამოვტოვეთ.

შაბათს ჩვენგან ირაკლი მხეიძე (50), რამაზ ზოიძე (58),
ტარიელ გაფრინდაშვილი (69) და ვაჟა ომარაშვილი (85) იასპარეზებენ.

მხეიძე ამ ტურნირის დებიუტანტია და პირველ წრეში უნგრელ რიჩარდ ვილჰელმს დაეჭიდება, ვინც ევროპის პირველობაზე ძალზე სუსტად გამოვიდა - ბოლო ადგილზე დარჩა. ჩვენებურს მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში სავარაუდო მეტოქედ აზერბაიჯანელი ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი მაჰირ ამირასლანოვი ელოდება, მასთან ბრძოლა კი არ იქნება იოლი.

გაფრინდაშვილი ჩვენს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია და წლეულს ევროპირველობაზე ერთი მოგება დააკლდა ბრინჯაომდე.

ზრენჯანინში ის პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ვენესუელელ შალონ ველეგასს დაეჭიდება. ძლიერი კონკურენტი არც მეორე შეხვედრაში ელოდება - ამერიკელი ჯონ ჯაი ჩავესი ან სამხრეთ აფრიკელი პიტერ როეცი. სამაგიეროდ, ბადის მისსავე ნახევარშია სომეხი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ტიგრან მნაცაკანიანი - სწორედ მასთან დამარცხდა პირველობის ნახევარფინალში. ამავე მხარესაა რუსეთის წარმომადგენელიც, ოღონდ მათ ნაევროპალი მონაწილე შეცვალეს - ნიკიტა სუჩკოვის ნაცვლად (ჩვენებურმა მასთან წააგო ბრინჯაოსთვის პაექრობა) ახლა ტიმურ ბიზოევს აჭიდავებენ.

ომარაშვილს პირველ წრეში წილისყრამ მოლდოველი დმიტრი ცეაცუსტა არგუნა, თუმცა არც ბოლომდე გაუღიმა - მის ჯგუფშია ევროპის აზერბაიჯანელი მოქმედი ჩემპიონი ნურმაგომედ გაჯიევი - მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება.

სამწუხაროდ, ზოიძის მეტოქეებზე ოფიციალური საიტის გაუმართაობის გამო ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ის ევროპის წლევანდელი პრიზიორია.

25 აგვისტოს ლეიბზე კიდევ 5 ქართველს ვიხილავთ: შმაგი თოდუა (46), გიორგი ყაზარაშვილი (54), ედუარდ ნიკოლიშვილი (63), გიორგი გიორგობიანი (85) და გივი მაჭარაშვილი (100).

ყაზარაშვილის გარდა, ამათგან ყველამ იჭიდავა ევროპის პირველობაზე, თუმცა მედალი მხოლოდ თოდუამ მოიპოვა - მესამეზე გავიდა. მსოფლიოსთვის ბედინეიშვილს მთელ რიგ წონებში სურდა მონაწილეთა შეცვლა, თუმცა სპორტულ პრინციპს არ უღალატა და რადგან ძველმა ლიდერებმა საკონტროლო შეხვედრებში თუ საერთაშორისო ტურნირებში აჯობეს კონკურენტებს, ნაკრებშიც დატოვა.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ შარშან ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატში 1 ოქრო მოიპოვა - მას ქუთაისელი ომარ გურჯიძე (69) დაეუფლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული